
„ოცნების" ოპონენტები პრემიერის განცხადების წლისთავთან დაკავშირებით დაანონსებული აქციისთვის ემზადებიან, რასაც უერთდებიან როგორც უწყვეტი პროტესტის მონაწილეები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები. გამონაკლისია ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიისა, რომელიც აცხადებს, რომ არსად არ ჩაერთვება, სადაც ენმ იქნება.
პროტესტის მონაწილეები 28 ნოემბერს 19:00 საათიდან შეიკრიბებიან, იქნება ორი მარში, ერთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მეორე კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან, და პარლამენტის წინ აქციას შეუერთდებიან.
„ქართულ ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებამდე 5-6 თვით ადრე შეაჩერარაც შემდეგ შემდეგ ირაკლი კობახიძეს „გადაბრალდა" და „ხალხი სულ ტყუილად აყვირეს და აჩხუბეს რუსთაველზე".
ოპოზიციაში ამბობენ, რომ 28 ნოემბრის პროტესტს დიდი მასშტაბი „ნამდვილად ექნება". გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ „აქცია არ დაიშალოს, არ არის მიღებული, თუმცა გამორიცხული არაფერია".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ აქციის მონაწილეებს ჩანაფიქრი აქვთ, რომ შეიკრიბონ და არ დაიშალონ, იგივე სცენარი განმეორდება, რაც 4 ოქტომბერს იყო. მისი თქმით, ერთწლიანმა პროტესტმა ოპოზიციას არაფერი არ მოუტანა.
„ეს დაახლოებით იმ სცენარს ჰგავს - 4 ოქტომბერს ვიწყებთ და ვამთავრებთო. ერთი წელიც გავიდა, 2012 წლიდან მრავალი წელიც გავიდა, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია ისევ იმ ჭაობშია და ეს გამოიწვია მათმა უპრინციპობამ, არათანმიმდევრულობამ და ერთმანეთის ღალატმა. მათი ერთი სურვილია, რომ როგორმე ხელისუფლება მიიტაცონ გარე ჩარევის გზით და არა ამომრჩეველთა უმრავლესობის გულისმოგებით.
„მათი სპიკერები თავადვე აღიარებენ, რომ ქუჩის პროტესტი მოკვდა, პოლიტიკური პროცესები განადგურებულია, ზოგიერთს იმის გამბედაობა ჰყოფნის, აღიაროს, რომ ეს მათივე ბრალია, ზოგიერთი გადაბრალებას ცდილობს. ისინი ნულჯამოვან თამაშში არიან და ამ ჩაკეტილი წრიდან ვერ გამოდიან. როდესაც ერთსა და იმავე შეცდომას მრავალჯერ იმეორებ, მიანიშნებს, რომ ლოგიკასთან და რაციონალურობასთან არანაირი კავშირი არ გაქვს. როგორ შეიძლება ყველაფერ ქართულზე უარი თქვა და ებრძოლო ქართულ ფასეულობებსა და ღირებულებებს - ეს არის მათი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი.
„ბოლო წლებში ბევრი ე.წ. საკრალური დღე გვახსოვს, როდესაც მათი გამარჯვება იწყებოდა. ზუსტად იმ დღეებმა გვაჩვენეს და 28 ნოემბერიც დაგვანახებს, რომ დაღმასვლისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამენ. თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ რამდენიმე პარტიის სამართლიანად აკრძალვის საათი წიკწიკებს, საკითხი რამდენიმე თვეში დადგება. მანამდე ხომ უნდა იხმაურონ და მათ გარე პატრონებს რაღაც მოჩვენებითი სურათი დაუხატონ, რომ თითქოს საზოგადოება აღშფოთებულია და მთავრობის წინააღმდეგაა? მაგრამ რეალობა სულ სხვაა", - ამბობს აბაშიძე.
ამასთან, როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, ერთწლიანმა პროტესტმა მოიტანა ის, რომ „ოცნება" საგარეო კუთხით სრულ იზოლაციაში მოექცა და ქართული საზოგადოება უფრო კრიტიკული და ცვლილებებზე ორიენტირებული გახადა. თუმცაღა შეცდომა იქნება თუ აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან და არ დაიშლებიან, უმჯობესია პროტესტი იმავე ტეპმით გაგრძელდეს, რაც აქამდე იყო.
„ერთწლიანმა პროტესტმა მოიტანა ის, რომ „ქართული ოცნება" საგარეო კუთხით ფაქტიურად იზოლაციაშია, მათ რეალურად არ აღიარებენ. ჩვენს მოკავშირეებზე ვლაპარაკობ, თორემ ჩრდილოეთ კორეა ვის აინტერესებს. მოიტანა კიდევ ის, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო და იფრო რწმუნდება იმაში, რომ დასავლურ კურსს არა მხოლოდ ავცდით, არამედ პირდაპირ ჩავეწერეთ რუსულ ნარატივში და, შეიძლება ითქვას, რომ ყოველგვარი გასროლის გარეშე ჩვენი ხელისუფლება რუსეთის გავლენის ქვეშაა. ღმერთმა დაიფაროს და თუ უკრაინაში სიტუაცია ისე გადაწყდა, როგორც ეს თავდაპირველად 28-პუნქტიან შეთანხმებაში იყო, ჩათვალეთ, რომ საბჭოთა კავშირის ეს ნაწილი უკრაინა-მოლდოვა-საქართველო, გარდა ბალტიისპირეთისა, ფაქტიურად აღდგენილი იქნება, როგორც რუსული იმპერიის შემადგენელი ნაწილი.
„პროტესტმა მოიტანა, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო კრიტიკული და ცვლილებებზე კონცენტრირებული გახდა, ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინ იყო.
„თუ აქცია შეიკრიბება და აღარ დაიშლება, ეს იქნება შეცდომა, ისევე, როგორც 4 ოქტომბრის მოვლენები იყო შეცდომა. თუ შესაძლებელია პროტესტი იმ ფორმით უნდა გაგრძელდეს, რა ფორმითაც აქამდე მოვიდა. 28 ნოემბრის აქცია მრავალრიცხოვანი იქნება და თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს მრავალრიცხოვნობა შეინარჩუნონ, ვფიქრობ ეს არ გამოვა და ამ ეტაპზე ჩვენი მოსახლეობა ამისთვის მზად არაა. ამისთვის მზადებას იგივე არჩევნებში მონაწილოება სჭირდებოდა, რომ საზოგადოება გარკვეულწილად სტიმულირებული ყოფილიყო, რაც თავის დროზე არ გაკეთდა.
„ახლა თუ კიდევ იმის თავსმოხვევას დავიწყებთ, რომ რაღაც სწრაფად უნდა გაკეთდეს, მივიღებთ იმას, რომ საზოგადოებაში ისევ გულგატეხილობა გაჩნდება. ყველა ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ რადიკალურ ქმედებებს - და ამ რადიკალურში არ ვგულისხმობ რევოლუციებს და ა.შ. ვგულისხმობ თუნდაც ხალგრძლივ, მრავალათასიან პროტესტს - ვერ ვუზრუნველვყოფთ და მერე ხელისუფლებას მიეცემა იმის საშუალება, რომ ამაზე პროპაგანდის აგება დაიწყოს", - განაცხადა ძაბირაძემ.
რატომ არ უერთდება პროტესტს „გახარია საქართველოსთვის"
გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ პროტესტი გარკვეული ძალების მხრიდან „დამაზიანებელ ქმედებაში გადაიზარდა" და „გახარია საქართველოსთვის" არ იქნება იქ, სადაც „ნაცმოძრაობა" დგას.
„ზუსტად 1 წლის წინ ეს აქციები დაიწყო გულწრფელი ხალხის გულწრფელი გაბრაზებით, რომელიც, სამწუხაროდ, გადაიზარდა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ძალიან დამაზიანებელ ქმედებაში. გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ამ ადამიანების გულწრფელი პროტესტი მიწასთან გაასწორეს და გვირგვინი დაადგეს 4 ოქტომბრის პროვოკაციის სახით. ამიტომ, ჩვენ არ ვიქნებით არსად, სადაც იქნება „ნაცმოძრაობა", - განაცხადა ვიკა ფილფანმა.
რას აბობენ „ოცნებაში"
„28 ნოემბერს ვნახავთ, რომ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები. სასოწარკვეთილი იმით, რომ ვერ მიაღწიეს თავის მიზანს, რომ ეს ქვეყანა გადაეცათ და ჩაებარებინათ დირექტიული მმართველობისთვის. 28 ნომრებიდან ერთი წელის სრულდება, როდესაც სულ ტყუილად აყვირეს და აჩხუბეს ხალხი რუსთაველზე იმისთვის, თითქოს, ირაკლი კობახიძის განცხადება გულისხმობდა მოლაპარაკებების შეჩერების პროცესს, რეალურად კი მათივე, მათ შორის, ევროკავშირის ელჩის წერილშიც კი ვკითხულობთ, რომ ეს პროცესი მათ 6-5 თვით ადრე ჰქონდათ შეჩერებული. ამიტომ ამაზე დიდი აფერა არ არსებობს, რაც მათი მხრიდან შეჩერებული პროცესის ირაკლი კობახიძის გადაბრალება არის. შესაბამისად, ერთი წლის თავზე, კიდევ შეიკრიბებიან ის მოტყუებული, თუ ძალით ამ პროცესში ჩართული ადამიანები, ვინც კიდევ ერთხელ იტყვიან, ძალიან გთხოვთ მოგვეცით დავალებები, დირექტივები, არ გვინდა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი," - განაცხადა „ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



