თამთა ჩაჩანიძე
(25.11.2025)

ანალიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ" მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება კვლავ ძველი - შერეული სისტემით გადაწყვიტოს. მათი შეფასებით, ამ საკითხის წამოჭრა მით უფრო მოსალოდნელია იმიტომაც, რომ სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა იყო, ბოლო პერიოდში კი საქართველოს მმართველმა პარტიამ აქტიურად დაიწყო ასეთი გადაწყვეტილებების ერთგვარი რევიზია.

ეს ვარაუდი „რეზონანსთან" საუბრისას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ გამოთქვა. საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ მმართველ პარტიას ეს ცვლილებები 2028 წლის არჩევნებისთვის სჭრდება და გამორიცხული არაა ამას მაჟორიტარული სისტემის აღდგენაც დაემატოს:

„შესაძლებელია მაჟორიტარების ინსტიტუტიც აღდგეს და ამით დასავლეთს სამაგიერო გადაუხადონ, რადგან თავის დროზე იქიდან იყო ამის მოთხოვნა".

2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა სრულიად პროპორციული წესით, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებში მიღებული ხმების პროპორციულად მიიღეს პარლამენტში მანდატები.

მანამდე, 2020 წელს კი, მაჟორიტარული არჩევნების წესში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანეს - მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 73-დან 30-მდე შემცირდა და არჩევნები, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის შეთანხებით, 120/30-ზე (120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი და 30 მაჟორიტარი) პრინციპით ჩატარდა.

მანამდე კი 150-კაციან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩეოდა და 73 - მაჟორიტარულით.

აღდგება თუ არა შერეული სისტემა

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ „ოცნება" ამაზე წავიდეს, თუმცა, ეს შესაძლოა 2028 წლის არჩევნების წინ მოხდეს და არა ახლა.

„ოცნება" შეიძლება ასეთ რამეზე წავიდეს იმის გამო, რომ რეგიონებში პარტიული სიები მაინცდამაინც პოპულარული არასოდეს არ ყოფილა. რეგიონებში ყოველთვის მაჟორიტარი ერჩივნათ - ის, რომ იცნობენ ადამიანს, აქვს სახელი, თავადაც ბევრს იცნობს. მსოფლიოშიც ძალიან ბევრგან მაჟორიტარული, ან შერეული სისტემაა.

„ახირება, რომ არჩევნები მხოლოდ პარტიული სიით ტარდებოდეს, ეს სააკაშვილის „ნაცებისგან" მოდიოდა და დასავლეთში მათი პარტნიორებიც მხარს უჭერდნენ, რადგან პარტიული სიით უფრო მეტი შანსია, რომ ის ძალები გაიყვანონ, რომლებიც დასავლელ ლობისტებს აწყობდათ, თუმცა, როგორც გაირკვა, ამანაც არ იმუშავა.

„თუ "ოცნება" ამაზე წავა, ეს შეიძლება 2028 წლისთვის ან უფრო გვიან იყოს. ნაკლებად ველი, რომ ახლა შეცვალონ. თუმცა მიჭირს პროგნოზირება. არ ველოდი იმასაც, რომ უცხოეთში დიასპორებისთვის ამას შემოიღებდნენ, რაც შეიძლება სწორიც იყოს, რომ ჩამოვიდნენ და აქ მისცენ ხმა.

„მე არავისგან გამიგია, ჩემი კონტაქტები მაქვს მხედველობაში, რომ მაჟორიტარული სისტემა შეიძლება დაბრუნდეს. თუმცა, არ გამიკვირდება, რომ დაბრუნდეს", - განაცხადა მამრაძემ.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს კი მიაჩნია, რომ არც მთლიანად პროპორციული სისტემაზე გადასვლა იყო ლოგიკური.

„გარდა იმისა, რომ კანონმდებლობის მიმართულებით აშკარა მოძრაობა შეინიშნება, ერთი ფაქტორიცაა და რამდენად მიანიჭებენ ამას მნიშვნელობას ვერ გეტყვით, მაგრამ მხოლოდ პროპორციული სისტემა იქაა, სადაც პარტიებია, ხოლო თუ პარტიები არაა, რის პროპორციულ სისტემაზეა ლაპარაკი, გაუგებარია.

„ეს მაშინაც გაუგებარი იყო, როცა პროპორციული სისტემა შემოიტანეს, რადგან არც მაშინ არ იყო ბევრი პარტია და მით უმეტეს, თუკი არსებული მდგომარეობა იქნა შენარჩუნებული, კიდევ უფრო კომიკური იქნება ლაპარაკი პროპორციულ სისტემაზე. არც მაშინ იყო ლოგიკური, როცა შემოიტანეს. ლოგიკით არ ხდება ყველაფერი და ცოტა ძნელია უკანდახევა. მით უმეტეს,რომ „ქართულ ოცნებას" ისედაც უკიჟინებენ, რომ დემოკრატიისკენ უკუსვლა გაქვსო. არადა მაჟორიტარული სიატემა ძირითადად ევროპულია და აღქმულია, როგორც დემოკრატიის ეტალონი", - განაცხადა საყვარელიძემ.

რა მოჰყვება მაჟორიტარულზე გადასვლას

პეტრე მამრაძეს მიაჩნია, რომ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას კრიტიკა და ბრალდებები მოჰყვება როგორც ოპოზიციის, ისე დასავლეთის მხრიდან.

„იქნება მაშინათვე ბრალდებები - აა, ესე იგი ეშინიათ, რომ არსებული სისტემით 2028 წელს ვერ მოიგებენ და ისევ კორუფციისა და დიდი ფულის იმედზე არიან და მაჟორიტარები ამიტომ დასჭირდათ, რომელსაც 100%-ით იგებდნენ. შეგახსენებთ, მეორე ტურებიც ჩატარებულა არაერთხელ, მაგრამ ისეთი სხვაობა იყო, რომ რაიმე გაყალბებაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი - როცა სხვაობა ათჯერ მეტია, რა უნდა გაგიყალბონ? პირიქით, ოპოზიცია კანდიდატებსაც კი ვერ პოულობდა, ყველამ უარი უთხრა.

„კრიტიკა დასავლეთიდან აუცილებლად იქნება, იტყვიან იმას, რომ მაშინდელი „ოცნება" რეფორმას სწორედ იმის გამო დათანხმდა, რომ დემოკრატიისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა და ახლა როცა პარტიებს კრძალავს, ისევ ძველ სისტემას აბრუნებს", - განაცხადა მამრაძემ.

რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში დასავლეთის რეაქცია პოლიტიკურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

„ოპოზიცია იტყვის, რომ ამით ქვეყანა დემოკრატიას დაშორდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროპის ქვეყნებშია მაჟორიტარული სისტემა. რაც შეეხება უცხოეთს, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, მათ უნდათ ჩვენთვის თითის დაქნევა, თუ არა. თუ კი ეს განწყობილება იქნება, რაც დღეს არის, როცა ისინი საბაბს ეძებენ იმისთვის, რომ როგორმე შენიშვნა მოგცენ და კუთხეში დაგაყენონ, მაშინ, რა თქმა უნდა, გამოიყენებენ და კუთხეში დაგვაყენებენ.

„თუკი შეიქმნა ის კლიმატი, როცა ეცდებიან, რომ პროცესში კარგი დაინახონ, მაშინ კარგს დაინახავენ", - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე