თამთა ჩაჩანიძე
(20.11.2025)

საარჩევნო კოდექსში რეფერენდუმისა და პოლებისციტის დეფინიცია იცვლება და, მსგავსად არჩევნებისა, მითითებულია, რომ უნდა ჩატარდეს სახელმწიფო საზღვრებში. ახალი რედაქციის კოდექსი პარლამენტში უკვე ინიცირებულია „ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ. ოპოზიცია აცხადებს, რომ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა პოლიტიკური შურისძიებაა იმ შედეგების გამო, რაც 2024 წელს საზღვარგარეთის უბნებზე დაფიქსირდა. ამაზე „ოცნებაში" პასუხობენ, რომ 2024 წელს ხმა დაახლოებით 34 ათასმა ემიგრანტებმა მისცა, რაც სულ რაღაც 2%-ია, რასაც „გავლენა ვერ ექნებოდა".

დაგეგმილი ცვლილებებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.

პრემიერ ირაკლი კობახიძის შეფასებით, „არ შეიძლება ამომრჩეველმა სხვა ქვეყნის იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს გადაწყვეტილება". პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის ცვლილება არ ზღუდავს ხმის მიცემის უფლებას, არამედ მის ადგილსა და საზღვრებს აწესებს.

„ოცნების"დეპუტატის მარიამ ლაშხის აზრით, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ოთხ წელიწადში ერთხელ ემიგრანტების სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა. დავით მათიკაშვილი კი ამბობს, რომ „არჩევნების შედეგზე უცხოეთში დაფიქსირებული რეზულტატის გავლენა მინიმალურია, თუმცა თანამოქალაქეების კონსტიტუციური უფლება მნიშვნელოვანია - ასევე, უცხოეთში იხსნებოდა უბნები, რუსეთში - არა, ეს ხომ მოქალაქეების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაა."

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ადასტურებს, რომ ამ ცვლილებით რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩატარება გარკვეულწილად იზღუდება.

„ეს, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია იმ ცვლილებასთან, რაც საარჩევნო კოდექსში შედის, რომ ემიგრანტები ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხმის მიცემას ვეღარ შეძლებენ. როდესაც საქართველოს საზღვრებზეა საუბარი, აქ მოიაზრება მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები, რომელშიც შემოდის ცხინვალიც და აფხაზეთიც. აქ, ერთი მხრივ, ერთგვარი კოლიზიაა, მეორე მხრივ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა. კონსტიტუციაშიც ასეა, რომ რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება, რადგან მთელ ქვეყანას არ ფარავს და ამიტომ ლეგიტიმაციისა და ვალიდურობის პრობლემა აქვს.

„ამით გარკვეულწილად იზღუდება რეფერენდუმის და პლებისციტის ჩატარების საშუალება. მაშინ იქ განმარტება უნდა იყოს, რომ პლებისციტი და რეფერენდუმი შეიძლება ჩატარდეს საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ და მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუ სახელმწიფოს რაღაც საკითხზე რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩატარება მოუნდა, ბუნებრივია მას ცხინვალსა და აფხაზეთში ვერ ჩაატარებს.

„საარჩევნო საქმეთა სპეციალისტთან დისკუსია მქონდა, როდესაც ვთქვი, რომ საზღვარგარეთ უბნებზე დამკვირვებლები არ არიან და არავინ აკონტროლებს იმას, თუ ამომრჩევლებზე ზემოქმედება როგორ ხდება, ხომ არ ხდება მათზე ძალდატანება და ა.შ. პროცესი აბსოლუტურად თვითდინებაზეა მიშვებული, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს მართლა აქვს სურვილი, რომ ჩამოვიდეს და არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, მას შეუძლია ეს გააკეთოს ოთხ წელიწადში ერთხელ.

„საპარლამენტო არჩევნებზე 100 ათასზე მეტი ემიგრანტი დარეგისტრირდა, როგორც ამომრჩეველი, მაგრამ 35 ათასმა მიიღო მონაწილეობა, რაც იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ მათ მთელი რიგი გარემოებების გამო არჩევნებში მონაწილეობა უბრალოდ არ სურდათ და დარეგისტრირდნენ იმიტომ, რომ ერთგვარ პროპაგანდისტულ კამპანიას აჰყვნენ, რომელიც აქ ოპოზიციამ დაიწყო", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია, ამ რაოდენობის ემიგრანტი არჩევნებზე ხმის მისაცემად ჩამოვიდეს, ანჯაფარიძემ გვითხრა, რომ „რა პრობლემაა".

„აიღებს ჩვეულებრივად ბილეთს და ჩამოვა, მათ უმეტესობას აქ სახლიც აქვს, კარიც და ოჯახიც. ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე იქ ცხოვრობს არალეგალურ, ან ნახევრად ლეგალურ პირობებში, ეს ერთ-ერთი მიზეზიცაა იმის, თუ რატომ არ რეგისტრირდებიან და არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ, რადგან თუ სადმე დარეგისტრირდი და გამოჩნდი, შესაძლოა დეპორტაციის საფრთხის წინაშე დადგე. ამიტომაც მათ უმეტესობას ურჩევნია თავისთვის წყნარად იყოს და მხოლოდ ეს განსაკუთრებულად მოტივირებული ხალხი იღებს მონაწილეობას, როგორც წინა ორ არჩევნებზე ვნახეთ, მათი რაოდენობა ძალიან მცირეა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ინიციატივის მიზანია ემიგრანტების დასჯა, რადგან მათი უმრავლესობა ოპოზიციურადაა განწყობილი.

„რეფერენდუმი ესაა საჯარო კენჭისყრა და ხალხის გადაწყვეტილებას სავალდებულო ძალა აქვს. მაგალითად 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. პლებისციტს სავალდებულო ძალა არ აქვს, მაგრამ მოსახლეობის აზრის დაფიქსირება ხდება.

„ინიციატივის მიზანია პირველ რიგში ემიგრანტების დასჯა, რადგან მათი უდიდესი ნაწილი ხელისუფლების მიმართ უარყოფითადაა განწყობილი, იმიტომაც მოხდა და ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ მილიონი ემიგრანტიდან მხოლოდ 35 ათასმა მისცა ხმა. ბევრმა ვერ მოახერხა არჩევნებში მონაწილეობა, საკონსულოები ყველგან არაა და არც გაუხსნეს სპეციალურად. ვინც მიიღო მონაწილეობა, მათგან მხოლოდ 13%-მა მისცა ხმა „ოცნებას".

„თითქოს გადამწყვეტი არაა ემიგრანტთა ხმა - 2024 წლის შედეგებით, საერთო რაოდენობის 1%-ია, მაგრამ ემიგრანტების დასჯაზეცაა საუბარი, რადგან „ოცნების" მიმართ უარყოფითადა არიან განწყობილი", - განაცხადა ჩიტაძემ.

დასძენს, სულ რომ ემიგრანტების დიდმა ნაწილმა ხმის მიცემა მოინდომოს საქართველოს ტერიტორიაზე, შეიქმნება ტექნიკური პრობლემები, თუნდაც მგზავრობასთან დაკავშირებით.

ახალი რედაქციის საარჩევნო კოდექსით, არჩევნების და მასთან ერთად, რეფერენდუმისა და პლებისციტის დეფინიცია იცვლება - სამივე შემთხვევაში ხდება მითითება, რომ ის საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ტარდება.

მოქმედი საარჩევნო კანონი რეფერენდუმთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის არის საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმართება.

„საქართველოს მთელი ტერიტორია" იცვლება ჩანაწერით - „საქართველოს სახელმწიფო საზღვრები".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე