თამთა ჩაჩანიძე
(27.11.2025)

სალომე ზურაბიშილი აცხადებს, რომ დღეს პოლიტიკური პატიებისა და მათი გაერთიანების დროა. მეხუთე პრეზიდენტი პარტიების კოორდინაციას ცდილობს და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მან მესამედაც სცადოს ოპოზიციისთვის მაკონსოლიდირებელი გეგმის შეთავაზება.

„მე მგონი ქალბატონ სალომეს ქარიზმა აკლია. ხალხის გაერთიანების დამღა-ნიშანი, რომელსაც ქარიზმას ეძახიან, ეს პოლიტიკოსს სჭირდება ხოლმე," - უთხრა „რეზონანსს" ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ.

სალომე ზურაბიშვილმა პირველი გეგმა - „ქართული ქარტია" ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის დროს, 2024 წლის 26 მაისს ათონელის რეზიდენციის წინ საზეიმოდ წარადგინა. მან პარტიებს ქარტიის ირგვლივ გაერთიანება შესთავაზა, თუმცა, ხანგრძლივი კონსულტაციების მიუხედავად, გეგმა ჩავარდა. ასევე ჩავარდა მისი ხუთპუნქტიანი გეგმაც, რომელიც თებერვალში გამოაქვეყნა დასახელებით „გზა ახალი არჩევნებისკენ".

„პოლიტიკური პარტიების მდგომარეობა ძალიან რთული და განსხვავებულია. მე ვცდილობ მათ კოორდინაციას, კრიტიკულად ვარ განწყობილი მათ მიმართ, მაგრამ აქვე ვაცნობიერებ, რომ რთულია ოპერირება დიქტატურაში. ჩემი აზრით, დღეს არ არის პოლიტიკური პარტიების დრო, ჩვენ არ უნდა ველოდოთ სასწაულებს - ლიდერები არიან ციხეში, ფინანსური რესურსი მათ არ აქვთ. დრო არის მათი გაერთიანების, ძალების თანხვედრის პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას საპარლამენტო არჩევნები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ უნივერსიტეტში სტუმრობისას.

რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილმა მესამედაც სცადო ოპოზიციის გაერთიანების მიზნით მსგავსი გეგმის შეთავაზება, თუმცა სიტუაცია ახლა უფრო რთულადაა და უფრო მეტადაა იმის მოლოდინი, რომ ჩავარდეს.

„ღმერთი სამობითააო, ხომ? ოპოზიციას კრიზისის განცდა ისედაც აქვს და ზურაბიშვილის აქტიურობაც მაგის ერთ-ერთი გამოხატულებაა, მაგრამ პოლიტიკური პარტიებიდან დანარჩენ ფიგურებს დიდად გული არ მიუწევთ ზურაბიშვილისკენ. არც ადრე მიუწევდათ და ახლა მით უმეტეს, როცა თვლიან, რომ მათი შანსები უფრო დაბლაა დაწეული, ვიდრე ადრე იყო.

„ამ ფონზე ზურაბიშვილში გამარჯვების სიმბოლოს ალბათ ვერ ხედავენ. გარედან რაც ჩანს, ის ასეთი გამარჯვებელი ადამიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ერთ-ერთი არგუმენტია ის, რომ ამდენჯერ ჩაუვარდა წამოწყებული ინიციატივა. ამჯერად თუ სცადა, ახლა უფრო მძიმე პირობებია, ვიდრე ადრე იყო, ამიტომ სავარაუდოა, რომ უკეთესი შედეგი არ ექნება.

„ხალხის გაერთიანების დამღა-ნიშანი, რომელსაც ქარიზმას ეძახიან, ეს პოლიტიკოსს სჭირდება-ხოლმე. ერთი და იგივე პოლიტიკური პლატფორმის მქონე ადამიანები იყვნენ, მაგალითად, ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი. ჟვანიას ეს ხიბლი არ ჰქონდა, რაც ხალხს წაიყვანდა, მიშას ჰქონდა. მიშას გულშემატკივრები დღემდე შეყვარებულები არიან მასში და ზურასთან ასეთი მოვლენა არ იყო. ეს ქარიზმა აკლია, მე მგონი, ქალბატონ სალომეს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე