მარიამ ვეკუა
(27.11.2025)

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ყველაფერი ხელისუფლების მიერ დადგმული პროვოკაცია იყო - საუბრობენ საბოტაჟზე, განზრახ ჩამოვარდნილ დრონებზე, „არეულ ნავიგციაზე", ამბობენ, რომ ეს დივერსიაა, რომელსაც მომავალში პასუხი უნდა გაეცეს. ყოფილმა გენპროკურორმა მურთაზ ზოდელავამ თქვა, რომ მზადაა ყველა მუხლის აღიარებისთვის, ოღონდ სხვები („ვინც ღობეს ხელი მოჰკიდა") გაუშვან.

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებს კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრიათ, პაატა ბურჭულაძის ვაჟმა, შუქრიმ თქვა, პროცესზე მამის წარმოთქმულმა სიტყვამ დამარწმუნა, ორბელიანების სასახლესთან მომხდარი მოვლენები სპეციალურად დადგმული სცენა იყოო. ვარაუდობს, რომ ვიღაცამ საბოტაჟი მოაწყო, რადგან ხმის გამაძლიერებელი და სხვა აპარატურა მწყობრიდან იყო გამოსული და ხალხს ლიდერების მოწოდებები არ ესმოდა.

„მშვიდობიანად უნდა მოეთხოვათ ორბელიანების სასახლის გასაღების გადმოცემა და მაღალჩინოსნები უნდა გადმოსულიყვნენ ხალხის მხარეს, ეს უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა საერთოდ სხვა რაღაც. თავისით ვარდება ღობე და ხდება პროვოცირება და მერე უკვე ირევა მთლიანი სიტუაცია."

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა. მათ ასევე მიუყენეს მუხლი, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

სიტყვა სასამართლოზე

პაატა ბურჭულაძემ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ პროვიკაციის მსხვერპლი გახდა.

„ვიცით, რა პროვოკაციასაც ჰქონდა ადგილი, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მე დღეს ვერ ვისაუბრებ ზუსტად მომხდარზე, რადგან დაკავების შემდგომ მოწყვეტილი ვარ გარე სამყაროს, შესაბამისად მოკლებული სრულფასოვან ინფორმაციას, მაგრამ ამის გარკვევის დრო მალე დადგება.

„ამ დღეს საეჭვოდ „დაიკარგა" დრონები. რა თქმა უნდა, სპეცსამსახურებმა ჩამოაგდეს სამი მედიასაშუალების დრონი: „ნეტგაზეთის", „პროექტი 64"-ისა და გამოცემისა „მაუწყებლის". აქედან ნაპოვნია მხოლოდ ერთი დრონი და მას ამოცლილი ჰქონდა მეხსიერების ბარათი. ..."ოცნების" მიზანი იყო, რომ არ დაგვენახა რეალური სურათი, არ დაგვენახა ერთმანეთი, რადგან ვიყავით ძალიან ბევრნი.

ეს იყო მაქსიმუმი რაც შეძლო ხუნტამ, რომ ხელი შეეშალა ეროვნული კრებისთვის. მათ ასევე აურიეს ნავიგაციის სისტემა - რუსთაველის გამზირს აჩვენებდა, როგორც თბილისის აეროპორტს და პირიქით. ეს, სავარაუდოდ, არამარტო ხალხის შეკრების, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ, ჩადენილი დივერსიაა, რომელსაც, აუცილებლად, მომავალში უნდა გაეცეს პასუხი."

ბურჭულაძემ პასუხისმგებლობა მთავრობას დააკისრა.„ხოლო პასუხი იმისთვის, რაც მოხდა ათონელის რეზიდენციაში, გთხოვთ, მოჰკითხოთ ე.წ. მთავრობას"-განაცხადა ბურჭულაძემ.

„ჩვენი მაცხონებელი აღარ დარჩა"

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე 60 ადამიანია დაკავებული. მან 26 ნოემბრის სასამართლო პროცესზე რიგითი დაკავებულების გამოშვება ითხოვა.

„ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა ამ ქვეყანაში, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა... მზად ვარ ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი, ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა, [გაუშვით]."

„4 ოქტომბერს, „50 აკაცუკის" ნაცვლად, ნახეს, რომ ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა გარეთ. ხალხმა უთხრა ხელისუფლებას, რომ არალეგიტიმურები არიან, რომ ერთობას არ აქვს ალტერნატივა და ერთიანად უნდა ვიმოქმედოთ," - თქვა კიდევ ერთმა ბრალდებულმა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

ბრალს არ აღიარებს არც პაატა მანჯგალაძე. ამბობს, რომ იმ დღეს ის უბრალოდ თავის, როგორც როგორც პოლიტიკოსის მოვალეობას ასრულებდა.

ექსპერტიზის დასკვნა

თუმცა ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე ექსპერტიზა, გამოძიების მტკიცებით, სხვა რამეს ამბობს. როგორც საქმის პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა განაცხადა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ღობეს აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება და არ აღენიშნება ჭრის კვალი.

ბეჟუაშვილის თქმით, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს ბრალდებულთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები.

„სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი გახლავთ მტკიცებულება, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. კონკრეტულად ღობესთან დაკავშირებით. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ღობეს აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ღობეს არ აღენიშნება ჭრის კვალი. შესაბამისად, აღნიშნული ექსპერტი ბრალდების მხარეს შეყვანილი ჰყავს დასაკითხ პირთა სიაში და სასამართლოს წინაშე მათ შორის დაცვის მხარესაც ექნება საშუალება, დაუსვას შეკითხვები კვლევასთან დაკავშირებით.

„მთელ საქმეზე 38 ტომზე მეტი გახლავთ წარმოდგენილი მტკიცებულებები. რაც შეეხება უშუალოდ ვიდეოჩანაწერებს, მათში არაერთი რაკურსით, სხვადასხვა მხრიდან დაფიქსირებული, ნათლად აღბეჭდილი, ბრალდებულთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები ჩანს", - განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე