თამთა ჩაჩანიძე
(21.11.2025)

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე ტრამპის სამშვიდობო გეგმას ეხმიანება „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე. მისი შეფასებით, ევროპაც უახლოვდება იმ აზრს, რომ ომი უნდა შეწყდეს, თუმცა რიტორიკის დონეზე ეს ჯერ არ ჩანს. ანალიტიკოსს არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ამ გეგმას უკრაინა საბოლოოდ დათანხმდება, მიაჩნია, რომ პროცესი გაჭიანურდება მიუხედავად იმისა, რომ კიევს კატეგორიული უარი არ უთქვამს.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონისა და მოსკოვის საიდუმლო კონსულტაციების შედეგად შემუშავებულია დონალდ ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა, რომელიც კიევისთვის დიდ დათმობებზე წასვლას გულისხმობს. აღნიშნულია, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ყირიმი, დონეცკი, ლუგანსკი და გაყინოს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ფრონტები, შეზღუდოს სამხედრო ძალების რაოდენობა და დაეთანხმოს იმას, რომ ნატოს არასდროს შეუერთდება. ასევე უკრაინას ექნება უსაფრთხოების გარანტიები და 100 დღეში ჩატარდება არჩევნები. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით კი უკრაინას ისეთი მშვიდობა სჭირდება, რომელიც პატივს სცემს უკრაინელების ღირსებას.

რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ საქართველოსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, თუმცა ჩვენ განსხვავებული ვითარება გვაქვს, რადგან ომში არ ვართ.

„ჩვენთანაც შემოიჭრა რუსეთი, მაგრამ ხომ შევწყვიტეთ საომარი მოქმედება? თუ რესურსი არ გაქვს, ხომ არ უნდა შეაკლა ხალხი? მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს გზა აირჩია. აფხაზეთის ომი წელიწადნახევარი გაგრძელდა და აქ ხუთ დღეში უკან გამობრუნდნენ, მერე უკვე იყო დიპლომატიურ ურთიერთობაზე უარი და ა.შ. ეს გზა რეალობიდან გამომდინარე იყო ჩვენი არჩევანი, თორემ არა იმიტომ, რომ სასიამოვნო იყო.

„დიდი ეჭვი მაქვს, ევროპაც იგივე პოზიციას უახლოვდება, რომ ომი უნდა შეწყდეს. ჯერ რიტორიკის მხრივ ეს არ ჩანს, მაგრამ ბევრი ევროპული ანალიტიკური სამსახური იძახის, რომ ევროპა ეკონომიკურად ომის გაგრძელებას ვერ გაუძლებს, მის მოსახლეობას ბევრ რამეზე უარის თქმა მოუწევს და არიან ისინი ამისთვის მზად? ამასთან, ევროპის მოსახლეობაში მეტი წარმატება აქვთ იმ პარტიებს, რომლებიც აყენებენ პრინციპს - ჩვენს თავზე ვიზრუნოთ და თუკი ზედმეტი გვექნება, უკრაინა მერე გავიხსენოთო. ამ პარტიების წარმატება გვაფიქრებინებს, რომ ევროპის მოსახლეობა ომის გაგრძელებას არ დათანხმდება. თუ ევროპამ ომის გაგრძელებაზე თანხმობა განაცხადა, ეს დროებითი იქნება.

„(ზელენსკი) რომ სამშვიდობო გეგმას დათანხმდეს და ომი შეწყდეს, მერე მოეწყობა არჩევნები და მას გადააგდებენ, უკრაინის რადაში პროცესები უკვე დაწყებულია. ფაქტიურად, ამ გეგმაზე დათანხმება კი არა, პრეზიდენტობის გაგრძელებაზეა ახლა საკითხი ზელენსკისთვის. ის ჯერ გააჭიანურებს პასუხს და მერე ვნახოთ", - განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი შიდა აქტუალურ პოლიტიკურ თემებსაც შეეხო, მისი თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საჭიროება მმართველი პარტიისთვის არ არსებობს.

„მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ძალიან ბევრი ნიშნებია, მეეჭვება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს. დავუშვათ გამოცხადდა, ამის შედეგი ის იქნება, რომ ოპოზიცია დაიწყებს ყვირილს, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და უკან დავახევინეთო და თუ ოპოზიციამ საინფორმაციო ომში გაიმარჯვა, მაშინ არჩევნების მოწყობის დროს, დიდმა ნაწილმა შეიძლება „ოცნებას" ზურგი შეაქციოს. მოგეხსენებათ, ხალხი გამარჯვებულისკენ მიდის, ამიტომაც მეეჭვება „ქართული ოცნება" წავიდეს იმაზე, აძახებინოს ოპოზიციას გავიმარჯვეთო",-განაცხადა მან.

საყვარელიძე ეხმიანება „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებსაც, რომლის მიხედვით, ემიგრანტები ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.

„ისეთი გამოხმაურებები იყო, რომ თვითონ ეს უბიძგებს ხელისუფლებას, რომ ემიგრანტებს ხმის მიცემა გაუძნელონ, ლამის დედის გინება იყო, ანუ მკაფიოდ გამოხატული იყო ის, რომ ისინი ამ ხელისუფლებას ვერ იტანენ და ხელისუფლების სურვილი, რომ ამ ხალხის მონაწილოება შეიზღუდოს ლოგიკურია. მათ ხმის მიცემის უფლებას კი არ უკარგავს ხელისუფლება, ჩამოვიდნენ საქართველოში და ხმა მისცენ.

„13 წელია „ოცნება" ხელისუფლებაშია და რატომ არ გვაინტერესებს ახლა რატომ შემოვიდა ეს შეზღუდვა? იმიტომ, რომ დღეს უტევს საქართველოს მთელი ევროპა, ადრე ასეთი შეტევა არ ყოფილა. რუსეთში ქართველების დიდი დიასპორაა, კიდევ უფრო დიდი დისპორა მოლდოვისაა. მოლდოვაში არჩევნების დროს რუსეთში სამიოდე უბანი გახსნეს და ევროპაში უამრავი, რადგან თვლიან(და სწორად თვლიან), რომ რუსეთი მტერია და მტერი რუსეთი თავისთან მაცხოვრებლებზე გავლენას იქონიებს საიმისოდ, რომ ის ხმები მიიღოს, რომლებიც მას სჭირდება. ანალოგიური არის ევროპა, ისიც იქონიებს ევროპაში მაცხოვრებელ ქართველებზე გავლენას საიმისოდ, რომ ის ხმები მიიღოს, რაც სჭირდება. მას კი ხელისუფლებაში „ნახმოძრაობის" მოყვანა სჭირდება. ეს ნაბიჯი ემიგრანტებზე შეტევა კი არაა, ევროპული ქვეყნების აქეთ შეტევისგან თავდაცვაა, საქართელო თავდაცვის რეჟიმშია ყველა იმ კანონით, რომელიც ამჟამად მიიღეს",- განაცხადა მან.

მისივე, თქმით 28 ნოემბრის აქცია თუ ხალხმრავალი იქნება, არაა გამორიცხული, რომ დაძაბულობა მოჰყვეს, რაც ქვეყანაში არეულობას გამოიწვევს.

„თუ დიდი მიტინგი იქნა, შესაძლოა ამას არეულობაც მოჰყვეს. თუ პატარა აქცია იქნება, ისევე დაიშლებიან როგორც ადრე. იმიტომ, რომ ეს ადამიანები ამბობენ, რომ თუ ძალას იგრძნობენ, დავამხობთო. დამხობა ბუეჭულაძის სიტყვა იყო, დამხობა არეულობას არ ნიშნავს? ეს მიტინგიც საქართველოს ყოფნა-არყოფნის გარშემო ბრძოლაა. ამ არეულობით რუსეთი ისარგებლებს და ესე იგი ეს ხალხი რუსეთზე მუშაობს? არის ჯგუფი, რომელსაც უნდა რომ საქართველო, როგორც ქვეყანა არ იყოს, ამ ახალგაზრდებს კი ფიქრი არ შეუძლიათ იმაზე, რისკენ მიდის პროცესი და ვინ იხეირებს მერე გარშემომყოფებიდან იმითი, რაც დიდი მიტინგით საქართველში მოხდება",- განაცხადა საყვარელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე