მარიამ ვეკუა
(20.11.2025)

კანონი, რომელსაც პარლამენტი იმ არასრულწლოვნებზე იღებს, ვისზეც დასაბუთებული ვარაუდია, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინეს, განხილვის ეპიცენტრშია, საზოგადოების ნაწილი ამას პოზიტიურად შეხვდა, ნაწილი კი აკრიტიკებს. „ოცნებაში" აცხადებენ, რომ საუბარი არ არის პენიტენციურ დაწესებულებაზე, არამედ აღნიშნული ცენტრები მოზარდების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

პროექტის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი შეიქმნება.

ბავშვთა უფლებადამცველების ნაწილი აღნიშნავს, რომ მკაცრი მიდგომა შესაძლოა არასრულწლოვნებზე უარყოფითად აისახოს და პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავოს.

„რეალურად, ეს არ არის არასრულწლოვნების დახმარებისკენ მიმართული ინიციატივა, ეს არის იმ ბავშვების დასჯისკენ მიმართული ინიციატივა, რომელსაც ვერ სჯიან სისხლის სამართლის წესით. გათვალისწინებულია დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ გარკვეული გარემოებები არსებობს და არ არის დადასტურებული, ადამიანმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული. აი, ამ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით უნდა დასაჯონ ბავშვები. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ჩვენ გვახსოვს შარშან განცხადებები, რომ ვერ სჯიდნენ 14 წელს მიუღწეველ პირებს. ანუ, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი მოდელია, პირდაპირ წინააღმდეგობაშია ეს ბავშვის უფლებების დაცვასთან," - ამბობს ბავშვთა უფლებადამცველი თამარ გაბოძე.

თუმცა „ოცნებაში" აცხადებენ, რომ ვრცელდება მცდარი ინტერპრეტაციები.

„რეაბილიტაციის ცენტრები არ არის პენიტენციური დაწესებულებები. ანუ, მათ ის რეჟიმი არ ექნებათ, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში. მათი მთავარი ამოცანა იქნება რესოციალიზაცია, დახმარება, რათა კრიმინალურ სამყაროს მოსწყდნენ და ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული პროგრამები იქნება. ბევრს ეშლება და ჰგონია, რომ ეს არის კოლონიის მაგვარი დაწესებულება, რაც ასე არ იქნება. ეს იქნება სრული რეაბილიტაციის ცენტრები, სადაც მათ ღირსეულად მოეპყრობიან და შეეცდებიან, რომ კრიმინალურ სამყაროს ჩამოაშორონ.

საერთო მიზანი ერთია, რესოციალიზაცია და რეაბილიტაციის საკითხები, მაგრამ რა თქმა უნდა, მიდგომები სხვადასხვა იქნება", - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.

რას ამბობს შს მინისტრი?

„გავრცელდა არასწორი ინტერპრეტაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს არის დაახლოებით ციხის მსგავსი დაწესებულება და ა.შ. - მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ ეს მოდელი ევროპაში ძალიან აქტიურად გამოიყენება - პირდაპირ გერმანული მოდელის ანალოგი გადმოვიტანეთ, - აცხადებს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.

დარწმუნებულია, რომ ეს მექანიზმი პრაქტიკაში მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს.

„ეს მექანიზმი პრაქტიკაში, ვფიქრობ, მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს და მოგვცემს საშუალებას, რომ [მოგვარდეს] ის წუხილები, რომელიც საზოგადოებას და არაერთ კერძო ბიზნესს ჰქონდა, როცა მათ ზარალი მიიღეს და სახელმწიფოს არ ჰქონდა ეფექტური მექანიზმები ასეთი ტიპის ქმედებების წინააღმდეგ. შესაბამისად, ზრუნვით, რეაბილიტაციით და შესაბამისი პროგრამების განხორციელებით ამ ბავშვების ინტერესების დაცვა იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა დარახველიძემ.

რას გულისხმობს კანონი, მეტი დეტალი

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემაში გაერთიანდება: ცენტრი, პროკურატურა, "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გამოძიების ორგანოები, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები/სკოლები.

საყურადღებო დეტალია ისიც, რომ მხარდაჭერის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. კერძოდ, ეს არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართება; მისი მდგომარეობისა და ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება; კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვა ან გადამისამართება; აღნიშნულ სერვისებში/პროგრამებში არასრულწლოვნის მონაწილეობის მონიტორინგი; შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ არასრულწლოვნის მდგომარეობაზე მონიტორინგის განხორციელება; კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება.

პირველ ეტაპს. ცენტრში გადამისამართებას პროკურორი განახორციელებს. კერძოდ, პროკურორი არასრულწლოვანს, რომელთან მიმართებაშიც მიღებული გადაწყვეტილებით "სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურდება და ამ ქმედების ჩადენამდე 14 წელი არ შესრულებია, გადაწყვეტილების მიღებიდან 5-სამუშაო დღის ვადაში ცენტრში გადაამისამართებს.

გადამისამართების შემდეგ, ცენტრი არასრულწლოვნის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებას იწყებს

ამავე პროექტით, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის პერიოდში ნებისმიერ დროს, თუ არასრულწლოვნის ამ სახლში ყოფნა აუცილებელი აღარ იქნება, უფლებამოსილი პირი შესაბამისი გარემოების გამოვლენისთანავე მულტიდისციპლინური ჯგუფს მიმართავს არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

საინტერესოა ისიც, რომ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მყოფი არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი იქნება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლებით.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე