
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას მხარი დაუჭირა - ინფორმაცია ამერიკულ პრესაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ვრცელდება. 28-პუნქტიანი დოკუმენტი სკანდალურ მუხლსაც შეიცავს, მათ შორის რუსეთისთვის აღმოსავლეთ უკრაინის იმ რეგიონების გადაცემასაც, რომელსაც ის ახლა აკონტროლებს. თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ ასეთ ინიციატივას რეალური პერსპექტივა არ გააჩნია. რა წერია დოკუმენტში და რას ამბობენ ამერიკული და უკრაინული მხარეები?
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ არცერთ გეგმას, რომელსაც უკრაინა ბოლომდე არ იზიარებს, პერსპექტივა უბრალოდ არ აქვს.
„მე მგონია, რომ არცერთ გეგმას არა აქვს პერსპექტივა, რომელსაც უკრაინა არ დათანხმდება, იმიტომ რომ, ასეთ გეგმას არ დათნხმდება არც ევროპა. სანამ ევროკავშირი და მთლიანად ევროპა მხარს უჭერს უკრაინას, მანამდე უკრაინა ბრძოლისუნარიანია და შეუძლია, რომ დაიცვას საკუთარი ინტერესები," - განაცხადა გოგოლაშვილმა.
კითხვაზე, თუ კონსესუსი ამჯერადაც ვერ შედგა, რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში, გოგოლაშვილი გვპასუხობს, რომ ბრძოლა სავარაუდოდ ზაფხულამდე გაგრძელდება.
„შეუძლებელია იმის პროგნოზირება, როგორ განვითარდება ომის შემდგომი ეტაპები, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინა თავს იცავს, პრინციპში, რუსეთიც არ არის მონდომებული, რომ დაასრულოს ომი. ასე რომ, ეს ომი ზაფხულამდე შეიძლება გაგრძელდეს და მერე, ვფიქრობ, ორივე მხარე მივა რაღაც ერთიან პოზიციამდე და შეთანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტაზე.".
ექსპერტმა აქცენტი ტრამპის ბოლო განცხადებებზეც გააკეთა, ამბობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ისევ რუსეთის პირობებზე უკრაინის დათანხმებას ცდილობს.
„იცით რა არის, ტრამპი უკვე რამდენჯერ ჩაიჭრა ამ უკრაინის საკითზე, წაყვა პუტინს მის ძრითად მოთხოვნებში, არაფერი შეცვლილა, ტრამპი ისევ ცდილობს პუტინის პირობებზე დაითანხმოს უკრაინა. უკრაინა აღარ არის მარტო. ასე რომ, ასე ძალით პუტინის პირობებზე ნამდვილად ვერ დაითნხმებს - მე ასე ვფიქრობ," - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.
„ფარული კომუნიკაციები"
ენბისის ცნობით, ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით შემუშავებულ 28-პუნქტიან „სამშვიდობო გეგმას", რომელზეც ამერიკელი მაღალჩინოსნები რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფარულად მუშაობდნენ.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ის მხრიდან გეგმაზე პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მუშაობდნენ.
„გეგმა მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით ორივე მხარისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს. გეგმა იმას შეიცავს, რაც უკრაინას სურს და მდგრადი მშვიდობისთვის სჭირდება", - უთხრა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
მან გამოცემასთან გეგმის დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესში ჩართულ მხარეებთან გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ აუცილებელია.
ახლა გეგმის ჩარჩო უკრაინულ მხარეს უნდა წარუდგინონ და პროექტის შესახებ საბოლოო შეთანხმების ვადა უკრაინაში პენტაგონის დელეგაციის ვიზიტს ემთხვევა.
სკანდალური დეტალები
ახალი გეგმა რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინის იმ ნაწილებს მიანიჭებს, რომლებსაც ის ამჟამად არ აკონტროლებს, სანაცვლოდ კი აშშ-ს მხრიდან ევროპისა და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები იქნება უზრუნველყოფილი, რაც ქვეყნებს რუსული აგრესიისგან დაიცავს, თუმცა უცნობია, რას გულისხმობს ეს გარანტიები.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? უკრაინა და მისი მხარდამჭერები ამ ნაბიჯს უზარმაზარ დათმობად მიიჩნევენ. აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, თეთრი სახლის აზრით, თუ ომი გაგრძელდება, უკრაინა, სავარაუდოდ, ტერიტორიას დაკარგავს და „ამიტომ, უკრაინის ინტერესებშია შეთანხმების მიღწევა ახლავე".
შეგახსენებთ, უკრაინის მოლაპარაკებებში დღემდე ყველაზე საკამათო საკითხი იყო ის, თუ ომის დასრულების შემდეგ რომელი მხარე რა ტერიტორიას გააკონტროლებდა.
ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს, რომ რუსეთმა ლუგანსკსა და დონეცკზე სრული ფაქტობრივი კონტროლი მოიპოვოს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ტერიტორიის დაახლოებით 14.5%-ს კვლავ აკონტროლებს.
გარდა ამისა საუბრია აშშ-სა და რამდენიმე ქვეყნის მიერ ყირიმისა და დონბასის რუსეთის ტერიტორიად აღიარებაზე; დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე; უკრაინული არმიის რაოდენობის შემცირებაზე, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების შეზღუდვასა და ხერსონიდან და ზაპოროჟიედან რუსული ძალების ნაწილობრივი გაყვანაზე.
„კატარისა და თურქეთის შუამავლობამ ხელი შეუწყო ღაზაში ომის დასრულებას და შეიძლება ომი უკრაინაშიც დაასრულოს", - თქვა ერთ-ერთმა წყარომ.
წყაროების ცნობით, კატარის მაღალჩინოსანმა, გასულ შაბათ-კვირას, მონაწილეობა ტრამპის წარმომადგენელ სტივ უიიტკოფსა და ზელენსკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ რუსტემ უმეროვს შორის გამართულ მოლაპარაკებებში მიიღო. წყაროს ცნობით, უმეროვთან მოლაპარაკებების დროს ბევრი შეთანხმება იქნა მიღწეული.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ზელენსკიმ უმეროვი აშშ-ის გეგმის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად გაგზავნა, თუმცა თქვა, რომ ეს ზეპირი ბრიფინგი იყო და უმეროვს უიიტკოფისგან წერილობითი წინადადება არ მიუღია.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა უარყო, რომ ზელენსკის მრჩეველმა შეხვედრის დროს გეგმის პირობები მიიღო და განაცხადა, რომ უკრაინა ბევრ პუნქტს ეწინააღმდეგება.
რა არის შემდეგი? „ახლა დაველოდებით. ბურთი ზელენსკის მოედანზეა", - თქვა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



