
გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის" საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა - სასამართლომ ივანიშვილის წინააღმდეგ საჩივარი უარყო და მისთვის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება ძალაში დატოვა. მმართველი გუნდის წევრები გადაწყვეტილებით კმაყოფილი არიან, თუმცა ამბობენ, რომ „პრობლემა მის აღსრულებაშია, ბიძინა ივანიშვილს მის აქტივზე წვდომა ისევ შეზღუდული აქვს".
სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის" შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი. სასამართლომ ასევე დაუშვებლად ცნო ჯვარედინი საჩივარი. ლონდონის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.
"საიდუმლო საბჭო ერთხმად უარყოფს CS Life-ის სააპელაციო საჩივარს ყველა საკითხთან დაკავშირებით, გარდა ზიანის ანაზღაურების ზუსტი დაწყების თარიღისა. საბჭო ასევე უარყოფს თანმხვედრ აპელაციას. საბჭოს დასკვნების შედეგად, CS Life-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გარდა ერთი ასპექტისა. ეს ეხება ზიანის შეფასების დაწყების თარიღებს.
მოსარჩელეებისთვის მინიჭებული ზიანის ანაზღაურება ხელახლა უნდა გამოითვალოს, Meadowsweet-ის პოლისისთვის 2011 წლის 31 ოქტომბრიდან (2011 წლის 30 სექტემბრის ნაცვლად) და Sandcay-ის პოლისისთვის 2012 წლის 30 ნოემბრიდან (2012 წლის 30 სექტემბრის ნაცვლად).
გამოთვლების ჩატარებისას, ამ დაწყების თარიღებზე აქტივების ფაქტობრივ ღირებულებას უნდა დაემატოს ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია ნებისმიერი არაავტორიზებული ტრანზაქციით იმ პერიოდში, როდესაც პრემია CS Life-ს ეკუთვნოდა პოლისის დაწყებამდე", - აღნიშნულია ლონდონის უზენაესი სასამართლოს პრესრელიზში, რომელსაც სასამართლო საქმეზე - შ.პ.ს. Credit Suisse Life (ბერმუდა) (მომჩივანი) ბიძინა ივანიშვილის და 6 სხვა პირის (მოპასუხეების) წინააღმდეგ - მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ავრცელებს.
ამასთან, რაც შეეხება თანმხვედრ აპელაციას, მოსარჩელეები საბჭოსგან მოითხოვდნენ, მთავარი მოსამართლის გადაწყვეტილების აღდგენას, რომლის მიხედვითაც მათ უფლება აქვთ მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება თაღლითური არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის.
ისინი ამტკიცებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცდომა დაუშვა, როდესაც ეს გადაწყვეტილება გააუქმა. სასამართლოს დოკუმენტში განმარტებულია, რომ თანმხვედრ საჩივართან დაკავშირებული საკითხებია: მართალი იყო თუ არა სააპელაციო სასამართლო, როდესაც დაადგინა, რომ არასწორი ინფორმაციის წარდგენის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რადგან: მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ ბატონ ივანიშვილს ჰქონდა მისთვის წარდგენილი განცხადებების შესახებ რაიმე შეგნებული ინფორმაცია.
ასევე, სარჩელი ექვემდებარებოდა ხანდაზმულობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას და წარდგენილი იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
სასამართლოს პრესრელიზის თანახმად, აპელაციის შემტანი მხარე შ.პ.ს. Credit Suisse Life (Bermuda) ბერმუდის სადაზღვევო კომპანია, Credit Suisse AG-ის („ბანკი") სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია იყო.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სააპელაციო საჩივარში პირველი მოპასუხე, არის ბიზნესმენი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ბანკის რჩევით, ბატონმა ივანიშვილმა 2011 და 2012 წლებში CS Life-ს გადაურიცხა ნაღდი ფული და სხვა აქტივები, რომლებიც ნდობით იყო დაცული, სიცოცხლის დაზღვევის ორი პოლისის პრემიის სახით. პოლისის აქტივები ცალკე ანგარიშზე უნდა ყოფილიყო შენახული. ბატონ ივანიშვილს ჰქონდა არჩევანი, ინვესტირება მოეხდინა დისკრეციულ, თუ არა დისკრეციულ საფუძველზე.
2015 წელს ბატონმა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ Credit Suisse-ში მისი ურთიერთობების მენეჯერი, ბატონი პატრის ლესკოდრონი, ბანკის თანამშრომელი, თაღლითურად მართავდა პოლისის აქტივებს. ბატონი ლესკოდრონი შვეიცარიაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და 2018 წლის თებერვალში სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს. მოგვიანებით მან თავი მოიკლა. 2017 წელს ბატონმა ივანიშვილმა, მისი ოჯახის წევრებმა და ორმა კომპანიამ, რომლებიც დასახელებულ დაზღვეულებს წარმოადგენენ, სარჩელი შეიტანეს ბერმუდის კუნძულებზე CS Life-ის წინააღმდეგ, ხელშეკრულების დარღვევისა და ფიდუციური მოვალეობის დარღვევის ბრალდებით. 2020 წელს მათ ასევე მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება თაღლითური არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის.
ეს პრეტენზიები წარმატებით დასრულდა ბერმუდის მთავარი მოსამართლის წინაშე. სააპელაციო სასამართლომ უარყო CS Life-ის სააპელაციო საჩივარი ხელშეკრულების დარღვევისა და ფიდუციური მოვალეობის დარღვევისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ, მაგრამ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი არასწორი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებულ სარჩელზე.
ეს გადაწყვეტილება CS Life-მა საიდუმლო საბჭოში გაასაჩივრა. მოსარჩელეებმა თანმხვედრი აპელაცია შეიტანეს არასწორი ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით მათი საჩივრის უარყოფის წინააღმდეგ", - აღნიშნულია პრესრელიზში.
შეფასებები თბილისში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესი, თუმცა არსებობს პოლიტიკური მდგენელიც.
„პოლიტიკური მდგენელიც ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავა სრულად ამოწურულად ჩაითვალოს. მნიშვნელოვანი იქნება, რომ სწორედ პოლიტიკური მდგენელის ნაწილიც იყოს, ასე ვთქვათ, მოგვარებული", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ პრობლემა მის აღსრულებაშია, ბიძინა ივანიშვილს მის აქტივზე წვდომა ისევ შეზღუდული აქვს.
„ამ ადამიანმა მერამდენე სასამართლო უნდა მოიგოს და წვდომა რატომ ეზღუდება?, იმიტომ, რომ „დიფ სთეითის" გავლენაა, მათ შორის ამ სასამართლოებზე, მის აღსრულებაზე. შვეიცარიული ბანკიც გააკოტრეს იმის გამო, რომ ამ ადამიანზე შანტაჟი, მუქარა, შეურაცხყოფა და იძულება გაგრძელებულიყო, რათა ქვეყანა უკრაინის გზას გაჰყოლოდა.
ამას არ დაეთანხმა და თქვა, რომ სულ ერთი თეთრი რომ დამრჩეს, სახელმწიფო ინტერესებს არ დავთმობო. ამ საერთაშორისო სასამართლოშიც გაიმარჯვა, მაგრამ ამერიკის მხრიდან სანქცირებულია. ჩემთვის კომიკური სიტუაციაა - ვნახეთ, მსოფლიო პოლიტიკაში რა ხდება.
არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთს ამერიკამ სანქციები მოუხსნას. ვნახეთ, რომ თურმე, ევროკავშირი ახლა იწყებს ნავთობპროდუქტების პაკეტის გამოცხობას და აქამდე სად იყვნენ? - ამ დროს ბიძინა ივანიშვილი იმისთვის ისჯება, რომ სამშობლო და სახელმწიფო ინტერესები არ გაყიდა. ფინანსებზე რომ წვდომა შეზღუდული აქვს, ნონსენსია", - განაცხადა ზარქუამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



