
პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციამ ვერ შეძლო „უცხოელი პატრონების" დახმარებოთ „ძალაუფლების დაბრუნება", თუმცა „გარკვეულ წარმატებებს" აღწევენ, რადგან ქვეყანა ვერ დამშვიდდა და საზოგადოებაში განხეთქილებაა. ნიშნავს თუ არა ეს იმის აღიარებას, რომ შეკრებებსა და მანიფესტაციებზე კანონების გამკაცრებამ რეალურად ვერ იმუშავა და რა პერსსპექტივა აქვს პროტესტის გაგრძელებას?
„რადიკალური ოპოზიციის უცხოელი პატრონების მცდელობა რეალურად, წარუმატებელია იმ გაგებით, რომ მათ ვერ შეძლეს ძალაუფლების დაბრუნება, მაგრამ გარკვეულ წარმატებებს აღწევენ - ჩვენი ქვეყანა ბოლომდე დამშვიდებული არ არის, სიძულვილი სჭარბობს საზოგადოებაში, ეს მათთვის უკვე შედეგია", - განაცხადა კობახიძემ შაბათს „პოსტ ტვ"ის ეთერში.
ანალიტიკოსთა აზრით, ერთის მხრივ ესაა იმის აღიარება, რომ გამკაცრებული კანონები, რომლის მიზანი პროტესტის საბოლოო შეწყვეტა იყო, არ მუშაობს, მეორეს მხრივ კი გზავნილია, რომ ისინი უფრო გამკაცრებისკენ წავლენ.
17 ოქტომბრიდან ძალაშია „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვით, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ეს შეკრებაში მონაწილე პირთა რაოდენობა ამას არ მოითხოვს, შეკრების მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის - 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას იწვევს. კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განმეორების შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული - სასჯელის სახით 1-დან 2 წლამდე პატიმრობა.
რატომ არ იმუშავა კანონების გამკაცრებამ
როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ჩანს, რომ კანონების გამკაცრება ჯერჯერობით არ მუშაობს. საპროტესტო მუხტი კი გარკვეული გარემოებების გამო ნარჩუნდება.
„კობახიძის ნათქვამიდან თუ ამოვალთ, ძირითადი მოტორი და სტიმულატორი უცხოეთია და აქ მიღებული კანონებით უცხოეთს ვერ დაარეგულირებ. გამკაცრების ხაზი ჯარიმების ხარჯზე მიდის, მაგრამ იმის ჯიბეს არ ურტყამს, ვისაც აჯარიმებენ, ამის გადახდას უკვე უცხოეთის გარკვეული ჯგუფები კისრულობენ.
„იმისთვის გაამკაცრეს, რომ პროცესი როგორმე დარეგულირდეს, თუმცა ჯერჯერობით ვხედავთ, რომ გამკაცრება არ მუშაობს. იმიტომ, რომ (ერთსა და იმავე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას) არ იმეორებენ და ახალ-ახალი ფიგურები ხდებიან სანქციის მსხვერპლი. სანქცირების მეორე ნაწილი თავიდან შეიძლება აირიდონ, პირველ ნაწილს იმით იშორებენ, რომ ჯარიმებს უხდიან", - განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, რის ხარჯზე ნარჩუნდება საპროტესტო მუხტი, საყვარელიძემ გვითხრა, რომ აქციის მინაწილეთა ნაწილს, ძირითადად ახალგაზრდებს, რუსთაველზე ყოველდღიურად გამოსვლა უბრალოდ „ეხალისება":
„ნაწილს ალბათ მიაჩნია, რომ ამით დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებს. ეს ალბათ საშუალო ასაკია და არის კიდევ უფრო მცირე ორგანიზაციული ნაწილი, რომელსაც კავშირი აქვს იმ ჯგუფებთან, ვისგანაც ეს პოლიტიკური იმპულსი და დაფინანსება მოდის".
საყვარელიძე ამბობს, რომ აქციები იქამდე გაგრძელდება, სადამდეც ეს „ვიღაცას დასჭირდება".
„ყველაფერი არსებობს იმდენად, რამდენადაც ვიღაცას სჭირდება, ეს აქციები სანამ ვინმეს სჭირდება, იქამდე დაეხმარება ამას არსებობაში", - განაცხადა საყვარელიძემ.
კონლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნებას" უნდა კანონებმა იმუშაოს, მაგრამ საზოგადოება არ ემორჩილება.
„შიშით უნდათ ქვეყნის მართვა და არ გამოუვათ. კი, უნდათ კანონებმა იმუშაოს, მაგრამ საზოგადოება არ ემორჩილება, მზადაა ციხეში წავიდეს. სტალინივით დახვრეტას ხომ არ დაიწყებენ?! ეს მოსახლეობის დამორჩილების ერთადერთი ფორმაა, მაგრამ ეჭვი მეპარება აქამდე მივიდნენ.
„ვერცერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეს, რომ პროტესტი გარედან იმართება, საზოგადოება ჯარიმებს თავად იხდის. ქუჩაში ვინცაა - ეს ერთია და და პროტესტი საზოგადოებაშია. ავტორიტარიზმის რესურსი არ ჰყოფნით, მთელი ენერგია გადასულია არა ქვეყნის მართვაზე, არამედ სამოქალაქეო საზოგადოების წინააღმდეგ. სამოქალაქო საზოგადოება მხოლოდ არსამთავრობო ორგანიზაციები კი არა, სამოქალაქო ღირებულებების მატარებელი ადამიანების ერთობაა. ამ ბეჩავებს არ ესმით, რომ სამოქალაქო საზოგადოება უკვდავია, ძლიერია და ერთადერთი რაც მას მოერევა, ესაა სტალინიზმი.
„თუ ეს ტემპერატურა არ დაეცა, რაც ახლაა, ეს გაგრძელდება. არ არის ბევრი, მაგრამ არც ცოტაა. გარკვეულ თარიღებში ხალხი მეტი გამოდის, რითაც მთავრობას ატყობინებს, რომ არ სძინავთ. ასე გაგრძელდება შემდეგ არჩევნებამდე, ყველაზე შორს 2028 წლის ოქტომბერში, ყველაზე ახლოს - ნებისმიერ დროს.
„საგარეო ფაქტორიც მნიშვნელოვანი იქნება. უკრაინაში სიტუაცია დუღილშია, ტრამპმა მორიგი წინდაუხედავი წინადადებები შესთავაზა, რაც თვით სენატსა და კონგრესშიც მიუღებელი აღმოჩნდა. იქაურმა ცვლილებებმა შეიძლება ჩვენზე მოახდინოს გავლენა. თუ რუსეთი თავსას ვერ მიაღწევს, მაშინ ევროპა მოინდომებს ასეთი წარუმატებელი რუსეთი მაქსიმალურად შებოჭონ და გააყვანინონ ძალები მოლდოვასა და სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან. თუ საქართველოს მთავრობა ამაზე უარს იტყვის, შეიძლება ქართულმა საზოგადოებამ იხუვლოს და ეს იყოს ბოლო წვეთი, როცა გარეთ გამოვა და სახლში არ შევა, ვიდრე თავისას არ მიაღწევს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რას ნიშნავს კობახიძის განცხადება
რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ განცხადებაში კობახიძე აქციების მიმდინარეობას გულისხმობს.
„პრემიერი ამ განცხადებაში აქციებს გულისხმობს, თორემ ძალაუფლებაზე არც დგება საქმე და მიტინგის სულისკვეთება აქამდე არ აღწევს. არც კი ისმის, რომ არიქა ხელისუფლება გაგადგეს და ა.შ. მოთხოვნებია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები. „გადადექი"-ს დაძახილისთვის ზურგს უკან ალტერნატიული ძალა უნდა გყავდეს და როცა ათკაციანი ჯგუფი იტყვის გადადექიო, ეს სერიოზულად არ აღიქმება.
„მეეჭვება, რომ მომავალში „გადადექი"-ს მოწოდება შემოვიდეს. ამდენი ხანია აქციებია და ამ ტიპის კარდინალური მოთხოვნა არ დაყენებულა, თუკი არ იქნა დაკვეთა იმაზე, რომ ბრძოლა უფრო კარდინალური გახდეს. თუმცა, ვხედავთ, რომ დამკვეთებს როგორც არ უნდა უნდოდეთ, რეალურად აქციების მასშტაბი ისეთ ზომებს ვერ იღებს, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზულ მოვლენად იქცეს", - განაცხადა საყვარელიძემ.
პაატა ზაქარეიშვილი კი გვეუბნება, რომ პრემიერი ეს განცხადება ხელისუფლების მხარდამჭერებზეა გათვლილი.
„მუდმივი დაუსაბუთებელი ბრალდება - რადიკალური ოპოზიციის უცხოელი პატრონები - არ არსებობენ. ან ეს რადიკალური ოპოზიცია რომელია, ამისი არანაირი საკანონმდებლო ცნება არაა. ვისაც რას უნდა იმას აბრალებს, ამ დროს კი თავს მთელი ქვეყნის პრემიერად თვლის და როგორ შეიძლება ასე ყოფდეს საზოგადოებას - რადიკალებად და არარადიკალებად?!
„აღიარება ნიშნავს, რომ დანებდნენ, მაგრამ ისინი არა დანებებას, არამედ უფრო გამკაცრებას აპირებენ, გვატყობინებენ, რომ უკან არ დაიხევენ და აპირებენ შეტევა განაგრძონ.
„ეს განცხადებები ქუჩის აქციების მონაწილეებისთვის არაა. ესაა მათივე ამომრჩევლისთვის, თუმცა ისინიც ხედავენ, რომ ვერცერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეს, რომ გარედან ფინანსდება და ზღაპრებს ყვებიან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



