„ოპოზიციას ვურჩევ, რომ შეკავშირდნენ, თვითონაც მოემზადონ და ბოიკოტი შეწყვიტონ“
ნატალია ჯვარიძე
(20.11.2025)

პოლიტოლოგ იგორ კვესელავას არ სჯერა, რომ ევროკავშირმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის შეხვედრა ქართულ დელეგაციაში მყოფი პირების გამო გადადო. ფიქრობს, რომ საქართველო უფრო ფრთხილი უნდა იყოს ევროპის კრიტიკაში, რადგან ამით ისევ და ისევ ჩვენი ქვეყანა ზარალდება. დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც, დიდი ალბათობით, რომ 2026 წელს ჩატარდება.

იგორ კვესელავა: პიროვნების გამო ასეთი ღონისძიებების გადადება არ ხდება. ვიცი, რომ საქართველო-ევროკავშირის საკითხი მარტივი არ არის, პროცესები ძალიან გართულდა. ბუნებრივია, ჩვენი ხელისუფლება იძახის, რომ ეს მათ გაართულეს, ოპოზიციის მოსაზრება კი ყველამ იცის. მე მაგალიათად არ მივესალმები იმას, რომ ჩვენ ყველას განცხადებას უნდა გამოვეხმაუროთ და პასუხი გავცეთ. ეს შეიძლება გაატარო კიდევაც. ევროპაში ჩვენ გვინდა და მათი დაკარგვით ჩვენ დაგვაკლდება. ვისთან ვართ? რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, ვისთან უნდა ვიყოთ, თუ არა ევროპა? თქვენ იცით, რომ დეკემბერში საბოლოოდ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს - ვის უნდა შეეხოს სანქციები - ხალხს, თუ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ეს რომ გადაიდო, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს - ეს ტექნიკური მიზეზების გამო მოხდა. ცხადია, ყველამ კარგად იცის, ევროკავშირთან ურთიერთობები ძალიან გართულებულია. ამიტომ მე „ოცნებას" ვურჩევდი, არ გავაღიზიანოთ და პირიქით, დიპლომატიური გზები ვნახოთ.

იცით, რა მაინტერესებს, თუ ევროპასთან ურთიერთობას გავწყვეტთ, უზბეკეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან წამოსულ პროდუქტს ევროპაში როგორ გაიტანენ? უნდა გაიგონ, რომ ევროპასთან დაშორება ნიშნავს ჩვენი დერეფნის ფუნქციის დაკარგვას. ამიტომ როცა წამოენთებიან-ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები და ათას რაღაცას ამბობენ ევროპელების მისამართით, ხომ არ სჯობს უფრო დამშვიდებულები ვიყოთ და მოვძებნოთ გზები დასაახლოვებლად, ვიდრე დასაშორებლად?

„რეზონანსი": ოპოზიციაში „ქართული ოცნების" ბოლოდროინდელ პოლიტიკას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ. რამდენად მოსალოდნელია ეს და არის თუ არა ოპოზიცია მზად?

ი.კ: მე ვადასტურებ, რომ ხელისუფლება მართლაც ემზადება ვადამდელი არჩევნებისთვის. გამორიცხული არ არის, ეს იყოს 2026 წელს. ვერ გეტყვით ზუსტად, რომელ თვეში იქნება, თუმცა აუცილებლად მოხდება. ვფიქრობ, ამისთვის მზადება დაწყებულია. ოპოზიციას ვურჩევ, რომ შეკავშირდნენ, თვითონაც მოემზადონ და ბოიკოტი შეწყვიტონ. ამ შემთხვევაში ბოიკოტის გზა შეცდომაა, გამართლებული არ არის. ამ გზამ ქართველი ამომრჩევლები დააბნია და განაპირობა, რომ ბევრი მათგანი არჩევნებზე არ მივიდა, ან „ოცნებას" მისცა ხმა. ეს უნდა გაითვალისწინონ. თუ ოპოზიცია არ გაერთიანდა, მაშინ საკითხი დამთავრებულია და ეს წყალს ხელისუფლების წისქვილზე ასხამს.

ასე რომ, ვფიქრობ თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, 2026 წლისთვის არჩევნები იქნება. ამისთვის მზადება ხელისუფლებამ დაიწყო, ოპოზიციისგან განსხვავებით.

„რ": რა პერსპექტივა აქვს აქციებს და სადამდე შეიძლება გაგრძელდეს?

ი.კ: ოპოზიციისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, ჩაჯდებიან თუ არა ციხეში მათი ლიდერები. ციხე დასასვენებელი ადგილივით გახდა და ადგილებიც აღარ არის. მე ვფიქრობ, შეიძლება ზოგჯერ თავს ძალითაც აჭერინებენ. ბუნებრივია, ესეც პროტესტის ფორმაა. ხელისუფლება ალბათ ფიქრობს, რომ ბოლოს და ბოლოს გაჩერდებიან, მაგრამ ასე არ მოხდება. ხელისუფლება კი უნდა ხვდებოდეს, რომ ოპოზიციის ტაქტიკაა, რასაც „ოცნება" ვერაფერს უხერხებს. ვფიქრობ, პატიმრების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე