ნატალია ჯვარიძე
(20.11.2025)

19 ნოემბერს, 20 წლის მათე დევიძის დაპატიმრებიდან ერთი წლის თავზე, სოლიდარობის მარში გაიმართა, სადაც პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა. შსს მათ კანონის დაუმორჩილებლობასა და პოლიციელების შეუარაცხყოფაში ადანაშაულებს. თავად ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ პირიქით, პოლიციელები აგინებდნენ მონაწილეებს და ძალით სვამდნენ მანქანებში.

პროტესტანტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან, სოლიდარობის მარში გაიმართეს. უნივერსიტეტიდან მსვლელობით მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, მელიქიშვილის გამზირზე მისვლა სიმბოლური მნიშვნელობისაა, რადგან ზუსტად ერთი წლის წინ მათე დევიძე იქ დააკავეს.

მელიქიშვილის გამზირიდან მარშის მონაწილეები პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე გადავიდნენ, ხოლო იქიდან მსვლელობა კვლავ რუსთაველზე გაგრძელდა.

მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაიჭირეს. მას 4,5-წლიანი პატირმობა მიუსაჯეს და ახლა ციხეშია.

მსვლელობის პროცესში სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ლექტორი ქეთევან ხუსკივაძე და მასწავლებელი ნინო გუდაშვილი.

შსს-ს განცხადებით, დაკავებული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს", - ნათქვამია რელიზში.

შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ყველა მტკიცებულება გადაიგზავნება საქალაქო სასამართლოში, სადაც, მისი თქმით, ღია სასამართლო სხდომაზე დაცვის და საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლების მონაწილეობით თითოეული მტკიცებულება განიხილება.

„ადამიანები გუშინ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების შეურაცხყოფისთვის დააკავეს. შესაბამისად, ყველა ეს მასალა გადაიგზავნება სასამართლოში, სადაც ღია სასამართლო სხდომაზე დაცვის და საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლების მონაწილეობით განხილულ იქნება თითოეული მტკიცებულება. შესაბამისად, საშუალება გექნებათ, მოისმინოთ ის არგუმენტები, რის გამოც დააკავეს თითოეული მათგანი", - განაცხადა დარახველიძემ.

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე დაკავებულები ზაჰესისა და დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორებში შეასახლეს. ისინი ადვოკატების უმეტესობამ უკვე მოინახულა.

როგორც ლექტორ ქეთევან ხუსკივაძისა და მასწავლებელ ნინო გუდაშვილის ადვოკატმა, მარიამ კალანდაძემ თქვა, მათ კანონი არ დაურღვევიათ, მეტიც, ერთ-ერთ დაკავებულს აქეთ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. კერძოდ, კალანდაძის თქმით, ქეთევან ხუსკივაძეს საპატრულო პოლიციის უფროსმა, გოგა მემანიშვილმა შეაგინა.

„მთელი ღამის განმავლობაში ვიყავით დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დაკავებულების შესახლება გაჭიანურდა, მხოლოდ ორი მათგანის ნახვა შევძელით, ესენი გახლავთ ქეთევან ხუსკივაძე და ნინო გუდაშვილი. როგორც მათთან გასაუბრების შედეგად ჩემთვის ცნობილია, ორივეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებიან, რაც გულისხმობს, პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას. რეალურად, არც ერთი მათგანის მხრიდან მსგავსს ადგილი არ ჰქონია, უფრო მეტიც, ქეთევან ხუსკივაძის მიმართ პირიქით, აქეთ აქვს ადგილი სიტყვიერ შეურაცხყოფას.

„როგორც მან მითხრა, უშუალოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გოგა მემანიშვილმა, შეაგინა კიდეც. ხუსკივაძეს ათამდე პოლიციელი აკავებდა. იმის მიუხედავად, რომ ქეთევან ხუსკივაძეს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, საკმაოდ ძალმომრეობითი ხასიათის იყო მისი დაკავება.

„გუშინ, მას ტკივილი ჰქონდა კისრისა და იღლიის არეში, იქიდან გამომდინარე, რომ მას დაკავების მანქანაში მოსათავსებლად ეჭიდავებოდნენ. რაც შეეხება ნინო გუდაშვილს, მასთან მიმართებაშიც დაახლოებით, იგივე სცენარს ჰქონდა ადგილი, თუმცა, როგორც თვითონ მეუბნება, სიტყვიერი შეურაცხყოფა მისთვის არ მიუყენებიათ, უბრალოდ, რამდენიმე პოლიციელი ძალის გამოყენებით ცდილობდა მის მანქანაში მოთავსებას იმის მიუხედავად, რომ არც გუდაშვილი უწევდა მათ წინააღმდეგობას. არც ერთი მათგანის მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, თავს სამართალდამრღვევებად არ ცნობენ და მათთვის გაუგებარია, რა საფუძვლით მოხდა დაკავება", - განაცხადა კალანდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე