თამთა ჩაჩანიძე
(24.11.2025)

ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და უწყვეტი პროტესტის მონაწილეები 28 ნოემბრის დიდი აქციისთვის ემზადებიან. მიტინგი პრემიერ ირაკლი კობახიძის ერთი წლის წინანდელ განცხადებას ეძღვნება, მოთხოვნები კი იგივეა - ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება. მმართველ პარტიაში მოლოდინი აქვთ, რომ "შეიკრიბებიან და დაიშლებიან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძეც "რეზონანსთან" იგივე სცენარს ელოდება, რომ იქნება "შეკრება შეკრებისთვის".

"რაღა უნდა გააკეთონ? სამწუხაროდ საქართველოში ოპოზიცია გაკოტრებული კი არა, გაფარჩაკებულია. უნდათ იმის ჩვენება, რომ ვითომ რაღაცის გამკეთებლები არიან, სინამდვილეში არიან არარაობები და ეს არარაობა კიდევ ერთხელ 28 ნოემბერს გამოჩნდება.

იქნება შეკრება შეკრებისათვის, "4 ოქტომბერს" ვერ გაიმეორებენ, მაგათ შეტევაზე გადასვლა არ შეუძლიათ, სად უნდა წავიდნენ რა უნდა გააკეთონ?

"თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი თამაშისას, ჩვენი გუნდი დიდი ანგარიშით აგებდა, მსაჯმა დანიშნა ჯარიმა "დინამოს" კარში და ქართველებმა ცოცხალი კედელი გააკეთეს, მაშინ გაბრაზებულმა ეროსი მანჯგალაძემ ასეთი ფრაზა თქვა: "შეხედეთ, ამ მკვდრებმა ცოცხალი კედელი აღმართესო" - ასე უნდათ ახლა მაგათ" - განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, ერთწლიანმა პროტესტმა ოპოზიციას "დღევანდელი დღე მოუტანა".

"მოუტანა ის, როგორ სიტუაციაშიც დღეს არიან, რუსთაველზე აკაცუკების 150-200 კაცია დარჩენილი. ოპოზიციამ საკუთარი თავის ხარაკირი გაიკეთა, მეტი არაფერი",- განაცხადა გვენეტაძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აქცია იქნება ხალხმრავალი და დიდი ალბათობაა, რომ ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზეც გამოცხადდეს.

"ვფიქრობ, აქციას შეუერთდებიან, როგორც "კოალიცია ცვლილებებისთვის", "ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი","ფედერალისტები", ისე სამოქალაქო საზოგადოება და სხვადასხვა მოძრაობები. რა განცხადებებიც კეთდება, ჩანს, რომ აქციისთვის ემზადებიან და გარკვეული მობილიზაციაც არის. სოც ქსელების მეშვეობითაც მოუწიდებენ, რომ 28-ში ყველა აქციაზე გავიდეს.

"იქნება ჩვეულებრივი აქცია, უბრალოდ ძალიან ბევრი ხალხი იქნება. აქ არის მცდელობა აჩვენონ, რომ ბევრი ხალხია. ხელისუფლებას იმის წარმოჩენა სურს, რომ როგორი რადიკალური ძალებია, თუმცა, მე რადიკალურ სცენარს არ ველოდები. შეიძლება გაცხადდეს, რომ ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება და ადამიანებს კიდევ მოუწოდონ მასშტაბური გამოსვლებისკენ.

"წესით მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადებები უნდა გაკეთდეს, იქ "თავისუფლების მოედანი" იქნება, რომელსაც სხვადასხვა პარტიებთან ერთად გეგმა აქვს, ისინი იქნებიან და არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზეც განაცხადონ",- განაცხადა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

"ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა 28 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე „100, მაქსიმუმ 150 და ზოგჯერ 30 ადამიანი დადის წინ და უკან".

"როდესაც შენ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ხარ, ასრულებ უცხო ქვეყნის დაკვეთას, დაფინანსებული ხარ უცხო ქვეყნიდან, ისინი გმართავენ და ცალ ფეხზე დგახარ, ბუნებრივია, საზოგადოების მხარდაჭერა არ გექნება. ამის შედეგია, რომ 100, მაქსიმუმ 150 და ზოგჯერ 30 ადამიანი დადის წინ და უკან. განა იმათ უხარიათ, უბრალოდ დაკვეთა აქვთ ასეთი და ის უნდა შეასრულონ.

"გამჭვირვალობის კანონი რომ მივიღეთ, ინფორმაციამ იმოქმედა და ახალგაზრდები, სტუდენტები დაიძრნენ. მათ შორის, ჩვენი ნათესავებიც იყვნენ და როცა გაირკვა, საუბარი დავიწყეთ რასთან გვქონდა საქმე, ჩამოშორდნენ და აგერ 100 კაცი შემორჩა [აქციებზე].

როცა ინფორმირებული ხარ თემასთან არა ამათ მიერ ვიწრო წრეში ჩაგდებული მესიჯით, მერე რომ აბულინგებენ ახალგაზრდებს და ეს უბედურება, რაც ტრიალებდა, ბუნებრივია, მომავალში არ გაგრძელდება, რადგან ყველამ კარგად გაიაზრა და ნახა, რასთან აქვთ საქმე", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე