რეზონანსი
(28.11.2025)

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართული სასამართლო არის მოწოდების სიმაღლეზე და განაჩენი, რომელიც იქნა გამოტანილი, იყო აბსოლუტურად სწორი, ის პოლიტიკური სპეკულაციები კი, რასაც ვისმენდით აღნიშნულ და სხვა საქმეებთან დაკავშირებით, იყო ფარსი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. ის გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ადამიანები, რომლებიც დანაშაულს სჩადიან, ცდილობენ, მანიპულირებას და გარკვეულ სტატუსს ამოეფარონ.

„ეს არ არის პირველი საქმე, რომელიც არ მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, თუნდაც მიღებული რომ ჰქონდეს, რჩება ხოლმე ძალაში ის განაჩენი, რომელსაც ქართული სასამართლო იღებს. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ასეთი ფაქტი გვახსოვს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი, რომელიც სჩადის დანაშაულს, ხშირ შემთხვევაში, ახდენს ხოლმე მანიპულირებას მისი პოლიტიკური სტატუსის მეშვეობით, ან შესაძლოა, ვინმე ჟურნალისტი იყოს და ა.შ. ყოველთვის ცდილობენ, რაღაც სტატუსს ამოეფარონ, მაგრამ კანონი ყველასთვის ერთია და პასუხი უნდა ვაგოთ კანონის წინაშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, შესაძლოა, ქართული სასამართლო არ არის საუკეთესო, თუმცა როგორც ცა და დედამიწა, ისეთი სხვაობაა იმასთან შედარებით, რაც 2012 წლამდე იყო.

„რეფორმები გრძელდება, რა თქმა უნდა, არავის მოსწონდა სასამართლო, როგორიც იყო 2012 წლამდე. ნახეთ სტატისტიკა, რა იყო მიღებული შედეგები, ამის ამოღება ძალიან მარტივია. დღეს არის აბსოლუტურად განსხვავებული სასამართლო. შესაძლოა, საუკეთესო არ იყოს ქართული სასამართლო, თუმცა, როგორც ცა და დედამიწა, ისეთი სხვაობაა, რაც იყო 2012 წლამდე და რა ვითარებაც დღეს გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ მივისწრაფვით, რეფორმებს ვახორციელებთ ყველა მიმართულებით, მათ შორის სასამართლოც ყველაფერს აკეთებს, რომ იყოს მოწოდების სიმაღლეზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე