"ბოლო პერიოდში, მუდმივად მცირდება მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, რაც ეს ნიშნავს, რომ დადებითი დინამიკა გვაქვს"
თამარ ვეფხვაძე
(19.11.2025)

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა და 13.3% გახდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან დასტურდება, რომ შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევრობა 0.5%-ით შემცირდა. ეკონომისტები ამ ფაქტს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობა ყოველწლიურად მცირედით, მაგრამ მაინც იკლეს. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში, საკმაოდ დიდ გაუმჯობესებას მოიტანს. 

„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რაოდენობა გაიზარდა 0.9 ათასი კაცით (0.1%) და 975.3 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 14.3 ათასით შემცირდა (3.3%) და 418.4 ათასი შეადგინა. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში - 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია - 0.1 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია - 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია - 1.6 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 47.9%-ს და 46.5%-ს შეადგენს.

ეკონომისტისა და სტატისტიკოსის გივი მომცელიძემ აზრით, როდესაც ეკონომიკური ზრდა საშუალოზე მაღალია, უმუშევრობა მცირდება. რაც შეეხება „საქსტატის“ მონაცემებს, რომლითაც დგინდება, რომ მესამე კვარტალში უმუშევრობა 0.5%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს ძალიან კარგი ტენდენციაა. 

„სტაბილური ეკონომიკის ქვეყნებში, უმუშევრობის მაჩვენებელი 3-4%-ია. მართალია, ვამბობთ, რომ შარშანდელთან შედარებით შემცირდა, მაგრამ უმუშევრობის დონე მაინც მაღალია საქართველოში. ჯერ კარგად არ გვაქვს საქმე და ვფიქრობ, წლები დაგვჭირდება, რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება. მაგალითად, 2023 წლის მესამე კვარტალში, უმუშევრობა 15.6% იყო, ორ წელიწადში ამ მაჩვენებლის 2.2%-ით შემცირება, აშკარად კარგი მაჩვენებელია. 

სასურველია უმუშევრობის დონე კიდევ უფრო მეტად შემცირდეს, როგორც დედაქალაქსა და მსხვილ ქალაქებში, ასევე რეგიონებშიც, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდ ქალაქებში მიგრაცია შეჩერდეს“, - განუცხადა „რეზონანსს“ გივი მომცელიძემ.

არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ უმუშევრობის დონე - 13.3% მაღალი მაჩვენებელი სულაც არ არის, რადგან აბსოლუტურად ნულოვანი უმუშევრობა არ არსებობს. შესაძლოა, საბჭოთა კავშირის დროს, მსგავსი რაღაც გვქონდა, მაგრამ თავისუფალი ეკონომიკის პირობებში, 100%-იანი ბუნებრივი დასაქმები მაჩვენებელი არ არსებობს. მეტიც, ყველა მეტ-ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაშიც კი, უმუშევრობის გარკვეული პროცენტული მაჩვენებელი მაინც ფიქსირდება. 

„დიახ, ჩვენთან ჯერ კიდევ მაღალია უმუშევრობის დონე, რადგან ბოლო 30 წლის განმავლობაში, ქვეყანამ უამრავი გამოწვევა და პრობლემა გადაიარა. ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზე გაჩნდა უმუშევრობის ძალიან მაღალი დონე და შემდგომშიც ისევ ამ პრობლემასთან ბრძოლა გვიწევს კვლავინდებურად.  მიუხედავად ათასგვარი ქარტეხილებისა, მაინც არ არის მაღალი მაჩვენებელი, რადგან ბოლო პერიოდში, მუდმივად მცირდება მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის დადებითი დინამიკა გვაქვს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ უმუშევრობის შემცირების ტენდენცია სწორხაზოვანი იყოს“, - აღნიშნა ოთარ ანგურიძემ. 

„რეზონანსის“ კითხვაზე, როგორ აიხსნება „საქსტატის“ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სოფლად დასაქმების დონე გაზრდილია, ოთარ ანგურიძემ გვიპასუხა, ეს ტენდენცია იმის გამოძახილია, რა პოლიტიკაც აქვს არჩეული მთავრობას - მოხდეს კაპიტალისა და ფინანსების დივერსიფიცირება რეგიონებშიც. 

„ფაქტია და ყველა ვხედავთ, რომ მუდმივად არის პროგრამები მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, მათ შორის, სოციალური თუ  ეკონომიკური მიმართულებით. ეს კი, თავისთავად უზრუნველყოფს იმას, რომ ადგილზე შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი. სწორედ დივერსიფიცირებული ეკონომიკა გვაძლევს ქვეყნის ინკლუზიური განვითარების შესაძლებლობას, რადგან ბევრი რეგიონი, ბევრი დასახლებაა ჩართული ეკონომიკური დოვლათის შექმნაში, რაც აისახება ადგილზე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში“, - განუცხადა „რეზონანსს“ ოთარ ანგურიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე