მარიამ ვეკუა
(26.11.2025)

უკრაინის მხრიდან ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე თანხმობის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ საერთაშორისო დღის წესრიგი კვლავ დაძაბა: მიუხედავად იმისა, რომ როგორც ამბობენ, კონსენსუსამდე მხოლოდ რამდენიმე დეტალია დარჩენილი, ევროპაში აცხადებენ - სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაშიც კი, რუსეთი კონტინენტისთვის საფრთხედ დარჩება. ამ ფონზე უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტთან ვიზიტისთვის ემზადება, ხოლო ტრამპი აცხადებს, რომ მისი წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უახლოეს დღეებში მოსკოვში ჩავა, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები და რა საიდუმლო დეტალები იკვეთება კვირის ყველაზე სკანდალური ამბის გარშემო

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა სამშაბათს CBS News-ს განუცხადა, რომ უკრაინის მთავრობა „სამშვიდობო შეთანხმებას", რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის შუამავლობით იქნა მიღწეული, დათანხმდა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა რუსტემ უმეროვმა განაცხადეს, რომ წინადადებაზე საერთო შეთანხმება მიღწეულია, დეტალები კი ჯერ კიდევ დასამუშავებელია.

უმეროვმა ოპტიმიზმი გამოთქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეთანხმების დასასრულებლად აშშ-ში ნოემბრის ბოლომდე ჩავა.

მოგვიანებით კი უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა დონალდ ტრამპს შეხვდეს.

"უკრაინას აქვს ჟენევაში ჩვენი გუნდების მიერ შემუშავებული ჩარჩო. ეს ჩარჩო მაგიდაზეა და მზად ვართ, ერთად წავიდეთ წინ - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, პრეზიდენტ ტრამპის პირადი მონაწილეობით, ევროპასთან ერთად, ლიდერებთან ერთად, და ყველა პარტნიორთან ერთად, ვისაც დახმარების ძალა და შესაძლებლობა გააჩნია. მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე - არის სენსიტიური მომენტები განხილვისთვის, ისინი ჯერ კიდევ არის, და გვჯერა, რომ ევროპელი ლიდერების მონაწილეობა შეიძლება სასარგებლო იყოს",-განაცხადა ზელენსკიმ.

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ზელენსკის აშშ-ში ჩამოსვლასთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა, მაგრამ თუ შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება, ის შეიძლება მარ-ა-ლაგოში გაიმართოს.

28 პუნქტიანი გეგმა დაიხვეწა

საინტერესოა რომ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს.მისი თქმით, აშშ-ს 28- პუნქტიანი გეგმა დაიხვეწა და უთანხმოების რამდენიმე პუნქტი რჩება.

„თავდაპირველი, 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც შეერთებული შტატების მიერ მომზადდა, დაიხვეწა ორივე მხრიდან დამატებითი წვლილებით და უთანხმოების მხოლოდ რამდენიმე პუნქტი რჩება. ამ სამშვიდობო გეგმის დასრულების იმედით, ჩემს სპეცწარმომადგენელს სტივ უიტკოფს მოსკოვში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა დავავალე და, ამავდროულად, არმიის მდივანი დენ დრისკოლი უკრაინელებთან გამართავს შეხვედრას. შემატყობინებენ ყველა მიღწეულ პროგრესზე, ისევე, როგორც ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, ომის მდივანს პიტ ჰეგსეტს, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სუზი უაილსს.

პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ პუტინთან მალე შეხვედრის იმედი მაქვს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შეთანხმება დასრულებული, ან დასრულების სტადიებში იქნება," - წერს ტრამპი.

26 ნოემბერს,, რუსული მხარემ დაადასტურა, რომ რუსეთის დელეგაცია აბუ-დაბიში აშშ-ის წარმომადგენელს შეხვდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.ასევე, უშაკოვმა აღნიშნა, რომ აბუ-დაბიში შეხვედრაზე „სამშვიდობო გეგმის" განხილვა არ მომხდარა.

„ჯერჯერობით სამშვიდობო გეგმის დეტალებზე ჩვენთან საუბარი არავის ჰქონია. ჩვენ ის ვნახეთ, მაგრამ განხილვა არ ყოფილა", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.

ჯერჯერობით, თუ როგორ გამოიყურება „დახვეწილი" 28 პუნქტიანი გეგმა უცნობია.

სკანდალური ზარი

Bloomberg-ის მიერ აშშ-ის ელჩ უიტკოფსა და პუტინის თანაშემწე უშაკოვს შორის საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებამ მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო.. რუსეთის ელჩმა კირილ დმიტრიევმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჩანაწერს „ყალბი" უწოდეს, რასაც ვერ ვიტყვით ტრამპის შეფასებაზე, რომელმაც განაცხადა, რომ საუბარში უჩვეულო ვერაფერი დაინახა.

ჩანაწერში, ჩანს, რომ სტივ უიტკოფი კრემლს კონკრეტულ რჩევებს აძლევდა , თუ როგორ და რა საკითხებზე უნდა ესაუბრა ვლადიმირ პუტინს ტრამპთან.

„მე პრეზიდენტს ვუთხარი, რომ რუსეთის ფედერაციას ყოველთვის სურდა სამშვიდობო შეთანხმება. გვექნება სამშვიდობო შეთანხმება. შესაძლოა, 20-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადება შევადგინოთ, ისევე როგორც ღაზაში გავაკეთეთ. ჩვენ შევადგინეთ 20-პუნქტიანი ტრამპის გეგმა, რომელიც მშვიდობისთვის 20 პუნქტს შეიცავდა და ვფიქრობ, რომ შესაძლოა, თქვენთანაც იგივე გავაკეთოთ", - Bloomberg-ის ინფორმაციით, აცხადებს უიტკოფი უშაკოვთან სატელეფონო საუბარში.

გამოცემის თანახმად, ამ წინადადებაზე უშაკოვი პასუხობს: „კარგი, მეგობარო. ვფიქრობ, სწორედ ამ საკითხზე შეუძლიათ ჩვენს ლიდერებს იმსჯელონ.

სატელეფონო საუბრისას უიტკოფმა უშაკოვს ურჩია, თუ როგორ უნდა განეხილა რუსეთის ლიდერს ეს საკითხი ტრამპთან.

„ვიცი, რა არის საჭირო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად: დონეცკი და შესაძლოა, მიწების გაცვლა სადმე. მაგრამ მე ვამბობ, რომ ასე საუბრის ნაცვლად, მოდით, უფრო იმედიანად ვისაუბროთ, რადგან ვფიქრობ, რომ აქ შეთანხმებას მივაღწევთ. ვფიქრობ, რომ იური, პრეზიდენტი, მომცემს დიდ სივრცეს და დისკრეციას შეთანხმების მისაღწევად. ასე რომ, თუ ამის შემდეგ იურისთან საუბრის შესაძლებლობას შევქმნით, ვფიქრობ, ამან შეიძლება დიდ წარმატებამდე მიგვიყვანოს", - აღნიშნულია Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერის შინაარსში.

ამ წინადადებაზე უშაკოვი პასუხობს: „კარგი, კარგად ჟღერს. კარგად ჟღერს"

მის შემდეგ უიტკოფი უშაკოვს ახსენებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ჩადის და სთავაზობს წინადადებებს ვიზიტამდე ტრამპ-პუტინის სატელეფონო საუბრის დაგეგმვის შესახებ.რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, მედიაში გავრცელებული საუბრის ჩანაწერი რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების გაფუჭებას ისახავს მიზნად.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად კეთდებოდეს. ვიღაც ინფორმაციას ამჟღავნებს, ვიღაც უსმენს, მაგრამ ჩვენ - არა", - თქვა უშაკოვმა

ევროპის 4 პრიორიტეტი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ესპანურ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეთნხმების დადებაც, უკრაინასა და რუსეთს შორის, ვერაფერს შეცვლის.

„თუ პრეზიდენტი პუტინი მზად არის, რომ ისტორიის გადაწერის მცდელობას მილიონობით საკუთარი ადამიანი შესწიროს, მაშინ ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ გაცილებით მეტი უნდა დავხარჯოთ ჩვენს თავდაცვაზე. სამშვიდობო შეთანხმება არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ რუსეთი კვლავ გრძელვადიან საფრთხედ დარჩება", - განაცხადა მარკ რუტემ.

ამასთან, კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა უკრაინაში ომი წლის ბოლომდე დასრულდეს, მარკ რუტემ უპასუხა, რომ „დიახ".

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის თამაშის გეგმა არ შეცვლილა აღნიშნა, რომ ევროპა, უკრაინაში მშვიდობის მიღწევაში წინსვლასთან დაკავშირებით, რამდენიმე პრიორიტეტით ხელმძღვანელობს

„პირველი ის არის, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიან და მდგრად მშვიდობას და მან უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება"

მეორე პრიორიტეტია უკრაინის სუვერენიტეტის დაცვა.

მესამე პრიორიტეტი არის უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფა

მეოთხე პრიორიტეტია ის, რომ მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების დიზაინის მიუხედავად, განხორციელების დიდი ნაწილი ევროკავშირსა და მის ნატოელ პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული.(არანაირი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ უკრაინაზე უკრაინის გარეშე, ევროპაზე ევროპის გარეშე და ნატო-ზე ნატო-ს გარეშე.)

ბოლო პრიორიტეტი, „არის ის, რაც არ უნდა დავივიწყოთ - და ეს არის რუსეთის მიერ გატაცებული ყველა უკრაინელი ბავშვის დაბრუნება"-განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე