
რუსეთმა კიევი ისევ დაბომბა - ათობით რაკეტისა და ასობით დრონის მასშტაბურმა იერიშმა 6 ადამიანი იმსხვერპლა, ათასობით მოქალაქე კი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვა. ვრცელდება ინფრომაცია, რომ რუსეთი პარალელურად ფრონტზეც აძლიერებს ზეწოლას და დონეცკის ოლქში ქალაქების ალყაში მოქცევას ცდილობს
სამშაბათს, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებისა და რაკეტების ახალი იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა. ამასთან ერთად, ელექტროენერგიისა და გათბობის სისტემები გაითიშა, - განაცხადეს უკრაინის ოფიციალური პირებმა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა 22 რაკეტა და 464 დრონი ჩამოაგდეს.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა 460-ზე მეტი დრონი და 22 რაკეტა გაუშვეს. ეს ამ თვეში კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებული მეორე მასშტაბური დარტყმაა.
გარდა ამისა, უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები დონეცკის ოლქზე ზეწოლას აძლიერებენ და ქალაქ მირნოგრადის ალყაში მოქცევას ცდილობენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-7 სწრაფი რეაგირების კორპუსის პრესსამსახურმა განაცხადა.
უკრაინელი სამხედრო წარმომადგენლების თქმით, რუსები მირნოგრადსა და პოკროვსკს შორის სახმელეთო გზის გადაკეტვას ცდილობენ. თუმცა, უკრაინელი მედესანტეები კრასნი ლიმანის რაიონში მტერს აკავებენ და მათ წინსვლას ხელს უშლიან.
რუსული ჯგუფები მირნოგრადს ჩრდილოეთიდან მცირე ქვეითი ჯგუფებით უტევენ და განუწყვეტლივ გადაადგილდებიან. უკრაინის შეიარაღებული ძალები დაქალაქის თავდაცვას აძლიერებენ, განსაკუთრებით ქალაქის სამხრეთ გარეუბანში, სადაც მტერი ახალი თავდასხმებისთვის ცოცხალ ძალას აგროვებს, - წერენ ადგილობრივი გამოცემები.
მათი ცნობით, 25 ნოემბერს, ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 38-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის ჯარისკაცებმა ოთხი რუსი ჯარისკაცი დაატყვევეს. ტყვეების თქმით, თავდასხმამდე ისინი ოთხი დღის განმავლობაში ახლომდებარე დასახლების სარდაფში საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ.
ამ ვითარების პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი მოკავშირეებს იარაღის შეუფერხებელი მიწოდებისკენ მოუწოდებს.
„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტნიორი ერთად, ერთობლივი ძალისხმევით დიპლომატიისკენ წავიდეს. რუსეთზე ზეწოლამ შედეგი უნდა გამოიღოს", - განაცხადა ზელენსკიმ .
ზელენსკიმ ისიც აღნიშნა, რომ ოთხმა რუსულმა დრონმა უკრაინის მეზობელ მოლდოვასა და ნატოს წევრ რუმინეთს გადაუფრინა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრილი დრონების სამეთვალყურეოდ გამანადგურებლებიც გაგზავნეს.
ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდება შეფერხებულია
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად უკრაინის ხუთ რეგიონს 102 000-ზე მეტ ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ, განაცხადა, რომ ზიანი კიევის მასშტაბით 13 ობიექტზე დაფიქსირდა. დაზიანდა საცხოვრებელი და კომერციული შენობები და ინფრასტრუქტურა.
„რუსები განზრახ ესხმიან თავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლებს. ეს ცინიკური ტერორია", - დაწერა ტკაჩენკომ „ტელეგრამზე".
მოსკოვი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ დაბომბვას უარყოფს და აცხადებს, რომ ისეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა ენერგომომარაგება, უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობების დასასუსტებლად ლეგიტიმური სამიზნეა.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ შავი ზღვის პორტ ოდესაში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად დაზიანდა პორტი და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, სადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



