
რუმინეთში რუსული დრონი იპოვეს, რომელიც ქვეყანაში სავარაუდოდ, 25 ნოემბერს დღის დასაწყისში შეიჭრა. ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, იონუტ მოშტეანუმ განაცხადა. მოშტეანუს თქმით, რუსული დრონი ვასლუის ოლქში აღმოაჩინეს (მოლდოვის საზღვართან) და სავარაუდოდ, იგივე დრონია, რომელიც რუმინეთის საჰაერო სივრცეში 25 ნოემბერს დილით შეიჭრა და რადარების მიერ იქნა შემჩნეული.
ამავე ინფორმაციით, დრონს საბრძოლო ნაწილი არ ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩამოგდების ნებართვა ჰქონდათ, შესაძლო ზიანის ასარიდებლად რუმინელმა და გერმანელმა პილოტებმა, მას არ ესროლეს.
თავდაცვის მინისტრმა რუსული დრონის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც ავიაბაზაზე იმყოფებოდა, სადაც ამერიკელ სამხედროებთან ერთად მადლიერების დღე უნდა აღენიშნა.
"ეს ზეიმის დღე უნდა ყოფილიყო. ზეიმის დღე არ არის. რუსული დრონის მორიგი შემოჭრა, რუმინეთისთვის რუსეთის მხრიდან ახალი გამოწვევაა. დრონის, რომლის ჩამოგდებასაც რუმინული არმია და გერმანული Eurofighter [საბრძოლო თვითმფრინავები] ცდილობდნენ", - განაცხადა მოშტეანუმ.
მინისტრის თქმით, მან სულ ცოტა ხნის წინ გაიგო რუსული დრონის შესახებ და მხოლოდ წინასწარი ინფორმაცია გააჩნია, რომ დრონი ვალსუის ოლქში ჩამოვარდა და მას საბრძოლო ნაწილი არ გააჩნდა.
მოშტეანუმ აღნიშნა, რომ შემდგომი ნაბიჯების კოორდინაციისთვის ის ვადაზე ადრე ბრუნდება ბუქარესტში.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ საჭიროა რაკეტსაწინააღმდეგო სიატემის შექმნა.
„ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. მე თვითონ დავაფიქსირე რუსული დრონები პოლონეთის საზღვარზე. აუცილებელია ევროპამ შეიმუშაოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, რომ დააფიქსირონ. ასეთი ამერიკას ჰქონდა, ე.წ. ოქროს ცა. სხვა გამოსავალი არ არის.
ალბათ ევროკავშირმა უნდა შექმნას მინი-საჰაერო სისტემა. ამ სიტუაციაში ნატოს ჩართულობა აუცილებელია, ვინაიდან ეს ყველაფერი უკვე სერიოზულ სახეს იღებს. ზომების მიღება საჭიროა ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებთან. ეს არის გამოსავალი, სხვა გზას მე ვერ ვხედავ",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



