
ორი მთავარი ოპოზიციური პარტია კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობის" არაფორმალური ლიდერი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალს" („კოალიაცია ცვლილებებისთვის") ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. „ახლებისთვის" კი სააკაშვილი ისეთივე მიუღებელია, როგორც ბიძინა ივანიშვილი. რაზე მიანიშნებს ეს დაპირისპირება და როგორ აისახება მათ ამომრჩევლებზე?
აღსანიშნავია, რომ პარტია „ახალის" წევრთა მნიშნელოვან ნაწილს სწორფედ ენმ-დან წამოსული პოლიტიკოსები შეადგენენ და პარტიის ეს ერთგვარი გაყოფა თავის დროზე მეტად სკანდალურად და მტკივნეულად მოხდა. თუმცა, დღეს ამ ორივე პარტიას, „ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველზე, აკრძალვა ემუქრება. გარდა ამისა, 28 ნოემბერს, პროტესტის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, მასშტაბური აქციაა ჩანიშნული, სადაც ორივე ოპიზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას. ყოველივე ამის ფონზე არსებობდა მოლოდინი, რომ ენმ-სა და „ახლების" დაახლოება მოხდებოდა.
თუმცა, ორშაბათს „ახლების" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიამ წითელი ხაზები გაავლო და დაასახელა პოლიტიკოსი, ვინც, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, მისთვის მიუღებელია და ვისთანაც თანამშრომლობას არ აპირებს - ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მელიას ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც სააკაშვილმა პარტია „ახალის" ლიდერები ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა.
სამშაბათს მესამე პრეზიდენტმა ნიკა მელიას საპასუხოდ ახალი განცხადება გაავრცელა:
„ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ადამიანი ან „ნაცი" უნდა იყოს, ან „ქოცი". საზოგადოების დიდი უმრავლესობა არცერთი არაა და ეს ნორმალურია. მაგრამ როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ - „მე არც „ნაცი" ვარ და არც „ქოცი" - სჯობს დაამატონ - „მე ვარ იდიოტი". „არც „ნაცი", არც „ქოცი" არის ივანიშვილის სასარგებლო იდიოტების მთავარი ლოზუნგი", - წერს სააკაშვილი.
მელიას განცხადებას „ნაციონალურ მოძრაობაც" გამოეხმაურა. პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერ ფორმატში „მიხეილ სააკაშვილი საკვანძო როლს ითამაშებს".
„ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს მას შემდეგ, რაც ის იქნება საქართველოში და თავისუფლებაზე. ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ მომავალ თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოში, სააკაშვილი ითამაშებს საკვანძო როლს. დრო გვიჩვენებს. ჩვენ უნდა გვქონდეს შესაბამისი არენა იმისთვის, რომ პოლიტიკური აქტიურობა სხვა ეტაპზე გადავიდეს და სწორედ ამ არენაზე გასასვლელად მოსამზადებელი სამუშაოების დროს გვეცოდინება და თქვენც შეგატყობინებთ, თუ რა ფორმატით, ვისთან, როგორ და ვინ თანამშრომლობს - შეიძლება რამდენიმე კვირაში, შეიძლება რამდენიმე თვეში", - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მუშაობდა და ასუსტებდა პარტიას.
„გასულ წელს ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა, ჩვენი კონკურენტი იყო ამ არჩევნებში, „ნაციონალურ მოძრაობას" ასუსტებდა ეს პოლიტიკური ძალა. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს ძალიან უხაროდა, რომ ბევრი ოპოზიციური მოთამაშეა ველზე და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი სწორედ აქედან გამომდინარე იყო ოპოზიციის გაერთიანება იმ მომენტისთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომ ერთი-ერთზე დასავლეთსა და რუსეთს შორის ჰქონოდა ამომრჩეველს არჩევნის გაკეთების საშუალება.
„ჩვენ ვიყავით ერთიანი სიის მომხრე. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგა ამ ნაბიჯზე არ წამოვიდა, არ დაგვთანხმდა, იძულებული გავხდით და რადგან ეს მოცემულობა შეიქმნა, ყველამ ცალ-ლაკე ვიასპარეზეთ, რამაც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ხელი შეუწყო", - თქვა პეტრე ცისკარიშვილმა.
როგორ აისახება ამომრჩევლებზე
კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ენმ-ში სერიოზული კრიზისია და ეს დაპირისპირევა სწორედ ამაზე მიანიშნებს.
მისივი თქმით, მათ მხადამჭერებში უარყოფითად იმოქმედებს.
„საერთოდ, ძალიან ცუდი მეთოდია, როცა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ერთმანეთს რაღაცაში ადანაშაულებენ. ამორალურიცაა და ლამაზიც არაა, როცა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ასეთ რაღაცებს აბრალებენ. ამით აძლიერებენ არსებულ ხელისუფლებას. ეს არ ნიშნავს, რომ არავინ თანამშრომლობს „ოცნებასთან", ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ მტკიცებულებებია საჭირო. თუ მტკიცებულებები არ აქვთ, თავი უნდა შეიკავონ და თუ არ იკავებენ, ესე იგი საქმე სხვა რამეშია. მაგალითად იმაში, რომ ისინი ცდილობენ საკუთარ ამომრჩევლებთან თავის გადარჩენას.
„როგორც იქნა პარტიებმა მხადამჭერებზე ზრუნვა დაიწყეს, ოღონდ ცუდი მეთოდებით. ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ თითქმის 600 ათასი ამომრჩეველი სახლში დარჩა. როგორც ჩანს, ახლა ნადირობა ამათზეა დაწყებული.
„აშკარაა, რომ ენმ-ის რეიტინგი დაეცა და „ახლებმა" გაუსწრო. ამიტომ „ნაცმოძრაობა" ახლა გამწარებულია და მტრის ხატი დახატა. ეს ღრმა კრიზისზე მეტყველებს და იარაღის უაზრო გამოყენებას იწყებს. უმჯობესია დამშვიდდნენ და მტერს ახლობლებში ნუ ეძებენ.
„ეს დაპირისპირება მათ ამომრჩევლებში უარყოფითად იქნება აღქმული და იმისკენ იქნებიან, ვინც აგრესიას არ გამოიჩენს. დარწმუნებული ვარ, რომ მხარდამჭერებში სიმპატიები იმათთკენ იქნება, ვინც სუფთად მომუშავეა და ცილს არ სწამენ სხვებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით კი, დაპირისპირება ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის უფრო მოიმატებს.
„ვინმემ არ იფიქროს, რომ ესენი ცალკ-ცალკე არიან, ისინი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა". ახლა, როცა ისინი ფაქტობრივად კვდებიან, დაიწყეს ერთმანეთთან დაპირისპირება. ეს არაფერს წარმოადგენს, ვინაიდან ბუნებრივი პროცესია. ახლა უფრო მოიმატებს კბენა-ღრენა.
„ისედაც ჩანს, რომ მათ მხარს არ უჭერენ. თუ ხედავთ, ამ ვითომ აქციებზე ძალიან ცოტა ხალხია. მათი ხალხიც აღარ უჭერს მხარს", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



