
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი დონალდ ტრამპის უკრაინის სამშვიდობო გეგმას „რეზონანსთან" განიხილავს და ამბობს, რომ ეს პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან. მისივე აზრით, თუ უკრაინა ნატოში გაწვრიანებაზე უარს იტყვის, რუსეთი ამის მერე ჩვენზე გადმოვა. სწორედ ამას უკავშირებს საქართველოში ბოლოდროინდელ პროცესებსა და ხელისუფლების მიერ მიღებულ ცვლილებებს.
„თვითონ ზელენსკიმ თქვა, რომ ჯერჯერობით მკაცრ განცხადებას არ გააკეთებს, რაც თავისთავად საინტრესოა. ჩვენ პუნქტობრივად უნდა მივყვეთ გეგმას, რადგან ისეთი საკითხებია, რაც ჩაღრმავებას მოითხოვს. საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისაა, რომ მკაცრად არის გაწერილი, უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება და კონსტიტუციაში მის აკრძალვას შეიტანს. ასევე ნატო თავის წესდებაში შეიტანს, რომ უკრაინა მისი წევრი არ გახდება.
„ჩვენ კონსტიტუციაში ნატო გვიწერია და დასაფიქრებელია. ამავედროს, ძალიან საინტერესოა ბოლო დროის „ოცნების" მიერ მიღებული კანონები, თუნდაც რეფერენდუმთან დაკავშირებით. მე ვადამდელ არჩევნებს არ ველოდები 2028 წლამდე, თუმცა ველოდები რეფერენდუმს - გვინდა თუ არა ნატოში გაწევრიანება. ეს ეხმიანება სწორედ ამ მოვლენებს.
„მგონი ტრამპმა ეს გეგმა რუსეთის კარნახით შექმნა. ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენთან. როგორც ჩანს, ტრამპი რუსეთთან მუშაობს და ასევე, ქართულ მხარესთან. რუსეთის სასარგებლოდ სინქორნში, წინსწრებით მუშაობენ. ჩემთვის ყველაზე თვალშისაცემი ეს იყო. პირდაპირ ჩანს, რომ ჩვენთან ნატოს წინააღმდეგ აგორებული კამპანია შიდაქართული მოვლენა არ არის, ეს რუსეთისგანაა ჩაწვეთებული. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ „ქართული ოცნება" რუსულ პოლიტიკას ახორციელებს, რადგან ძალიან სინქრონში ხდება ყველაფერი.
„ძალიან უცნაურია ამერიკა პირდაპირ სხვა ქვეყნებზე იღებენ ვალდებულებას, რომ ყირიმსა და დონბასს რუსეთის ნაწილად აღიარებენ. ეს აბსურდია, ვინაიდან, კი ბატონო, ამერიკამ აღიაროს, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ სხვა ქვეყნები ამას არ გააკეთებენ. ამიტომ ვამბობ, უცნაურია, ტრამპი თავის თავზე იღებს, რომ სხვებიც ასე მოიქცევიან. ფაქტობრივად, გეგმაში უკრაინის ინტერესები საერთოდ არ ჩანს.
„რუსები იღებენ გარანტიას, რომ გარედან თავდასხმა არ იქნება და ვინ აპირებს ამას? რა ბოდვაა. რატომ ათანაბრებს ტრამპი რუსეთის საფრთხეებს უკრაინასთან? ასევე, ევროპას ატყუებენ, რომ აი, ხომ ხედავთ ჩვენ შეგვიძლია გარანტიები გვქონდეს, რომ რუსეთი თავს არ დაგვესხმება. ამიტომაც იყო ბოლო პერიოდში ევროპაში მოსაზრებები, იქნება თუ არა ევროპაში ომი. მგონი, ეს ამის ნაწილი იყო - ჯერ ილუზია შექმნეს, რომ შეიძლება რუსეთი ევროპას თავს დაესხას, თუმცა ამის არავითარი რესურსი არ გააჩნიაო, ახლა კი ვითომ ამ დოკუმენტით შეიძლება ევროპელებმა ამოისუნთქონ, რომ, აი, რუსეთი თავს არ დაგვესხმევა, რა ბედნიერებაა.
„მოკლედ, ეს არის პრორუსული დოკუმენტი. ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, ზელენსკიმ თქვას, ჩვენ რაღაცებზე თანახმა ვართ, მაგრამ არა ყველაფერზე და ამ მიმართულებით გარკვეული პირობები დააყენოს. მაგალითად, უარი თქვას ბირთვულ იარაღზე და პირობა დადოს, რუსეთს თავს არ დაესხმება. უკრაინისთვის ყველაზე მტკივნეულია, კიევი დათანხმდეს, რომ ამერიკა და სხვა ქვეყნები ყირიმსსა და დონბასს აღიარებენ რუსეთის ნაწილად. წესით, უკრაინისთვის ეს ყოვლად მიუღებელი უნდა იყოს და ალბათ, არც დათანხმდებიან. ასევე, ცუდი იქნება, თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყვის, რადგან რუსეთი ამას პირდაპირ ჩვენზე გაავრცელებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სამშვიდობო გეგმა
გამოცემა Axios-ის ცნობით, მათ მოიპოვეს გეგმის პროექტი, რომელიც ტრამპის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის ჩართულობით შეიმუშავა. უიტკოფმა გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარა რუსეთის წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან. დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ, უიტკოფმა და კუშნერმა გეგმა ასევე განიხილეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რუსტემ უმეროვთან.
გეგმის თანახმად, უკრაინის სუვერენიტეტი დადასტურდება; რუსეთს, უკრაინასა და ევროპას შორის დაიდება ყოვლისმომცველი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმება; მოსალოდნელია, რომ რუსეთი არ შეიჭრება მეზობელ ქვეყნებში და ნატო არ გაფართოვდება; რუსეთსა და ნატოს შორის გაიმართება დიალოგი, შეერთებული შტატების შუამავლობით, უსაფრთხოების ყველა საკითხის გადასაჭრელად და დეესკალაციის პირობების შესაქმნელად, რათა უზრუნველყოფილი იყოს გლობალური უსაფრთხოება და გაიზარდოს თანამშრომლობისა და მომავალი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები; უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს; უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 600 000 სამხედრო მოსამსახურით შემოიფარგლება; უკრაინა თანახმაა, კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ ნატო-ში არ შევა, ხოლო ნატო თანახმაა, თავის წესდებაში შეიტანოს დებულება, რომ უკრაინას არ მიიღებს მომავალში; ნატო თანახმაა, უკრაინაში ჯარები არ განათავსოს; ევროპული გამანადგურებლები პოლონეთში განთავსდებიან.
რაც შეეხება ტერიტორიებს, დოკუმენტის თანახმად, ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი აღიარებული იქნებიან რუსეთის დე-ფაქტო ტერიტორიებად, მათ შორის შეერთებული შტატების მიერ.
ხერსონი და ზაპოროჟიე გაიყინება შეხების ხაზის გასწვრივ, რაც ნიშნავს დე-ფაქტო აღიარებას შეხების ხაზის გასწვრივ.
გეგმის პროექტის თანახმად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ამოქმედდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია თანაბრად - 50:50-ზე - გადანაწილდება რუსეთსა და უკრაინას შორის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



