მარიამ ვეკუა
(25.11.2025)

აშშ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინასთან და რუსეთთან საიდუმლო სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი" ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. უფრო კონკრეტულად კი, აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ კირილ ბუდანოვთან და რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან მართავს. „ში-ბი-ეს ნიუსი" კი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა აშშ-ის შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმას" დათანხმდა.

კონსულტაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა უკრაინაში ომის დასრულების გეგმასთან დაკავშირებით მათ შორის არსებული უთანხმოების შემცირება სცადეს და შეთანხმდნენ აშშ-ის წინადადების შეცვლაზე, რომელსაც კიევი და მისი ევროპელი მოკავშირეები კრემლის სურვილების სიად მიიჩნევდნენ.

„დრისკოლი ამ სამშვიდობო პროცესში ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული. ამიტომ, მას შეუძლია ინფორმაცია რუსებს გადასცეს. როგორც სახელმწიფო მდივანმა რუბიომ თქვა, ჩვენ 24/7-ზე ვმუშაობთ, რათა სწრაფი პროგრესი გვქონდეს", - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ანონიმურობის პირობით საუბრობდა.

ჯერჯერობით უცნობია, დრისკოლი აბუ-დაბიში მხარეებთან მოლაპარაკებებს ერთობლივად აწარმოებს, თუ მათ ცალ-ცალკე ხვდება. ოფიციალური განცხადება ამ კონსულტაციებზე ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ გაუვრცელებია.

აშშ-ის ბოლო სამშვიდობო წინადადებამ, 28-პუნქტიანმა გეგმამ, აშშ-ის მთავრობაში, კიევსა და ევროპაში ბევრი გააოცა. ევროპელები ფიქრობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შესაძლოა მზად იყოს, უკრაინას მოსკოვისკენ „მკვეთრად გადახრილი" სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისკენ უბიძგოს.

შეგახსენებთ, გეგმა მოითხოვს კიევისგან მეტი ტერიტორიის დათმობას, სამხედრო შეზღუდვების მიღებას და ნატოში გაწევრიანების აკრძალვას - პირობებს, რომლებსაც კიევი დიდი ხანია უარყოფს და კაპიტულაციის ტოლფასად მიიჩნევს. გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე დღეა აშშ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლას ზრდის, რათა ამ გეგმის მიღებაზე დაითანხმოს.

„სი-ბი-ეს ნიუსი" კი იუწყება, რომ მოლაპარაკების შედეგად ოფიციალური კიევისგან დადებითი პასუხი უკვე მიღწეულია.

გამოცემის ინფორმაციით, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმაზე" თანხმობა განაცხადა, თუმცა „უმნიშვნელო დეტალებზე" შეთანხმება ჯერ კიდევ მისაღწევია.

„უკრაინელებმა სამშვიდობო შეთანხმებაზე თანხმობა განაცხადეს. რამდენიმე უმნიშვნელო დეტალია დარჩენილი, რომელიც უნდა დაზუსტდეს, თუმცა ისინი სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდნენ", - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

რუსული მხარე ტრამპის გეგმას ასევე დადებითად აფასებს. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სამშვიდობო გეგმის პუნქტების ნაწილი შეცვლილია.

„ამჟამად, ერთადერთი არსებითი პროექტი ამერიკული, ტრამპის პროექტია. მიგვაჩნია, რომ ეს შეიძლება მოლაპარაკებების კარგი საფუძველი გახდეს და ამის შესახებ პრეზიდენტმა პუტინმაც ისაუბრა", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, „უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოგვიანებით ევროპელების მონაწილეობა აუცილებელი იქნება".

„ბუნებრივია, რომ ევროპის უსაფრთხოების სისტემის განხილვა და უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი ევროპელების მონაწილეობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. გარკვეულ ეტაპზე მათი მონაწილეობა საჭირო გახდება", - აღნიშნა პესკოვმა.

ასევე, პესკოვის ცნობით, აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის" ტექსტი უკვე შეიცვალა.

„ამერიკელებსა და უკრაინელებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გვესმის, რომ ტექსტში, რომელიც გამოქვეყნდა, გარკვეული ცვლილებები შედის. გვესმის, რომ ტექსტმა, რომელიც არაოფიციალურად ნაადრევად მივიღეთ, ცვლილებები განიცადა", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე