
ნავთობის ფასი შეიძლება განახევრდეს და 1 ბარელის ფასი 30 დოლარამდე დავიდეს. ასეთია უმსხვილესი ამერიკული ბანკის - "ჯიპი მორგან ჩეიზის" ანალიტიკური დეპარტამენტის წინასწარი ვარაუდი 2027 წლისთვის. რაც შეეხება 2026 წლის პროგნოზს, ის, საშუალოდ, 53 აშშ დოლარის ფარგლებშია, რაც ამჟამინდელ ფასთან შედარებით 7-8 დოლარით ნაკლებია. უმსხვილესი ამერიკული ბანკის პროგნოზს არ იზიარებენ ეკონომისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ჯიპი მორგანის" პროგნოზი უფრო მკითხაობაა, თანაც კონკრეტული დაშვებით.
რის საფუძველზე ვარაუდობს უმსხვილესი ამერიკული ბანკი ნავთობის ფასის განახევრებას საერთაშორისო ბაზარზე? ბანკის ანალიტიკოსების განმარტებით, მომდევნო თვეების განმავლობაში, "ოპეკის" წევრ და სხვა ექსპორტიორ სახელმწიფოებს მიწოდების მკვეთრი გაზრდა აქვთ დაგეგმილი, რაც ბაზარზე ჭარბი ნავთობის მიწოდებას გამოიწვევს, ეს კი საქონლის ღირებულებაზე უარყოფითად აისახება.
ამასთან, საერთაშორისო მიმომხილველები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რაც პოტენციურად, მეტი ნავთობის წარმოებას გამოიწვევს, რადგან რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა საერთაშორისო ზეწოლისა და უკრაინული დრონების მუდმივი შეტევის წინაშე აღარ იქნება.
სხვა ანალიტიკოსების შეფასებით, მინიმალური ფასი რომელიც შეიძლება მომდევნო წლებში დაფიქსირდეს, 1 ბარელზე 40 აშშ დოლარია, რადგან ამის ქვევით, საუდის არაბეთი მიწოდებას ხელოვნურად შეზღუდავს და ფასის გასაზრდელად ბაზარზე დეფიციტს შექმნის.
"ჯიპი მორგანის" პროგნოზს მკითხაობას უწოდებს „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია. „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ჯერ ნამდვილად არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ 2027 წლისთვის ნავთობის ფასი განახევრდეს, რადგან არავინ იცის როგორი იქნება პოლიტიკური ვითარება და ომის საფრთხე დედამიწაზე.
„ეს პროგნოზი კი არა მკითხაობაა - თუ ასე და ასე იქნება, მაშინ ისე მოხდება. ყველა შემთხვევაში, ჩვენი პროგნოზი რაც იყო 2025 წლისთვის, ვხედავთ, რომ მართლდება. ჩვენ ველოდებოდით, რომ ნავთობის საშუალო ფასი, ბარელზე 60 აშშ დოლარი იქნებოდა, პლუს-მინუს 5%-იან დიაპაზონში. ზუსტად ეს მდგომარეობაა ახლა საერთაშორისო ბაზარზე.
რაც შეეხება 2026 წლის პროგნოზს, იგივე ტენდენციები შენარჩუნდება გაისადაც და მაშინ ასე გეტყვით: თუ აშშ-ს ჯარები შევლენ ვენესუელაში, ნავთობის ფასი კი არ გაიაფდება, მოიმატებს კიდეც“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნიკა შენგელიამ.
წინასწარი პროგნოზი უმადური საქმეა, თუმცა მას აქვს გარკვეული საფუძველი. ერთ-ერთი დოლარის დასუსტება. როგორც წესი, ასეთ დროს ნავთობპროდუქტები იაფდება. გარდა ამისა, ამჟამინდელი გეოპოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე მწარმოებელი ქვეყნები ცდილობენ მოკლე ვადაში მაქსიმალური მოგება მიიღონ. ამიტომ ბაზარს რაც შეიძლება მეტ ნავთობს აწვდიან. უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივაც დადებითად მოქმედებს საერთო მოცემულობაზე. სხვათა შორის, ბევრი საერთაშორისო ექსპერტი მიანიშნებდა, რომ 2025 წლის ბოლო ნავთობის ფასი 60 დოლარს ჩამოსცდებოდა და ახლა ყველ ხედავს, რომ ეს სრულიად რეალურია.
მიუხედავად ამისა, უმსხვილესი ამერიკული ბანკის პროგნოზს არ ეთანხმება ეკონომისტი, პაატა ბაირახტარი. მისი აზრით, "ჯიპი მორგანის" პროგნოზი კონკრეტული დაშვებით არის გაკეთებული, თუმცა ნებისმიერი პარამეტრის შეცვლის შემთხვევაში, არსებითად განსხვავებულ სურათს მივიღებთ.
„იმ შემთხვევაში, თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დასრულდება, გარკვეულწილად, ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დისბალანსის დარეგულირებას ხელს შეუწყობს, რაც საბოლოოდ, მის ფასზეც დადებითად იმოქმედებს. დადებითში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დადებითს ვგულისხმობ - ფასი შემცირდება. თუმცა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, მაგალითად, ჩინეთსა და ტაივანს შორის, ბოლო პერიოდში გამწვავებული სიტუაცია.
ჩინეთი ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომხმარებელია და მისი პოტენციური ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნავთობის ღირებულებაზე. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი მდგენელი არსებობს და ამ მდგენელების გათვალისწინებით უნდა ვისაუბროთ. თუ ამ მდგენელებს გავითვალისწინებთ, კი, ბატონო, შესაძლებელია ნავთობის ფასის თეორიულად შემცირება შემდეგი წლისთვის, თუმცა ნებისმიერი მდგენელის შეცვლის შემთხვევაში, სრულად განსხვავებულ სურათს მივიღებთ“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას პაატა ბაირახტარმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



