
მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია წინასწარ დაწერილი დასკვნით ჩამოვიდა. თავად დელეგაციის წერვები სამდღიან ვიზიტს აჯამებენ და „ოცნებას" მოუწოდებენ, რომ ბოლო პერიოდში მიღებული ცნობილი კანონები გააუქმონ და ოპოზიციონერ ლიდერებზე სამართლებრივი დევნა შეწყვიტონ.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ დელეგაციის თანამომხსენებლების განცხადება „მაღალი დონის გზავნილია" ხელისუფლებისთვის, რომ „გონს მოეგოს". თუმცა ჩანს, რომ არც ეს მომენტია გამონაკლისი, როცა ხელისუფლება ევროპიდან არც ამ მოწოდებას გაითვალისწინებს და ამასვე ფიქრობენ ანალიტიკოსებიც.
„ოცნების" დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ დელეგაცია ფორმალურად ჩამოვიდა.
„საერთოდ ასე იქცევიან, ჯერ დასკვნას წერენ, მერე ჩამოდიან და ფორმალურად დადიან აქეთ-იქით, თითქოს ეს დასკვნა იქიდან გამომდინარეობს, რაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ნახეს. ეს დასკვნები უკვე დიდი ხნის დაწერილია და ეს აკვიატებული იდეები დიდი ხნის დეკლარირებულია... ჯერ დასკვნას წერენ და მერე ეძებენ გამოგონილ ფაქტებს, რომ რაიმე მიუსადაგონ ამ დასკვნას. ვიდრე ასეთი მიდგომა ექნებათ, მანამდე ამ დიალოგიდან კარგი არაფერი გამოვა.
„ვამბობთ, დავსხდეთ და დაგისაბუთებთ, რომ ეს კანონები შეესაბამება საერთაშორისო სამართალს, ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ და გვაქვს მიზეზები, რის გამოც ეს კანონმდებლობა მივიღეთ. ამ კანონმდებლობის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით მოქმედებს იმავე მიზნებისთვის და არ შეიძლება სეგრეგაცია მოახდინო, რომ შენთვის შეიძლება და შენთვის არა. როცა ზოგადი ფრაზებით მესაუბრები, რომ ეს კანონები გააუქმე და ჩემ არგუმენტებს არ აბათილებ, ისევ იმ სიტუაციიდან არის, რომ ჯერ დასკვნა გაქვს დაწერილი და მერე ეძებ ფაქტებს", - განაცხადა შარმანაშვილმა.
როგორც „ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი კი აცხადებს, პასე-ს თანამომხსენებლების მოწოდებაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ არ შეიძლება ცივილიზებულ საზოგადოებაში ყველა ოპოზიციური ლიდერი იდევნებოდეს.
„ტრაგედიაა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, რომ დღეს ეს ორგანიზაცია საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას დიქტატურის დამყარებად აფასებს. მთავარი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ არ შეიძლება, დემოკრატიულ, ცივილიზებულ საზოგადოებაში, რომელსაც ესმის საკუთარი სახელმწიფო ინტერესები, მოქალაქეების კეთილდღეობა, ყველა ოპოზიციური ლიდერი ციხეში ჰყავდეს, ან პოლიტიკური დევნის ქვეშ. ეს ძალიან მაღალი დონის გზავნილია ე.წ. ხელისუფლებისთვის, რომ გონს მოეგოს და დააბრუნოს ეს ქვეყანა იმ წერტილში, რა წერტილშიც უნდა საქართველო აბსოლუტურ უმრავლესობას. ეს არის ევროკავშირისკენ ინტეგრაციაში დაბრუნება."
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის დელეგაცია თბილისს 10-12 ნოემბერის ფარგლებში სტუმრობდა. შეხვდნენ როგორც ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს. დასკვნაში ზუსტად ვიზიტი და შეხვედრებია შეჯამებული.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყველაფერი ისევ იმ კურსით გაგრძელდება რაც აქამდე იყო, მისი თქმით, საქართველოს წვერობა შეუნარჩუნდება, თუმცა ურთოერთობები კვლავ ძველებურად იქნება.
„ყველაფერი იგივე კურსით გაგრძელდება, რაც არის, ევროპულ სტრუქტურების წარმომადგენელი ქვეყნების და განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნების მთავრობები შეუვალები არიან და რაც არ უნდა ფაქტი და მტკიცებულება დაუდო იქიდან დაწყებული, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ამის გაგონება არ უნდათ.
„თავიანთი პოზიცია აირჩიეს მთლიანად ტყუილზე და ცილისწამებაზე დაფუძნებული და იმას ვერ გადაუხვევენ. სრული თანხვედრაა იმ ტექსტებში, რასაც აქ ახმოვანებენ „ნაცები" და მასთან აფილირებული ჯგუფები და იმ ტექსტებში, არც მერე ამ სტრუქტურების მიერ ქვეყნდება.
„ქართულ ოცნებას" ჯერ როდის მოვუწოდებდი, რომ ნუ უყურებთ ევროპის რეკომენდაციებს, როგორც აპრიორი დავალებას, რომელიც შესასრულებელია. მხოლოდ ის უნდა შესრულდეს, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია. შეიძლება არაერთი რამ იყოს, რაც არ არის ქართველების ინტერესებში, არამედ პირიქით, შეიძლება დესტაბილიზაციასაც ხელი შეუწყოს. მხოლოდ ის უნდა სრულდებოდეს, რაც ჩვენს ინტერესებშია და უნდა გაგრძელდეს სახელმწიფო განმტკიცება, რაც მადლობა ღმერთს ახლა ხდება.
„ევროპის საბჭოდან უფრო ზომიერი დამოკიდებულებაა, მაგრამ არც ისაა, რომ სიმართლე აღიარონ. თუ აღიარებენ, ეს ნიშნავს, რომ თავისივე ტყუილები თავისით ამხილონ, რომ თურმე ვცდებოდით. ძალიან სწორი თქვა მაშინ ჩვენმა დელეგაციამ, რომ თვითონ გაყინეს ჩვენი იქ ყოფნა. შანტაჟის ბერკეტია - გინდა წვერი იყო და გინდა შენზე ცუდი დასკვნა არ დავწერო? კეთილი ინებეთ და ეს და ეს გააკეთეთო.
„არ მგონია, რომ გარიცხვაზე დადგეს საქმე, რადგან იქ 50-მდე ქვეყანაა, სადაც იმისთანა ქვეყნებიც არის, რომლებიც ახლოსაც არ იან დემოკრატიასთან და თავისუფლებასთან, საქართველოსთან არც შეიძლება მათი შედარება. ამ შემადგენლობაში რომ საქართველოს გარიცხვის საკითხი დასვან, ქვეყნისა, რომლის პარამეტრები და რეიტინგები უკეთესია, ვიდრე ევროკავშირის დაახლოებით 16 ქვეყანა, ამას არ ველი, მაგრამ არც ჩვენ უნდა ვიჩქაროთ რაღაცაზე დავეთანხმოთ და დავემორჩილოთ, როცა ეს ჩვენს ინტერესებში არაა",- განაცხადა მამრაძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები პორტუგალიელი სოციალისტი ედიტე ესტრელა და ლიბერალური გაერთიანება ალდა-ს ბოსნიელი წევრი საბინა ჩუდიჩი, საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. თანამომხსენებლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ იმას, რაც ასამბლეამ უკვე განაცხადა საქართველოსთან დაკავშირებულ ბოლო რეზოლუციაში. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი", „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი", „გრანტების შესახებ კანონი" და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მოქმედი კანონი შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან და ნორმებთან და, როგორც ვენეციის კომისიამ დაასკვნა, ისინი უნდა გაუქმდეს", - აღნიშნეს თანამომხსენებლებმა.
მათ ასევე გამოთქვეს ღრმა შეშფოთება ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ ბოლო დროს წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდებების გამო, რომლებსაც შეიძლება, ხანგრძლივი პატიმრობა დაეკისროთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდების საფუძველზე.
„ეს ბრალდებები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და უნდა განვიხილოთ საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო დროს შეტანილ სარჩელებთან კავშირში, რომლითაც აკრძალეს რამდენიმე მერის ოპოზიციური პარტია საქართველოში. ასეთ ქმედებებს ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ეს ქმედებები, რაც ფაქტობრივად დაამყარებს დიქტატურას საქართველოში.
„ვიზიტის დროს თანამომხსენებლები შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრებს, ასევე ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ მათი მოთხოვნა დაპატიმრებულ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრის შესახებ დაკმაყოფილდა, თუმცა ისინი სინანულს გამოთქვამენ მთავრობის წარმომადგენლების მიერ მათთან შეხვედრაზე უარის თქმის გამო, ასევე იმ ფაქტის გამო, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა მათ მოთხოვნაზე, ციხეში შეხვედროდნენ მზია ამაღლობელს. ვიზიტის დროს თანამომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობას ასამბლეის მოთხოვნებისა და შეშფოთების განსახილველად", - ნათქვამია განცხადებაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



