
ოთხშაბათს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მოუსმინეს, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა ორ მთავარ საკითხზე - "იგლ ჰილსის" პროექტები საქართველოში და უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმა.
კობახიძემ უპასუხა არაბულ პროექტთან დაკავშირებულ მთავარ კითხვას, რატომ აქვს "იგლ ჰილსთან" არსებულ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი. მისი თქმით, "ეს არის პარტნიორი კომპანიის წმინდა კომერციული ინტერესი, რათა მას ჰქონდეს მომავალში სივრცე, აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ პარტნიორებთან".
მისი თქმით, ერთის მხრივ ეს ეფუძნება, საქართველოს კანონმდებლობას და მეორეს მხრივ "საერთაშორისო პრაქტიკაა".
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული 10 წლის განმავლობაში, კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა საქართველოს მთავრობის მიერ მხოლოდ ეკონომიკის სფეროში გაფორმებულ 1554 ხელშეკრულებას, მათ შორის არის ანაკლიის ხელშეკრულება.
მისი თქმით, გასაიდუმლოებულია მხოლოდ ხელშეკრულების დეტალები, ხოლო ძირითადი არსი და ყველა ძირითადი პუნქტი ცნობილია.
მთავრობის მეთაური ევროინტეგრაციის პროცესსაც შეეხო, განაცხადა, რომ ეს პროცესი "ქართულ ოცნებას" არ შეუჩერებია, "დოკუმენტურადაც დაადასტურა ევროკავშირმა, რომ 2024 წლის 27 ივნისს შეაჩერეს საქართველოსთან დიალოგი, რასაც არავითარი საფუძველი არ ჰქონდა".
რაც შეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს და ორიენტაციას, კობახიძის განმარტებით, "ის მკაფიოა" და საქართველოს კონსტიტუციაში არის ასახული.
პრემიერმა კანონმდებლებს ვრცლად ესაუბრა იმაზე, თუ თუ რას აპირებს მთავრობა განათლების რეფორმასთან დაკავშირებით.
"იგლ ჰილსი"
"წილის მესამედი ეკუთვნის ამ კომპანიაში საქართველოს სახელმწიფოს, 2/3 ეკუთვნის კომპანია "იგლ ჰილს"-ს და აქ ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებას, რომ საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, არავითარ ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის სასარგებლოდ.
საქართველოს სახელმწიფო მთლიანად არის დაცლილი ვალდებულებებისგან. ჩვენ შევდივართ მიწის ნაკვეთებით ამ პროექტში და სახელმწიფოს არ აქვს არავითარი ვალდებულება, გარანტიის ვალდებულება მათ შორის. რაც შეეხება ინვესტორის ვალდებულებას, ინვესტორი იღებს ვალდებულებას სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი ანუ ვალდებულებები არის მთლიანად პარტნიორი კომპანიის მხარეს," - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, "იგლ ჰილსი" "მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომლის შემოსვლა სიგნალია სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში".
კობახიძე ამბობს, რომ კრწანისის ტყე-პარკი "ისედაც საჭიროებდა რეაბილიტაციას", რომლის სავარაუდო ღირებულება იქნებოდა 158 მილიონი ლარი და "რაც უნდა დაეხარჯა ბიუჯეტს, იმას გააკეთებს კომპანია "იგლ ჰილსი". პრემიერის განმარტებით, გარემოს ეროვნული სააგენტო და სხვა შესაბამისი უწყებები ასევე განახორციელებენ პროექტის სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას და აქაც დაცული იქნება კანონით დაცული შესაბამისი პროცედურები, მათ შორის საჯარო განხილვების კუთხით.
კობახიძე ამბობს, რომ არავითარი მეჩეთების აშენება არ არის გათვალისწინებული - ხელშეკრულება არ ითვალისწინებს შეღავათებს, მათ შორის ბინადრობის ნებართვის გაცემის კუთხით. მან ოპოზიციას მიმართა, რომ არასწორი აღქმების შექმნას იაფფასიანი სპეკულაციებით ნუ შეეცდებიან. მისი თქმით, "არავითარი ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება".
"არის თემები, რაზეც არ უნდა ისპეკულირო მაშინაც კი, როცა ხარ „ნაცმოძრაობის", „ლელოს", ან „ალტ ინფოს" წარმომადგენელი - იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, მაგრამ სპეკულირებენ, ესაა აგენტების ბედი",- განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, "არ გვაქვს ფუფუნება, რომ საინვესტიციო პროექტზე უარი ვთქვათ, მით უმეტეს, უნაკლო პროექტზე". ამბობს, რომ "ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლიდან მოყოლებული, წელსაც ეკონომიკის 8%-იანი ზრდა გვაქვს". დასძენს, რომ თუ საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია "იგლ ჰილს"-ს შორის დავა წარმოიშვება, ასეთ შემთხვევაში, ბრიტანული სამართალი იმოქმედებს.
პრემიერს აქვს მოლოდინი, რომ ქართველი მყიდველების პროცენტული მაჩვენებელი "იგლ ჰილს"- ის პროექტში იქნება იგივე, რაც სტანდარტულად გვაქვს სხვა პროექტების შემთხვევაში - 80%-თან იქნება ახლოს".
განათლების რეფორმა
მისი თქმით, განათლების სისტემაში ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა რესურსების არაოპტიმალური გამოყენება და ხარისხის უთანაბრობა უნივერსიტეტებში და "იმისთვის, რომ შევძლოთ როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსების მაქსიმალურად ოპტიმალური გამოყენება,უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი უმაღლესი განათლების სისტემაში - ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი".
კობახიძის განცხადებით, დღეს სტუდენტების 95%-ზე მეტი თბილისში სწავლობს, რაც დედაქალაქში ჭარბ დატვირთვას იწვევს. მისი თქმით, მთავრობას სურს აქცენტი გაკეთდეს ქუთაისსა და რუსთავში ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რაც აღნიშნულ ქალაქებს განვითარებაში დაეხმარება და შექმნის ახალ შესაძლებლობებს.
მისი თქმით, უნდა გადაიხედოს სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტებშიც და ეს არ ეხება "გამონაკლის მიმართულებებს", ყველა სხვა მიმართულებით კი შეიძლება შეიკვეცოს სწავლის ხანგრძლივობა 3+1+1 პრინციპით.
რაც შეეხება სკოლებს, პრემიერის თქმით, გეგმით გათვალისწინებულია 11-წლიან სწავლებაზე გადასვლა, ეს მოთხოვნა კერძო სკოლებს არ შეეხებათ და შეეძლებათ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა შეინარჩუნონ. საჯარო სკოლებში კი, "აქაც თუ ვინმეს სურვილი იქნება, სპეც კლასს გაივლის".
ამასთან, პრემიერმა უცხოელ სტუდენტებზეც ისაუბრა, მისი თქმით, "სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს და უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი - ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა და სახელმწიფო სექტორმა უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება".
მისი თქმით, "არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ურჩევნიათ, უმაღლესი განათლება მიიღონ სხვა ქვეყნებში, როცა მიდის ახალგაზრდა, მათი დიდი ნაწილი ქვეყნისთვის დაკარგულია, მითუმეტეს, რომ კონკრეტულ სახელმწიფოებს აქვთ ე.წ. ტვინების მიზიდვის პოლიტიკა".
მისივე განმარტებით, უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება მომდევნო აკადემიური წლიდან „ახალი მოდელის შესაბამისად უნდა დაიწყოს", თუმცა, ამავე დროს, კობახიძის თქმით, ისეთი საკითხების გადაჭრას, როგორიც არის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და ახალი სახელმძღვანელოების შედგენა, დაახლოებით, 4 წელი დასჭირდება.
კობახიძის თქმით, ოპტიმიზაციის პირობებში შესაძლებელი იქნება, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორის ანაზღაურება 10 ათასს ლარს აღემატებოდეს. აღნიშნა, რომ დარჩებიან არასრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგებიც, რომელთა ანაზღაურება სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლები იქნება კობახიძის განცხადებით, ამჟამად არის ვითარება, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტებში პედაგოგები ლექციებს შეთავსებით კითხულობენ.
კობახიძე დასძენს, რომ მთავრობა იმუშავებს, რომ საზღვარგარეთიდან უცხოელი პედაგოგები მოიზიდოს, მათ შორის საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანები, რომელთაც აქვთ რესურსი, ლექცია წაიკითხონ - "რაც შეეხება გაცვლით პროგრამებს, საფრთხე არ შეექმნება".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



