
ხელისუფლება მოხმარებიდან ამოღებული ავტომობილების ნარჩენების მართვის სისტემის შექმნას გეგმავს. ამ მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავტოიმპორტიორებს შეხვდა. სპეციალისტები ამ ინიციატივას მიესალმებიან და ამბობენ, რომ თუ ინიციატივა სწორად აღსრულდება, ერთდროულად რამდენიმე პრობლემა გადაიჭრება - ქალაქი გამოუსადეგარი ავტომობილებისგან გათავისუფლდება, საპარკინგე სივრცეებიც გამოთავისუფლდება და გარემოს დაცვის პრობლემებიც მოგვარდება.
როგორც მინისტრის მოადგილემ სოსო პავლიაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაციით და შეჯერებული პოზიციებით განხორციელდეს. „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, უკვე მიღებულია ოთხი ტექნიკური რეგლამენტი, რომლებიც ეხება ბატარეებს, აკუმულატორებს, საბურავებს, ელექტრონულ ნარჩენებს და ნარჩენ ზეთებს.
მოხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიზანია, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებებისა და აღნიშნული ნარჩენების მართვის წესების განსაზღვრა, გამოუსადეგარი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია, ხელახალი გამოყენების, რეციკლირების ან სხვაგვარად აღდგენის უზრუნველყოფა.
სპეციალისტები პრობლემას ადასტურებენ, განსაკუთრებით დედაქალაქში, სადაც უამრავი ჯართადქცეული მანქანაა ქუჩებსა თუ კორუსის ეზოებში. ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე ამ ინიციატივას პოზიტიურად აფასებს და „რეზონანსთან“ ხაზს უსვამს, რომ მეორადი ავტომობილები მართლაც უდიდესი პრობლემაა. მეტიც, საპარკინგე სივრცეების დეფიციტურობა ყველასათვის ცნობილია და თუ ეს ინიციატივა განხორციელდება, სწორედ მანქანის გასაჩერებლად განკუთვნილი ადგილები გამოთავისუფლდება. მეორე მხრივ, ეს ინიციატივა გარემოს დაცვის პრობლემასაც გადაჭრის.
„როდესაც ავტომობილი დიდხანს დგას ერთ ადგილას, საღებავი იწვება და გამოყოფს მიკრონაწილაკებს. მართალია, ეს მცირე გაფრქვევაა, თუმცა მაინცხდება. გარდა ამისა, ზოგ ავტომობილში არის ზეთი, მაგალითად, ძრავის ზეთი ან გადაცემათა კოლოფის ზეთი, რომელიც წვეთავს, იჟონება ნიადაგში და ესეც ერთგვარი პრობლემაა გარემოსთვის. სწორედ ეს საკითხები გადაიჭრება თუ ეს იდეა სწორად აღსრულდება და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიეწოდება.
რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ, თუ ამას კამპანიური ხასიათი ექნება, რადგან ყველას ინტერესებშიც შედის ამ პრობლემის მოგვარება. საბოლოო ჯამში, მისაღები ინიციატივაა, უბრალოდ, მისი ბოლომდე მიყვანა, სწორი აღსრულება, დაგეგმვა და საზოგადოებისთვის სწორად მიწოდებაა საჭიროა“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას გიორგი ჯაფარიძემ.
ამავე პოზიციას იზიარებს ინჟინერ-მშენებელი, ურბანისტი გიორგი შვანგირაძე, რომელმაც დაადასტურა, რომ ეს იდეა ერთადერთი გამოსავალია, რომლითაც გამოუსადეგარი ავტომობილების პრობლემის მოგვარებას შევძლებთ. დედაქალაქში ბევრი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლებიც მწყობრიდან ისეა გამოსული ან იმდენად ძველია, რომ მეორად ნაწილებადაც აღარ გამოდგება, მფლობელი კი თავიდან მოშორებას ვერ ახერხებს, რადგან ამას გარკვეული ხარჯი სჭირდება.
„თბილისში ვერც ერთ ეზოს ვერ ნახავთ, სადაც თუნდაც ერთი ასეთი მანქანა არ დგას, ქუჩებში ხომ ისედაც უამრავია. ძველის გარდა, ნაავარიები მანქანებიც ქუჩებშია მიტოვებული. ბოლო პერიოდში მერიამ ბევრი ასეთი მანქანა გაიყვანა და რაღაც ადგილები გაიწმინდა კიდეც, მაგრამ პრობლემა მაინც მწვავეა. ყველა ადამიანი ხედავს, თუ რამდენად მისახედია ეს საკითხი.
ამასთან, ბევრია ისეთი მანქანა, რომლებიც წლების წინ არის "გამქრალი", უბრალოდ, სადღაც მიგდებულია, თან საბუთების მიხედვით, ყოფილ მფლობელებს აწერია. იმის გამო, რომ ხარვეზები აქვს, ამ ავტომობილების ჩამოწერას ვერ ახერხებენ. ვფიქრობ, სახელმწიფო ამ მანქანების აღრიცხვიდან მოხსნაშიც უნდა დაეხმაროს ხალხს, რომ შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, მიხედონ კიდეც. რაც მთავარია, ამ ინიციატივით, პარკინგის პრობლემაც მოგვარდება“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი შვანგირაძემ.
რაც შეეხება ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ხელახლა გამოყენებას ან სხვაგვარად აღდგენას, გიორგი შვანგირაძემ „რეზონანსს“ აუხსნა, რომ ეს ასეც უნდა იყოს. მსოფლიოს მასშტაბით, აბსოლუტურად ყველანაირი ძვირფასეულობა და წიაღისეული ლიმიტირებულია და ითვლის წლებს, როდის ამოიწურება. შესაბამისად, მთელ მსოფლიოში ამაზეა აქცენტი, რომ როგორმე ნარჩენები გამოყენონ და მათგან ახალი მასალების გამოდნობა შეძლონ.
„მით უმეტეს მეორადი და გამოუსადეგარი ავტომობილების შემთხვევაში, მისასალმებელია ეს იდეა, რადგან ეს ხომ გამოუყენებელი, გადაგდებული მანქანებია, რომლებიც აღარ ვარგა. ამიტომ, თუ მის დეტალებს გამოვიყენებთ ფოლადის ან ძვირფასი ლითონების გამოსადნობად, ამაზე კარგი რა იქნება“, - დასძინა "რეზონანსთან" საუბრისას გიორგი შვანგირაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



