ოპოზიციურად განწყობილი მოექსპერტო ადამიანები „ნაცმოძრაობასა“ და "ქართულ ოცნებას" შორის ტოლობის ნიშნის დასმას ცდილობენ
თამარ ვეფხვაძე
(27.11.2025)

კაპიტალის ბაზრის ექსპერტ-ანალიტიკოსი მარინა გულედანი სრულიად მოულოდნელად აცხადებს, რომ დღეს საქართველოში ბიზნესის თავისუფლებაზე საუბარი მითია. მეტიც, თურმე, ქალბატონ მარინას იმედი ჰქონდა, რომ „ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაზე“ მსხვილი ბიზნესი ხმას ამოიღებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად - მსხვილ ბიზნესს ისე ეშინია, რომ „ავიწროვებენ“, ოღონდ ხმას ვერ იღებს. სწორედ ამ დროს ბიზნესის თავისუფლების ინდექსის თვალსაზრისით, საქართველო რომ რეგიონის ლიდერია და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასაც უსწრებს. ამის იგნორირება კი უბრალოდ თვათმაქცობაა.

ვინაიდან აქციებზე ხალხი შეთხელდა, ოპოლიდერებმა და მათმა საერთაშორისო დამფინანსებლებმა გადაწყვიტეს, ხელისუფლებას იქ „დაარტყან“, რითაც 13 წლის წინ, მაშინდელ რეჟიმზე გაიმარჯვა. თუმცა ახლა ასე არ გამოვა, რადგან სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, როცა ბიზნესს მართლაც ავიწროვებდნენ, ბიზნესმენებს ხელებს უგრეხდნენ და აპატიმრებდნენ, აწამებდნენ, დ

ილის 4-5 საათზე, საკუთარი ნოტარიუსები შეჰყავდათ და ოჯახის წევრების შანტაჟით, მუქარით, ქონებას ართმევდნენ, ეს ბიზნესმენები იმდენს „ახერხებდნენ“, რომ ჩვენთან - ჟურნალისტებთან ამაზე საუბრობდნენ. ჰოდა, ახლა, როცა ბიზნესს არავინ ემუქრება, როცა კეზერაშვილი ფინანსურ პოლიციას არ ხელმძღვანელობს, გაუგებარია, ბიზნესს რატომ და ვისი უნდა ეშინოდეს?   

მიუხედავად ამისა, ექსპერტ-ანალიტიკოსი მარინა გულედანი ამბობს, რომ არანაირად არ არის ბიზნესი თავისუფალი, ძალიანაც დაკაბალებულიაო: „მათ ძალიან კარგად იციან, რომ პოსტ-ფაქტუმ დაისჯებიან ხმის ამოღებაზე, ამის სიგნალები და მაგალითები გვაქვს... პატარა ქვეყანაა საქართველო და ყველა ვხედავთ, რა ხდება, ხომ?! ყველას გვყავს ვიღაცა დიდი ბიზნესის ან დამფუძნებელი ან დირექტორი მეგობარი, ან ნაცნობი და ვხედავთ, როგორ იქცევა ეს ხალხი, ხომ?! ანუ ძალიან თითზე ჩამოსათვლელია დიდი ბიზნესის წარმომადგენელი, ვინც მოახერხა და ხმა ამიღო - დიდი პატივისცემა მათ“, - ასეთია მარინა გულედანის პოზიცია, რომელიც "ბიზნეს მედია ჯორჯიას" ეთერში გაახმოვანა. 

მართალია, ქალბატონი მარინა არ აკონკრეტებს, დიდი ბიზნესის რომელ თითო-ოროლა წარმომადგენელს უხდის მადლობას ხმის ამოღების გამო, მაგრამ ეს ისედაც ყველასათვის ნათელია - „კოკა-კოლას“ თემურ ჭყონიასა და „სადიას ბარკლების“, ასევე ბანანების იმპორტიორ ფადი ასლის. რა თქმა უნდა, სხვებსაც, მაგრამ თემურ ჭყონიასა და ფადი ასლიზე ვიტყვით -ბიზნესმენებზე, რომლებსაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ხმა არ ამოუღიათ მათივე კოლეგების განადგურებაზე, ძარცვაზე, შანტაჟზე, წამებაზე, პატიმრობაზე. ჰოდა, ერთი ირიბად ნათქვამი, გადაკრული სიტყვაც რომ არ გვახსოვს, დღეს რა ლაღები და თამამები არიან ბრტყელ-ბრტყელ შეფასებებში, ატყობთ, ხომ? რატომ? პასუხი აქაც მარტივია - არავინ დასჯის განსხვავებული აზრის გამო და იმიტომ!

ახლა მთავარი, ანუ ის, რაც ქალბატონმა ექსპერტ-ანალიტიკოსმა არ აღნიშნა და არც არავინ შეახსენა. შორს რომ არ წავიდეთ, სულ ბოლო რეიტინგს გაგაცნობთ, რომლის თანახმადაც, სტაბილური ბიზნეს-რეგულაციებით, საქართველოს მთავრობა მსოფლიო რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა და ევროპის საუკეთესო შვიდეულშია.

„ჩენდლერის ინსტიტუტი, კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სტაბილური ბიზნეს-რეგულაციების რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე: რამდენად უზრუნველყოფს მთავრობა ბიზნესის კეთებისთვის სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს. გლობალურ გამოკვლევაში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოს რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-15 პოზიციაზე მოხვდა და ევროპის საუკეთესო შვიდეულში გამწესდა“, - აღნიშნულია კვლევაში. 

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ექვს ქვეყანას, OCED-ის, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 33 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია, კანადა, საფრანგეთი, იტალია, შვედეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი, ისრაელი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა. ევროპის საუკეთესო შვიდეული კი ასე ჩამოყალიბდა: შვეიცარია, ლუქსემბურგი, ფინეთი, დანია, ირლანდია, ნორვეგია და საქართველო.

მთავარია ფაქტები და მყარი არგუმენტები, განსაკუთრებით, როდესაც ბიზნესის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ. სწორედ ეს აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ. მისი თქმით, როდესაც ბიზნესის შეზღუდვაზე ვსაუბრობთ, ეს მყარად დადასტურებული, კონკრეტული ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეული ექსპერტების ან მოექსპერტო ადამიანების ინსინუაციებია. 

„თუ ბიზნესი შეზღუდულია, ეს ხომ საერთაშორისო რეიტინგებშიც უნდა იყოს ასახული? კვლევებს ბიზნესის თავისუფლების მიმართულებით, ატარებს არაერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, მსოფლიო ბანკი, ასევე ევროპის კომისია, რომელიც ყოველწლიურ მოხსენებს აკეთებს მთავრობის მართვის ეფექტიანობაზე, კორუფციაზე, ბიზნესის თავისუფლებაზე. ეს შეფასებები და კვლევები რომ ნახოთ, ბიზნესის თავისუფლების კუთხით, საქართველო ლიდერია რეგიონში. ბოლო წლების კვლევებით კი ხუთეულში ვართ. ამიტომ თუ ბიზნესი შეზღუდულია და პოლიტიკურ წნეხს განიცდის, ეს რაში აისახა? როდესაც არგუმენტები არ გაქვს და აცხადებ, რომ ბიზნესი შეშინებულია, ეს არასერიოზულია, რადგან სააკაშვილის მმართველობის დროსაც კი, როდესაც ასეთი რეკეტი იყო, ბიზნესი შეშინებული მაშინაც კი არ ყოფილა და დღეს რატომ უნდა იყოს“, - უკვირს გიორგი ცუცქირიძეს.  

თუ ბიზნესს იმიტომ ამუნათებენ, პროტესტს რატომ არ უერთდება, ეს სხვა თემაა, მაგრამ გიორგი ცუცქირიძე ხაზს უსვამს, რომ პასუხი მარტივია - ამისთვის უნდა ჩავრთოთ ოპოზიციური ტელეარხები და მათ სარეკლამო დროს დავაკვირდეთ -  აფინანსებს თუ არა ბიზნესი მათ ტელევიზიებს. ფაქტია, რომ აფინანსებს და სად არის აქ პოლიტიკური ზეწოლა? როგორ გიორგი ცუცქირიძემ "რეზონანსს" განუცხადა, ბიზნესის რეკეტის არც ერთი მაგალითი არ გვაქვს, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, როცა ეს ყოველდღიურად ხდებოდა. ბიზნესი რომ მართლაც შეზღუდული იყოს, ყველა საერთაშორისო კვლევასა და მოხსენებაში იქნებოდა ასახული.

იგივე პოზიცია აქვს ანალიტიკოს დავით ჩიხელიძეს, რომელმაც პირველ რიგში ყურადღება სწორედ საერთაშორისო კვლევებზე გაამახვილა. ერთ-ერთია ჰერიტიჯის - ეკონომიკური თავისუფლების განახლებული რეიტინგი, სადაც საქართველო 35-ე ადგილზეა, უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც და ამიერკავკასიაში ლიდერია. 

„მოდით, სიტუაცია იმ რეალობით შევაფასოთ, რაც გვაქვს. ბიზნესის ხელყოფისა და შევიწროვების ერთ-ერთი ინდიკატორი არის ის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რამდენიმე ათასმა ადამიანმა „აჩუქა“ თავისი ქონება სახელმწიფოს. ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ერთსა და იგივე დღეს, ერთსა და იმავე ნოტარიუსთან მისულიყო, თანაც დილის 4 საათზე, რათა გადაეფორმებინა თავისი უძრავ-მოძრავი ქონება და ბიზნესი სახელმწიფოსთვის. 

საერთაშორისო კვლევებსაც რომ თავი დავანებოთ, სადაც საქართველოს კარგი რეიტინგი აქვს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აპირებს, რომ კერძო სექტორის განვითარებაში ჩადოს 300 მილიონი ევრო, აღარაფერს ვამბობ არაბული „იგლ ჰილსის“ უპრეცედენტო - 6,5-მილიარდიან ინვესტიციაზე. პირდაპირ გეტყვით, რომ იქ, სადაც ეკონომიკა და ბიზნესი თავისუფალი არ არის, არც 300 მილიონს დებენ და არც 6 მილიარდს. შესაბამისად, ეს ორივე პროექტი უკვე ხაზგასმაა, რომ დღეს ბიზნესი თავისუფალია“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას დავით ჩიხელიძემ.  

მისი აზრით, საუბარი იმაზე, რომ ბიზნესი თავისუფალი არ არის, ეშინია, ან ხმას ვერ იღებს, სპეკულაციები და იმის მცდელობაა, ტოლობის ნიშანი დასვან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მმართველობებს შორის. თუმცა, ეს შეუძლებელია, რადგან ამ ქვეყანაში, საბედნიეროდ, ნაცმოძრაობის მმართველობის სტილი აღარ დაბრუნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე