ნატალია ჯვარიძე
(22.11.2025)

ოპოზიციას „კონკრეტული" და „დაზუსტებული" ინფორმაცია აქვს, რომ „ქართული ოცნება" 2026 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას აპირებს. ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ საუბარია თავად მმართველი პარტიიდან გამოჟონილ შიდა ინფორმაციაზე. თუმცა, ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, 2028 წლამდე არჩევნების დანიშვნა ნაკლებადაა მოსალოდნელი მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ზოგიერთი გადაწყვეტილება შესაძლოა სწორედ ვადამდელი არჩევნებისათვის მზადებაზე მიანიშნებდეს.

ასეთი გადაწყვეტილებად, პირველ რიგში, შეიძლება განვიხილოთ პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში" მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანაზე მუშაობის დაწყება. გარდა ამისა, მმართველმა პარტიამ ასევე დაიწყო სამართლებრივი პროცესი ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად - საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და ითხოვს ენმ-ის, „ახალის" და „ლელოს" აკრძალვას.

ოპოზიცია საუბრობს კიდევ დამატებით სხვა დეტალებზე, მაგალითად, იმაზე, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებნის შემდეგ „ოცნება" პრაქტიკულად ისევ ჩვეულებრივად აგრძელებს საარჩევნო კამპანიას. როგორც „ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები არჩევნების შემდეგ საარჩევნო კამპანიიდან რეალურად არც გამოსულან.

„მე მაქვს მოლოდინი და მათ შორის, მეტ-ნაკლებად დაზუსტებული ინფორმაციაც კი, „ქართული ოცნების" შიდა ინფორმაციები, რომელიც ხშირად ჟონავს. ასევე, არსებობს ის კონკრეტული პოლიტიკური თუ ადმინისტრაციული ნაბიჯები, რასაც ისინი დგამენ. მაგალითად, მაჟორიტარები, რომლებიც საკრებულოებში იყვნენ წარმოდგენილი, დღემდე საარჩევნო კამპანიის მსგავს კამპანიას აგრძელებენ, ხვდებიან მოსახლეობას, რაც იმდენად უჩვეულოა, რომ 13 წლის განმავლობაში არ გაუკეთებიათ. მე არ მჯერა იმისა, რომ მათ აქვთ დავალება, რომ უბრალოდ ხალხთან ახლოს იყონ. ისინი კამპანიიდან არც გამოსულან, კამპანიას აგრძელებენ.

„კონკრეტული ინფორმაცია არსებობს, რომ „ქართულ ოცნებას" სჭირდება და ისინი აპირებენ 2026 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას. თუ ასე მოხდა, ეს იქნება ურთულესი არჩევნები, ბინძური, უსამართლო, არაკონკურენტული. თუმცა ჩვენი დამოკიდებულება არჩევნებთან მიმართებაში არის ძალიან ნათელი, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა პროცესი და ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. ყველა პროცესზე გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ იმის მიხედვით, რა შედეგს მოიტანს მონაწილეობა ან დაიგნორება.

„ცალსახად მონაწილეობის მიღება დამოკიდებულია რამდენიმე ცვლადზე. პირველი, როგორც პოლიტიკურ პარტიას აგვკრძალავენ თუ არა. გადაწყვეტილება რომ მიიღო, უკვე ფაქტის წინაშე უნდა იყო, რომ არჩევნები ჩანიშნულია. ჩვენ ვემზადებით, რომ ვიყოთ კარგ ფორმაში ნებისმიერი მომენტისთვის. რაც შეეხება ლიდერების დაკავება მოახდენს თუ არა გავლენას გადაწყვეტილებაზე, მარტივად ვამბობ, ეს არ მოახდენს ჩვენზე გავლენას", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

რისთვის შეიძლება სჭირდებოდეს „ოცნებას" ვადამდელი არჩევნები

ამჟამად 150-ადგილიან პარლამენტში, 3 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის ბოიკოტის შედეგად, მხოლოდ 101 დეპუტატია. ამის გამო პარლამენტი ბოლომდე ქმედითუნარიანი არ არის, რადგანაც, ფიზიკურად ვერ მოხერხდება ზოგიერთი გადაწყვეტილების, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებისათვის საჭირო ხმების რაოდენობის მობილიზება.

ამასთან, ოპოზიციაში არსებობს მოსაზრება, რომ ხელისუფლებას კოსნტიტუციის 78-ე მუხლის შეცვლა სურს, რომელშიც საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეა საუბარი. ამისთვის კი სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის ქონა სჭირდება.

გარდა ამისა, ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ოპოზიციის ახლანდელი სისუსტისა და დაქსაქსულობის ფონზე, „ოცნებას" ახლა უფრო გაუადვილდება არჩევნებზე წარმატების მიღწევა, ვიდრე 2028 წელს.

არის თუ არა ეს არგუმენტები საკმარისი იმისათვის, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეალისტურ სცენარად მივიჩნიოთ? ანალიტიკოს პეტრე მამრაძის აზრით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.

„მე მიმაჩნია, რომ „ოცნების" მხრიდან ეს რაციონალური გადაწყვეტილება არ იქნება. როგორც წესი, ეს ყოველთვის სისუსტის მაჩვენებელია და მოგხსენებათ, კონსტიტუციაში განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რისი საფუძველიც ახლა ნამდვილად არ არსებობს. ყველამ უნდა გაიგოს, რომ არავითარი განხეთქილება და წინააღმდეგობა ქვეყანაში არ არის. 4 ოქტომბერსაც კი არ იყო ბევრი ხალხი ქუჩაში გასული. ამიტომ ვფიქრობ, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ხელისუფლებას არ სჭირდება. 2012 წლის მერე, ვინმემ დათვალა რამდენჯერ გამოაცხადეს, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება? მე მაქვს კითხვა - რატომ უნდა დაინიშნოს არჩევნები?

„კონსტიტუციის 78-ე მუხლის ამოგდება მთლად არასერიოზულია. ვინმეს უშლის ეს მუხლი? ეს საკითხი თავისთავად 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოიხსნა. ნატოზე საერთოდ აღარ ლაპარაკობენ, ვინაიდან საქართველომ ყველა პირობა ბრწყინვალედ შეასრულა, თუმცა ჩვენ არა და სხვები მიიღეს. ამაზე უცხოელმა პატიოსნმა ექსპერტებმა დაწერეს, რომ ნატოში საქართველოს არ მიიღებენ, რადგან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა მოშლილია, რაზეც ისინი საჯაროდ ვერ საუბრობენ. ეს საკითხიც მოხსნილია. ევროკავშირზეც იგივე ვითარებაა. საქართველოს გაწევრიანებაზე არავის უფიქრია. ასე რომ, ეს მუხლი არავის უშლის. მთავრობას ნებისმიერ დროს შეუძლია თავის ხალხს უთხრას, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, მაგრამ მათ არ უნდათ", - აღნიშნა მამრაძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი, ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ახლა ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნები არ აწყობს. მისივე ვარაუდით, მზადება დაწყებულია 2028 წლისთვის.

„რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნები 2028 წელს ჩატარდება. მეც ასე მგონია, რომ იქამდე არ ჩატარდება და მანამდე „ოცნება" იმუშავებს თუნდაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე. შესაძლებელია მაჟორიტარების ინსტიტუტიც აღდგეს და ამით დასავლეთს სამაგიერო გადაუხადონ, რადგან თავის დროზე იქიდან იყო ამის მოთხოვნა.

„მეორე საკითხი - გამორიცხული არ არის ცვლილებები შეეხებოდეს ბარიერის დაწევას, ანუ იმ მთავარ ოპოზიციურ პარტიებს გააუქმებენ, მაგრამ ბარიერს დაწევენ, რათა მათი სატელიტი პატარა პარტიები პარლამენტში მოხვდნენ. ეს იმისთვის, რომ თქვან - აი, როგორი მრავალპარტიულობაა ქვეყანაში.

„აღსანიშნავია ისიც, რომ 4 ოქტომბერმა დაგვანახა, მათი რეიტინგი მაღალი არაა და არჩევნებზე მოსახლეობის მხოლოდ 40% გამოცხადდა. ამიტომ არ მგონია რიგგარეშე არჩევნები აწყობდეთ. აქედან გამომდინარე, ისინი 2028 წლამდე მოსახლეობასთან იმუშავებენ, რომ რეიტინგი როგორმე აწიონ. თუ ახლა ჩაატარებენ, ისევ გამოჩნდება, რომ არჩევნებზე ხალხი არ დადის. ასე რომ, ახლა არჩევნები ნამდვილად არ სჭირდებათ. მზადება დაწყებულია 2028 წლისთვის", - თქვა ჩიტაძემ.

შესაძლო საბაბი

პეტრე მამრაძის აზრით, ხელისუფლების მიერ გარკვეული მიზეზების მოგონება, რომ არჩევნები დაინიშნოს, მათთვის იქნება წამგებიანი.

„სისულელეა ხელისუფლებამ არჩევნების ჩატარების საბაბად გამოიყენოს მაგალითად ის, რომ ხელოვნურად ჩააგდოს პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტის მიღება, რადგან ეს იქნება პარტიის შიგნით სისუსტის დემონსტრირებისა, რის მერე ხალხი მათ ხმას აღარ მისცემს. ეს მარაზმია. საერთოდ, წლებია რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკობენ, თან როგორი მტკიცებით ფორმებში საუბრობენ. ასე რომ, ვფიქრობ ამაზე ოცნება არ წავა", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".

ნიკა ჩიტაძე კი ამბობს: „თუ ეს მოხდა, საბაბად შეიძლება გამოიყენონ, რომ მთავრობა, ან ბიუჯეტი ვერ მტკიცდება. თუმცა, როგორც ვთქვი, არ მგონია ახლა ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნები დასჭირდეს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე