თამთა ჩაჩანიძე
(21.11.2025)

ყოფილმა აქტივისტმა ლუკა ძაძამიამ თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს შემადგელობა ოფიციალურად დატოვა. მას სადეპუტატო უფლებამოსილება უკვე შეუწყდა. 21 წლის იურისტი სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობის შემდეგ, თბილისის მერმა კახი კალაძემ პროპორციული სიის 18-ე ნომრად წარადგინა, ეს პროტესტანტებისთვის გარკვეული მოულოდნელობაც იყო.

„ორმაგი მოღალატე"- უწერენ ძაძამიას. თავად კი კრიტიკის საპასუხოდ ამბობს, რომ მანდატოს დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო და აქციებში მონაწილეობისთვის „ქართული ოცნების" მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ძაძამიას მტკიცებით, კადრები, რომელიც გავრცელდა, ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციიდანაა და არა 2024 წლის გამოსვლებიდან, რადგან ამ პეროოდში ესპანეთში იმყოფებოდა.

"ისევ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ისევ ვიბრძვით თავისუფალი გამოხატულებისთვის და სირცხვილია, რომ ეს ბრძოლა უკვე მესამე თაობაზე გადადის," - ამბობდა აქციაზე საქართველოს დროშით მდგომი ძაძამია.

ახლა კი რუსთაველზე დაბრუნებას არც კი განიხილავს, პირიქით, ამბობს, რომ „თუ რუსთაველზე ვინმეს ვიხილავთ, ვიხილავთ ან შეცდომაში შეყვანილ ადამიანებს, ან სამშობლოს მოღალატეებს, რომლებიც უბრალოდ გარე დაფინანსების ხარჯზე იხარებენ გულს".

21 წლის იურისტს არ მიაჩნია, რომ ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდა, „თუმცა ცალსახად იყო ბულინგის მცდელობები" და „ჩანერგილი რუსთაველის გამზირზე არავინ ყოფილა". ამბობს, რომ კვლავ „ოცნების" გუნდში რჩება.

„ჩემს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ. მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში ავიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რასაც შემდგომ რადიკალური ჯგუფებისგან მოყვა ჩემზე და ჩემს ძვირფას ადამიანებზე პიროვნული თავდასხმები, მათი დისკრედიტაციის მცდელობები, ჩემი შეხედულებები და პოზიცია არ შეცვლილა. ვრჩები ჩემი გუნდისა და სამშობლოს ერთგული, ჩემი პირადი რესურსით ვეცდები ამ ღირებულებების დაცვისა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განვახორციელო", - აცხადებს ძაძამია,

საკრებულოს დეპუტატი, პროპორციული სიის 16-ე ნომერი ნოდარ ბოკერია თანაგუნდელზე ამბობს, რომ ძაძამიამ თავად მიიღო გადაწყვეტილება და მას კერძო სექტორში უნდოდა საქმიანობის გაგრძელება.

„უნდოდა საქმის გაგრძელება სხვა სამსახურში, კერძო სექტორში. „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს იმხელა ნდობა აქვთ მმართველი გუნდის ლიდერების მიმართ, რომ რა თქმა უნდა, პრეტენზია არ ჰქონიათ. ადამიანები უშვებენ გარკვეულ შეცდომებს, თუმცა მთავარია, რომ რაღაც გარკვეული დროის შემდეგ, ლუკა ძაძამიამ გაიაზრა თავისი შეცდომა, აღიარა, განმარტება გააკეთა და საბოლოო დადგა ისტორიის სწორ მხარე", - ეუბნება ბოკერია „ტვ პირველს".

ამ ამბებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ეხმიანება და ამბობს, რომ გუნდმა თავად ლუკა ძაძამიასგან მოისმინა, რა იყო საკრებულოს დატოვების რეალური მიზეზი.

„მან უბრალოდ თქვა, რომ მის მიმართ ხორციელდებოდა, ბოლო პერიოდში, საკმაოდ სერიოზული შეურაცხყოფა, ბულინგი ინტერნეტ სივრცეში და ამის მომსწრე თითოეული ჩვენგანი ვართ, ვინც ამით დაინტერესებულია და სიამოვნებს ამის კითხვა, ალბათ ამას ადევნებს თვალყურს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რაც შეეხება აქციაზე ძაძამიას ვიდეოკადრებს, აბაშიძე ამბობს:

„რა პრობლემაა? ისეთ რაღაცებზე უნდა ვიმსჯელოთ, რომელსაც ემოციებით უნდა მივყვეთ და ჩვენ ხომ არ ვიცით ლუკას ემოციები, როგორ ხელმძღვანელობდა მაშინ? ამაზე თვითონ უნდა ისაუბროს და მერე მისი დამოკიდებულების შეცვლა, ეს არის მისი პირადი საქმე, ისე როგორც შეიძლება პირადი სივრცე არსებობდეს ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებებია და ადამიანს, რადგან მოხვდა საჯარო სივრცეში, მოუწია ამაზე კომენტარების კეთება, თორემ ჩვენ შეიძლება ბევრ გადაწყვეტილებას ვიღებდეთ, ვცვლიდეთ და ამაზე საზოგადოება არ იყოს დაინტერესებული. ეს ის შემთხვევაა, როცა ვინტერესდებით, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს პირადი საკითხია და ამ ახალგაზრდა ადამიანმა, ლუკამ მიიღო გადაწყვეტილება ერთხელ, მერე თავისი გადაწყვეტილება გაიაზრა და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პატივი უნდა ვცეთ ამ ყველაფერს და ადამიანს მივცეთ საშუალება იცხოვროს წყნარად და მშვიდად",- განაცხადა აბაშიძემ.

„ლუკაც ჩვენი გუნდის ახალგაზრდა წევრია, სამართალმცოდნე, სამგზის სახელმწიფო სტიპენდიანტი. მას აქვს გავლილი კარგი იურიდიული პრაქტიკა სხვადასხვა იურიდიულ კომპანიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციაში. ფლობს რამდენიმე უცხო ენას, მიღებული აქვს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდო. წარმატებებს ვუსურვებ მას", განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ პროპორციული სიის ოცეულის წარდგენისას მუნიციპალური არჩევნებზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე