„უკრაინა ამას თუ მიიღებს, ის აღარ იარსებებს. ევროპა ამას თუ მიიღებს, რუსეთთან ომისთვის უნდა მოვემზადოთ"
მარიამ ვეკუა
(21.11.2025)

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-სგან „ომის დასრულების გეგმა" ოფიციალურად მიიღო და მის განხილვას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. გავლენიანი დასავლური გამოცემები წერენ, რომ უკრიანელები, დიდი ალბათობით, გეგმას არ დაეთნხმებიან, უკრაინის ევროპელი პარტნიორები კი ღიად ამბობენ, რომ ეს დოკუმენტი უკრაინის გაქრობას გამოიწვევს და კონტინენტს ახალ ომამდე მიიყვანს. რა წერია უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ 28-პუნქტიან დოკუმენტში და რას უნდა ველოდოთ?

„უკრაინის პრეზიდენტი უახლოეს დღეებში გეგმავს პრეზიდენტ ტრამპთან არსებული დიპლომატიური შესაძლებლობებისა და ძირითადი პუნქტების განხილვას, რომლებიც მშვიდობისთვისაა საჭირო", - ნათქვამის ზელენსკის ოფისის განცხადებაში.

„ფაინენშელ ტაიმსი" კი თავის წყაროებზე დაყრდნობით სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინაზე ინტენსიური ზეწოლა ხორციელდება, რათა სწრაფად მიიღოს ომის დასრულების სამშვიდობო გეგმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ და რუსეთმა ერთობლივად შეიმუშავეს. შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ ზელენსკი „მადლიერების დღემდე", ანუ 27 ნოემბრამდე, დათანხმდეს ამ შეთანხმებას. ვაშინგტონს სურს, რომ შეთანხმება მოსკოვს თვის ბოლომდე წარუდგინოს და მთელი პროცესი დეკემბრის დასაწყისამდე დაასრულოს.

სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ უკრაინული საზოგადოება, სავარაუდოდ, წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი შეთანხმების, რომელიც კაპიტულაციად ან მოსკოვისთვის უფრო მომგებიანად აღიქმება. საინტერესო იყო გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე კრისტინა გაიოვიშინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლაც.

„ჩვენი მიწა არ იყიდება. უკრაინა არ დათანხმდება თავდაცვის უფლების ან ჩვენი შეიარაღებული ძალების ზომისა და შესაძლებლობების რაიმე შეზღუდვას. ჩვენ ასევე არ შევეგუებით ჩვენი სუვერენიტეტის რაიმე დარღვევას, მათ შორის ჩვენი სუვერენული უფლების, ავირჩიოთ ის ალიანსები, რომლებში გაწევრიანებაც გვსურს", - აღნიშნა მან.

რას ამბობს რუსული მხარე?

მოსკოვი აცხადებს, რომ მისთვის ჯერ არ უცნობებიათ, თუ რა სურს ზელენსკის. რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მედიასთან განაცხდა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინის შესახებ კონსულტაციები არ მიმდინარეობს, თუმცა „რუსეთი უკრაინაში ვითარების მშვიდობიანად მოგვარებისთვის მზად არის".

„მშვიდობიანად მოგვარებისთვის ნებისმიერი დრო საუკეთესოა, მაგრამ ამან კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა უნდა გამოიწვიოს", - აღნიშნა პესკოვმა.

28 პუნქტი

დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს, შემდეგი პუნქტებისგან შედგება:

1. დადასტურდება უკრაინის სუვერენიტეტი; 2. რუსეთს, უკრაინასა და ევროპას შორის დაიდება სრული და ყოვლისმომცველი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმება. ბოლო 30 წლის ყველა ბუნდოვანება მოგვარებულად ჩაითვლება; 3. რუსეთი არ შეიჭრება მეზობელ ქვეყნებში და ნატო არ გაფართოვდება; 4. აშშ-ის შუამავლობით გაიმართება დიალოგი რუსეთსა და ნატო-ს შორის უსაფრთხოების ყველა საკითხის გადასაჭრელად და დეესკალაციის პირობების შესაქმნელად 5. უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს;

6. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა განისაზღვრება 600 000 პერსონალით; 7. უკრაინა თანხმდება, კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ ნატო-ში არ შევა და ნატო თანხმდება, თავის წესდებაში შეიტანოს დებულება, რომელიც მომავალში ალიანში უკრაინის მიღებას არ ითვალისწინებს; 8. ნატო თანხმდება, რომ უკრაინაში ჯარები არ განლაგდება; 9. ევროპული გამანადგურებლები პოლონეთში განთავსდებიან; 10. აშშ-ის გარანტია. 11. უკრაინას აქვს ევროკავშირის წევრობის უფლება და მიიღებს მოკლევადიან პრივილეგირებულ წვდომას ევროპულ ბაზარზე, სანამ ეს საკითხი განიხილება. 12. უკრაინის აღდგენისთვის ზომების ძლიერი გლობალური პაკეტი.

13. რუსეთი ხელახლა ინტეგრირდება გლობალურ ეკონომიკაში: სანქციების მოხსნა განიხილება და შეთანხმდება ეტაპობრივად და თითოეული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად. ...რუსეთი მიწვეული იქნება G8-ში ხელახლა გაწევრიანების მიზნით; 14. გაყინული რუსული აქტივები გამოყენებული იქნება შემდეგნაირად: აღნიშნულია, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან 100 მილიარდი დოლარი ჩაიდება უკრაინაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე რეკონსტრუქციისა და საინვესტიციო ძალისხმევაში. შეერთებული შტატები ამ წამოწყებიდან მიღებული მოგების 50%-ს მიიღებს. 15. შეიქმნება აშშ-რუსეთის ერთობლივი უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს ამ შეთანხმების ყველა დებულების განხორციელებას;

16. რუსეთი კანონმდებლობით დააფიქსირებს თავის არააგრესიულ პოლიტიკას ევროპისა და უკრაინის მიმართ; 17. აშშ და რუსეთი შეთანხმდებიან ბირთვული გაუვრცელებლობისა და კონტროლის ხელშეკრულებების, მათ შორის START I-ის გაგრძელებაზე; 18. უკრაინა თანახმაა, იყოს არაბირთვული სახელმწიფო ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების შესაბამისად; 19. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ამოქმედდება IAEA-ს ზედამხედველობის ქვეშ და გამომუშავებული ელექტროენერგია თანაბრად გაიყოფა რუსეთსა და უკრაინას შორის - 50/50-ზე; 20. ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამები სკოლებსა და საზოგადოებაში.

21. ტერიტორიული საკითხი: ოკუპირებული ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები ქვეყნების, მათ შორის შეერთებული შტატების მიერ დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსულ რეგიონებად; ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონები გაიყინება შეხების ხაზის გასწვრივ, რაც ნიშნავს შეხების ხაზის გასწვრივ დე ფაქტო აღიარებას. რუსეთი უარს იტყვის სხვა შეთანხმებულ ტერიტორიებზე, რომლებსაც ის ხუთი რეგიონის გარეთ აკონტროლებს; უკრაინული ძალები გავლენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ და ეს გაყვანის ზონა ჩაითვლება ნეიტრალურ დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც რუსეთის ფედერაციის კუთვნილი ტერიტორია. რუსული ძალები არ შევლენ ამ დემილიტარიზებულ ზონაში;

22. სამომავლო ტერიტორიული მოწყობის შესახებ შეთანხმების შემდეგ, როგორც რუსეთის ფედერაცია, ასევე უკრაინა იღებენ ვალდებულებას, რომ არ შეცვალონ ეს მოწყობა ძალის გამოყენებით. 23. რუსეთი არ შეუშლის ხელს უკრაინის მიერ მდინარე დნეპრის კომერციული საქმიანობისთვის გამოყენებას და მიღწეული იქნება შეთანხმებები შავი ზღვის გავლით მარცვლეულის თავისუფალი ტრანსპორტირების შესახებ; 24. შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი გადაუჭრელი საკითხების გადასაჭრელად. 25. უკრაინა იღებს ვალდებულებას, ჩაატაროს არჩევნები 100 დღის განმავლობაში;

26. კონფლიქტის ყველა მხარე მიიღებს სრულ ამნისტიას ომის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის.27. ეს შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო იქნება. მის შესრულებას გააკონტროლებს და უზრუნველყოფს მშვიდობის საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს პრეზიდენტი ტრამპი. დარღვევებისთვის სანქციები იქნება გათვალისწინებული; 28. როგორც კი ყველა მხარე დათანხმდება ამ მემორანდუმს, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც ორივე მხარე დაუბრუნდება შეთანხმებულ პუნქტებს შეთანხმების განხორციელების დასაწყებად, - ნათქვამია შეთანხმების ტექსტში, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.

რას ამბობენ ევროპელები?

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ კიევი დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდება, უკრაინა აღარ იარსებებს.

„უკრაინა ამას თუ მიიღებს, ის აღარ იარსებებს. ევროპა ამას თუ მიიღებს, რუსეთთან პირდაპირი ომისთვის უნდა მოვემზადოთ", - წერს მარკო მიჰკელსონი.

კაია კალასი კი აცხადებს, რომ ევროკავშირის პოზიცია არ შეცვლილა: „ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა: ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა წარმატებული რომ იყოს, მას მხარი უკრაინამ და ევროპამ უნდა დაუჭირონ,.. ზეწოლა აგრესორზე უნდა ხდებოდეს და არა მსხვერპლზე. აგრესიის დაჯილდოება მხოლოდ მეტ აგრესიას გამოიწვევს. ევროკავშირს ძალიან ცხადი ორპუნქტიანი გეგმა აქვს: პირველი - რუსეთის დასუსტება, მეორე - უკრაინის მხარდაჭერა."

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ნებისმიერ წინადადებას უკრაინის თანხმობა უნდა ჰქონდეს,

„უკრაინის მომავალი უკრაინამ უნდა განსაზღვროს და არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ეს პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს სამართლიან და მდგრად მშვიდობას, რომლის ნახვაც ყველას გვსურს", - აღნიშნა სტარმერმა.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი აშშ-ის სამშვიდობო გეგმას აკრიტიკებს.

„ჩანს, თითქოს გეგმა მოსკოვშია დაწერილი. ის სრულიად და ცალსახად შლის გაერო-ს წესდებას", - აღნიშნავს ვალტონენი. „ - ჩვენ გვსურს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინაში. ამაზე უკვე ოთხი წელია, ვმუშაობთ."

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე