მარიამ ვეკუა
(23.11.2025)

უკრაინაში ომის დასრულების ახალ 28-პუნქტინა გეგმასთან დაკავშირებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია მნიშვნელოვნად შერბილა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი სამშვიდობო წინადადება „საბოლოო არაა“, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს იმფორმაციით კი, მედიაში გაჟონილი გეგმის ვერსია აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს და ფაქტობრივად რუსების სურვილების სიაა. მანამდე კი ვითარება საკმაოდ დაძაბული იყო.

ყოველივე ამის ფონზე ჟენევაში ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს აშშ-ის, ევროკავშირისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის. დაგეგმილია აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრაც, თუმცა ამის დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია. გარდა ამისა, ევროკავშირში თავადაც შეადგინეს ალტერნატიული სამშვიდობო გეგმა, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრამპის ვერსიისგან.

ზეწოლა ზელენსკიზე

ამ ყველაფერს კი დრამატული მოვლენები უძღვოდა წინ. დასავლურმა მედიამ და ანალიტიკურმა წრეებმა 28-პუნქტიანი გეგმის ის ვერსია, რომელმაც პრესაში გაჟონა, უკრაინისათვის დამღუპველად და კაპიტულანტურად შეაფასეს. გარდა ამისა, ფრონტზე უკრაინის არმიის წარუმატებლობისა და მასშტაბური კორუფციული სკანდალის ფონზე კიდევ უფრო გაიზარდა ზეწოლა უკრაინის ხელისუფლებაზე.

მას შემდეგ, რაც ტრამპის 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პუნქტები უკრაინულმა მხარემ გაასაჯაროვა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის სასახლის წინ გამოსვლაში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრიანა არჩევანის წინაშე დგას. 

„ახლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ურთულესი მომენტია. ახლა უკრაინაზე ზეწოლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. ახლა უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგეს - ან ღირსების დაკარგვა, ან საკვანძო პარტნიორის დაკარგვის რისკი. ან შემადგენელი 28 პუნქტი, ან უკიდურესად მძიმე ზამთარი, უმძიმესი და შემდგომი რისკები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ტრამპმა პარასკევს დილით დაადასტურა, რომ მომავალი ხუთშაბათი იქნება „მისაღები“ ვადა, რათა ზელენსკიმ შეთანხმებას ხელი მოაწეროს გეგმას, რომელსაც ევროპელები  და უკრაინელი  ოფიციალურმა პირები „კაპიტულაციას“ უწოდებენ. მედიაში კი გაჟონა ინფორმაციამ, რომ აშშ შეამცირებს უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას და იარაღის მიწოდებას იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

პარასკევს, თეთრ სახლში გამოსვლისას, ტრამპმა გაიმეორა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობის გათვალისწინებით, ომის გაცილებით ადრე მოგვარებას ელოდა და დასძინა: „ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო“

ზელენსკისთან დაკავშირებით, კი აღნიშნა: „მას ეს უნდა მოეწონოს და თუ არ მოეწონება, მაშინ, მოგეხსენებათ, მათ უბრალოდ უნდა განაგრძონ ბრძოლა... გარკვეულ მომენტში მას რაღაცის მიღება მოუწევს“.

28-პუნქტიანი გეგმა უკრაინის მიერ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის - მათ შორის, მის მიერ ამჟამად კონტროლირებადი ტერიტორიების - დათმობას და არმიის რაოდენობის შემცირება ითვალისწინებს. გეგმა, უკრაინაში  ევროპელი სამშვიდობო ძალების განლაგებას გამორიცხავს.  დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ , რომ კიევმა  უარი თქვას შორი მოქმედების იარაღზე და არ უნდა შეუერთდეს ნატო-ს.

კატეგორიული ტონი

პარასკევს ეს გეგმა აშშ-მა და ევროპელ მოკავშირეებთან განიხილა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს წარმოადგენდა გენერალი დენიელ დრისკოლი, რომელიც 22 ნოემბერს ოფიციალურად დაინიშნა აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელად უკრაინის საკითხებში და ამ პოსტზე კით კელოგი შეცვალა.

მედიის ცნობით, საუბარი საკმაოდ დაძაბული იყო. ამერიკულმა მხარემ ევროპელებს განუცხადა, რომ მათი გეგმა „თითქმის არ ექვემდებარება განხილვას“. როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, გენერალმა დრისკოლმა ევროპელ დიპლომატებს განუცხადა, რომ „ვაშინგტონი არ აპირებს მოლაპარაკების წარმოებას დეტალებზე“. ამ საუბრის მონაწილე ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა კი გამოცემას განუცხადა, რომ შეხვედრაზე „გულის ამრევი ატმოსფერო“ იყო. მისივე თქმით, „დისკუსია სწრაფად გამოვიდა კონტროლიდან“, გენერალმა დრისკოლმა კი მოლაპარაკების ოთახში შესვლისას პირდაპირ კარის ზღურბლიდან განაცხადა: „დროა დავასრულოთ ეს ნაგავი“.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, აშშ კვლავინდებურად მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა მიიჩნევს, რომ ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა მშვიდობის დასამყარებლად. უსაფრთხოების გარანტიების განხილვა კი მოგვიანებით, უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეების მონაწილეობით უნდა მოხდეს.

გარდა ამისა, დრისკოლი და აშშ-ის დროებითი რწმუნებული უკრაინაში ჯულია დევიდსი შეხვედრაზე გადაჭრით მოითხოვდნენ, რომ უკრაინას ხუთშაბათამდე, 27 მოენბრამდე მოეწერა ხელი ამ საშვიდობო შეთანხმებაზე: „ეს არის საკმაოდ ვიწრო ფანჯარა მშვიდობისათვის. ტრამპს უნდა მშვიდობა ახლა, მაგრამ რაც უფრო მეტი მზარეულია ამაში ჩართული, მით უფრო გაიწელება პროცესი.

ევროპელებისთვის ამერიკელთა ასეთი პოზიცია „შოკის მომგვრელი“ იყო. „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ევროპელმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ აშშ სარგებლობს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამინდელი პოლიტიკური სისუსტით და ცდილობს მას თავს მოახვიოს შეთანხმება, რომელიც, მათი შეფასებით, წარმოადგენს „რუსეთის სტრატეგიულ გამარჯვებას“. თუმცა ამერიკული მხარე აცხადებდა, რომ ტრამპის გეგმა „საუკეთესო რამაა, რაც შეიძლება ამ ეტაპზე უკრაინამ მიიღოს“.

რუსების პოზიცია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინი უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან საუბარში  ტრამპის გეგმას გამოეხმაურა.

„თუ კიევში პრეზიდენტ ტრამპის წინადადებების განხილვა არ სურთ და ამაზე უარს ამბობენ, მაშინ მათ და ომის ევროპელ წამქეზებლებს უნდა ესმოდეთ, რომ მოვლენები, რომლებიც კუპიანსკში მოხდა, გარდაუვლად მოხდება ფრონტის სხვა საკვანძო მონაკვეთებზეც. შეიძლება ისე სწრაფად არა, როგორც ვისურვებდით, მაგრამ ეს გარდაუვლად გამეორდება... მაგრამ ჩვენ, როგორც აქამდე არაერთხელ მითქვამს, მზად ვართ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვისაც, პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის. მაგრამ ეს საჭიროებს, რა თქმა უნდა, შემოთავაზებული გეგმის ყველა დეტალის საგნობრივად განხილვას. მზად ვართ ამისთვის“, -განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ აშშ-ის სამშვიდობო გეგმის მიზანი უკრაინის კიდევ უფრო მეტი დანაკარგებისგან გადარჩენაა.

„ბევრი ადამიანი, ომის წამქეზებლების პროპაგანდის წყალობით, ვერ ამჩნევს იმ ფაქტს, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმა მიზნად ისახავს უკრაინის გადარჩენას ტერიტორიებისა და სიცოცხლის კიდევ უფრო დიდი დანაკარგისგან. უფრო ახლოს დააკვირდით მათ, ვინც მკაცრად აკრიტიკებს სამშვიდობო გეგმას და იმას, თუ როგორ სარგებლობენ ისინი დაუსრულებელი ომიდან“, - წერს დმიტრიევი სოციალურ ქსელში.

ყველამ ყველაფერი დიდი ხანია იცოდა?

საინტერესო დეტალია, რომ, მედიის ინფორმაციით, ევროპელებმა ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს იცოდნენ ამ გეგმის შინაარსი. გერმანული „ბერლინერ ცაიტუნგის“ ცნობით, გერმანიის ხელისუფლება დოკუმენტის შესახებ 29 ოქტომბერს იყო ინფორმირებული, ხოლო მისი პროექტი 4 ნოემბერს მიიღო.

სხვა დასავლური გამოცემების ცნობით კი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი  ტრამპის სამშვიდობო გეგმის დეტალების შესახებ ინფორმირებული იყო და მის შემუშავებაშიც მონაწილეობდა, თუმცა ამას უმეროვი უარყოფს,

„როიტერის“ ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოს მაიამიში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი, აშშ-ის პრეზიდენტის სიძე კუშნერი, რუსეთის წარმომადგენელი დმიტრიევი და თავად უმეროვი.

სააგენტოს ცნობით, მოლაპარაკებების შედეგად კონფლიქტის დასრულების 28-პუნქტიანი გეგმა შემუშავდა. შეხვედრის შესახებ ორი წყარო ირწმუნება, რომ უმეროვი იმ დროს მაიამიში ნამდვილად იმყოფებოდა და დოკუმენტი უიტკოფთან ერთად განიხილა.

„უიიტკოფმა უმეროვს ძირითადი დებულებები მიაწოდა და თქვა, რომ აშშ-მა დოკუმენტი უკრაინას ანკარის გავლით გადასცა, შემდეგ კი პირდაპირ კიევს“, - წერს „როიტერი“.

უფრო მეტიც, „ნიუ იორკ პოსტის“ ცნობით, უმეროვმა დადებითად შეაფასა ტრამპის გეგმა და მასში მხოლოდ ერთი ცვლილების შეტანა მოითხოვა. გეგმის თანახმად, სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაგეგმილი იყო დასავლეთის მიერ უკრაინისათვის გაწეული დახმარების სრული აუდიტი. უმეროვის თხოვნით კი ეს პუნქტი გაუქმდა და მის ნაცვლად შეთანხმებაში ჩაიწერა, რომ დასავლურ დახმარებასთან დაკავშირებით ამნისტია გამოცხადდება.

როგორც „ნიუ იორკ პოსტი“ წერს, უკრაინული მხარე დაეთახნმა ამ გეგმას მას შემდეგ, რაც მასში აუდიტი ამნისტიით შეიცვალა.

თავად უმეროვმა გეგმის მომზადებაში ან განხილვაში რაიმე მონაწილეობა ადრე ოფიციალურად უარყო. თუმცა, თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა დაადასტურა, რომ უმეროვმა შემოთავაზებული დებულებების უმეტესობა დაამტკიცა.

ევროპელების გეგმა

ყოველივე ამის პარალელურად ევროპელმა ლიდერებმა თავადაც მოამზადეს ალტერნატიული სამშვიდობო გეგმა, რომელიც მნიშნელოვნად განსხვავდება ამერიკული ვერსიისაგან. „ვაშინგტონ პოსტი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ამ ვერსიაში არ არის მოთხოვნილი უკრაინის არმიისათვის მის რიცხოვნებსა და შეიარაღებაზე რაიმე შეზღუდვების დაწესება, ხოლო ტერიტორიული დავები რუსეთსა და უკრაინას შორის მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს.

„ვაშინგტონ პოსტს“ ამ გეგმის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი აქვს მოყვანილი:

უკრაინას უნდა დაუბრუნდეს კონტროლი ზაპოროჟიეს ატომერ ელექტრო სადგურზე და კახოვკის ჰიდრო ელექტრო სადგურზე;

უკრაინას უნდა მიეცეს „შეუფერხებელი მიმოსვლის“ შესაძლებლობა მდინარე დნეპრზე და დაუბრუნდეს კონტროლი კიმბურნის ნახევარკუნძულზე, რომელსაც 2022 წლიდან რუსები აკონტროლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე