მარიამ ვეკუა
(27.11.2025)

აუდიოჩანაწერები, რომლებიც თითქოს ტრამპის მრჩეველ სტივ უიტკოფსა და კრემლის წარმომადგენლებს შორის საგულდაგულოდ დამალულ საუბრებს ასაჯაროვებს, ისევ მსფოლიო მედიის განხილვის ეპიცენტრშია. ვინ და რატომ გაასაჯაროვა სატელეფონო ზარის შინაარსი ამასთან დაკავშირებით გავლენიანი გამოცმები სხვადასხვა ვერსიას ავრცელებენ. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სკანდალური ფინალი პრეზიდენტის იმპიჩმენტამდეც მივიდეს.

ჩანაწერებში, რომელიც თავიდან „ბლუმბერგმა" გამოაქვეყნა, ჩანს, რომ სტივ უიტკოფი კრემლს კონკრეტულ რჩევებს აძლევს, თუ როგორ და რა საკითხებზე უნდა ესაუბრა ვლადიმირ პუტინს ტრამპთან. სიუჟეტი ორ ჩაწერილ სატელეფონო საუბარს მოიცავს: ერთი უიტკოფსა და კრემლის მთავარ თანაშემწე იური უშაკოვს შორის, ხოლო მეორე უშაკოვსა და კირილ დმიტრიევს შორის, რომელიც თეთრ სახლთან მოლაპარაკებებში ასევე აქტიურად არის ჩართული.

„ბლუმბერგის" სტატია ავტორისა და თარიღის მითითების გარეშე გამოქვეყნდა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ეს დეტალები წყაროს ვინაობის შესახებ მინიშნებას იძლევა. „ბლუმბერგი" მხოლოდ იმას ამბობს, რომ მან „აუდიოჩანაწერს გადახედა და გადაწერა ".

სააგენტოს რეპუტაციის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გამოქვეყნების გადაწყვეტილების მიღებამდე წყარო ძალიან სანდოდ ითვლებოდა, წერს ბრიტანული „გარდიანი".

უშაკოვმა, რომელიც ორივე სატელეფონო ზარში ფიგურირებს, ოთხშაბათს ჩანაწერების აუთენტურობა დაადასტურა. მიუხედავად ამისა, დასძინა რომ ზოგიერთი მათგანი „ყალბი" იყო. აღნიშნა, რომ დანარჩენზე კომენტარს არ გააკეთებდა, რადგან ზარები კონფიდენციალური იყო და თქვა, რომ ასეთი დისკუსიების გაჟონვა „რა თქმა უნდა, მიუღებელია".

გაზეთ „კომერსანტთან" ინტერვიუში მან მიანიშნა, რომ დმიტრიევთან და უიტკოფთან ზარების გაჟონვა შესაძლოა „ვოტსაპის" (WhatsApp) საშუალებით განხორციელდა.

ზარების შინაარსი იმას ადასტურებს, რასაც უიტკოფზე ადრეც ამბობდნენ, რომ მოლაპარაკებებში რუსეთის მხარეს იყო მიკერძოებული, თუმცა საკითხი, როგორ და რატომ გაჟონა სატელეფონო ზარმა, ისევ ორაზროვანი რჩება, რაც „ვოტსაპის", როგორც სანდო კომუნიკატორის, რეპუტაციას ურტყამს.

„მართლაც რთულია ვარაუდის გამოტანა. შესაძლოა, 100 მილიონი სხვადასხვა ვერსიის დასახელება, მათ შორის, შესაძლოა რუსული მხრიდან ვინმე უიტკოფის რეპუტაციის შელახვას ცდილობს", - განაცხადა დენიელ ჰოფმანმა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მოსკოვის განყოფილების ყოფილმა უფროსმა

ვის აწყობდა ზარის შინაარსის გასაჯაროება

რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებს პოლიტიკური საუბრების გამოქვეყნებაში დიდი გამოცდილება აქვთ, თუმცა არ არსებობს აშკარა მოტივი იმისა, რომ მოსკოვს უშაკოვისთვის, ვლადიმერ პუტინის მთავარი თანაშემწისა და უიტკოფისთვის, რუსეთთან ყველაზე მეგობრული თანამოსაუბრისთვის ტრამპის ადმინისტრაციაში, კომპრომატები გაემჟღავნებინა. თუმცა კრემლის ელიტაში აშშ-სთან ურთიერთობების ირგვლივ განხეთქილებაზე ცნობების გათვალისწინებით, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, წერს „გარდიანი".

ამავე გამოცემის ცნობით, არც ისაა გამორიცხული, ეს უკრაინის სპეცსამსახურებს გაეკეთებინათ, რადგან კიევი უიტკოფის როლით მოლაპარაკებებში უკიდურესად შეშფოთებულია და სურს, ძირი გამოუთხაროს მის პოზიციას, ასევე გაასაჯაროვოს კრემლსა და თეთრი სახლის მრჩეველს შორის თანამშრომლობის „შოკისმომგვრელი მასშტაბები", ვკითხულობთ „გარდიანის" სტატიაში.

ამერიკული დაზვერვის ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ყველაზე დიდი ალბათობით ჩანაწრების გამომზეურების წყარო აშშ-ის სისტემის შიგნით მყოფი პირი იყო.

„ზარების ჩაჭრის სხვადასხვა გზა არსებობს, მათ შორის დაზვერვის ტრადიციული მეთოდები, კიბერშეტევები და მოწყობილობებზე უშუალო წვდომა, ამიტომ თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ჩემი ღრმა ეჭვია, რომ ეს აშშ-ის მხრიდან მოხდა და თუ ასეა, არსებობს ორი სუბიექტი, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ - ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო."

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებში ბევრი უკმაყოფილოა ამჟამინდელი ადმინისტრაციითა და მისი პოლიტიკით, თუმცა ნებისმიერი თანამშრომლისთვის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერის გაჟონვა რთული და პოტენციურად უკიდურესად სახიფათო ნაბიჯი იქნებოდა.

ერთი აღსანიშნავი დეტალია ისიც, რომ „ბლუმბრგმა" აუდიოჩანაწერი „ნედლად" მოიპოვა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წყარო ან უშუალოდ იყო ჩართული სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაში, ან საკმარისად მაღალი თანამდებობის პირია.

როგორ დასრულდება ეს სკანდალი?

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს, სადაც სკანდალის დეტალებზე საუბრობს.

„ძალიან საინტერესო და ამავე დროს დრამატული ამბების მომსწრენი გავხდით საერთაშორისო პოლიტიკაში. ვგულისხმობ ბლუმბერგის ჩანაწერებს, ...საუბარი არც უბრალოდ რუსეთს, უკრაინას ან რომელიმე სხვა ქვეყანას, ან მათ წარმომადგნლებს ეხება. საუბარია აშშ-ს საგარეო პოლიტიკის, მათ შორის მოლაპარაკებების წარმოების, 200 წლის განმავლობაში დადგენილი და მოქმედი წესების და პრინციპების უგულვებელყოფაზე.

კერძოდ, ე.წ. ლოგანის აქტის შესაბამსად არა მარტო ოფიციალურ პირს, არამედ ნებისმიერ მოქალქესაც კი ეკრძალება მის სახელმწიფოსთან კონფლიქტში ან კონკურენტული მოლაპარაკებების პროცესში მყოფი სახელმწიფოსთვის რაიმე რჩევების მიცემა, რომელიც დააზიანებს აშშ-ს პოზიციებს ან მოწინააღმდეგე მხარეს უპირატესობას მიანიჭებს მიმდინარე პროცესში.

მით უმეტეს, ეს აკრძალვა ვრცელდება მტრულ ან სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ აღიარებულ სახელმწიფოზე. აშშ-ს მთავრობის "საფრთხეების შეფასების დოკუმენტი" კი რუსეთს, როგორც ასეთს ახასიათებს," - წერს გოგოლაშვილი.

ექსპერტი განიხილავს სავარაუდო ფინალურ სცენარსაც.

„ასეთი სახის სკანდალის შემდეგ აშშ-ს პოლიტიკაში არსებული პრეცედენტები მდგომარეობიდან რამდენიმე სახის გამოსავალს ტოვებს. ყველაზე მძიმე შემთხვევაში საქმე პრეზიდენტის იმპიჩმენტამდე მიდის. სხავათა შორის ტრამპის პირველი იმპიჩმენტი (რომელიც მაშინ გარკვეულ დონეზე, მგონი სენატში გაიჭედა) სწორედ ამ კანონის მოთხოვნის საფუძველზე დაინიცირდა.

ნაკლებად მძიმე გამოსავალი კი არის, რომ პრეზიდენტმა უარყოს ნებისმიერი კავშირი მოხდართან, მაგრამ მაშინ უნდა დაისაჯოს (არ ვიცი, რა სახით) უიტკოფი. რამდენადაც ცნობილია, ტრამპს არ გამოუთქვამს არავითარი პრეტენზია უიტკოფის მიმართ და გაამართლა კიდევაც მისი მოქმედება, როგორც მოლაპარაკებებისთვის საჭირო მანევრი. თუ ამ სკანდალს არავითარი კანონიერი რეაგირება არ მოყვება, როგორც მინიმუმ კონგრესსა და სენატში მოსმენების სახით, შეიძლება დანამდვილებით დავასკვნათ, რომ აშშ ინსტიტუტციური დეგრადაციის გზას მყარად დაადგა და მისი საძირკველი შერყეულია ისე, როგორც არასდროს აქამდე მის ისტორიაში," - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე