საქართველოს მთავრობა საქმეში ჩაერთო და რუსეთის მხარესთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა შედეგი ჯერ არ არის
ქეთო გოგოხია
(19.11.2025)

რუსეთში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებამ ქართველ გადამზიდავებს სერიოზული პრობლემა შეუქმნა. ქვეყნის ტერიტორიაზე წლის განმავლობაში ყოფნის ვადა 180-დან 90 დღემდე შემცირდა. ნებისმიერ მძღოლს, ვინც მეტი ხნით დაყოვნდება რუსეთში, მითითებულ ვადას გადააცილებს, აჯარიმებენ და ხუთწლიან დეპორტს უფორმებენ. ოფიციალური მონაცემით, 100-მდე მძღოლი უკვეგამოძევებულია. ასეთ სიტუაციაში მათ არ აქვთ სხვაგამოსავალი გარდა იმისა, რომ შეაჩერონ საქმიანობა ან ალტერნატიულ ბაზრებზე გადაერთონ.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის თავმჯდომარის პაატა ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ქართველ მძღოლებზე დიდი მოთხოვნაა დსთ-ს ქვეყნებში, პოლონეთში, ასევე თურქეთსა და აზერბაიჯანში, სადაც შეიძლება გადამისამართდნენ. მათ კი, ვინც დეპორტს გადაურჩნენ, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან  შეეძლებათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა და საქმიანობის გაგრძელება, რისთვისაც 90-დღიანი ვადის ათვლა თავიდან დაიწყება. შესაბამისად, მძღოლები ახლა მოლოდინის რეჟიმში არიან. 

ცაგარეიშვილი ადასტურებს, რომ საქმეში საქართველოს მთავრობა აქტიურად ჩაერთო და რუსეთის მხარესთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ არის მიღწეული.

,,რუსეთში შუა აზიის სატვირთოების მძღოლებს სადგომებზე აკავებენ და დადგენილი საემიგრაციო 90-დღიანი ვადის გადააჭარბების შემთხვევაში, ხუთწლიანი აკრძალვით დეპორტაციას უფორმებენ. სამწუხაროდ, მძღოლების გამოძევებას მასობრივი ხასიათი აქვს და რუსეთის მოსაზღვრე ცენტრალური აზიის ქვეყნების სატვირთოების მძღოლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან ქართველი მძღოლის გაჩერება რუსეთის კომპანიებთან გრძელვადიანი კონტრაქტების ჩაშლას გამოიწვევს. მრავლად მოიძებნება საქართველოს მხრიდან ღვინის, ხორბლის და ხილის გადაზიდვის ინდუსტრიაში ჩართული ისეთი კომპანიები, რომლებსაც დიდი ხნით აწყობილი ლოგისტიკა აქვთ და სხვადასხვა ხელშეკრულებებით არიან დაკავშირებული როგორც რუსეთთან, ასევე სხვა ქვეყნებთან.

აღსანიშნავია, რომ ასეთი კავშირების ჩამოყალიბებას წლები ესაჭიროება და მისი აწყობა სანდოოობაზე და კეთილსინდისიერებაზეა დამყარებული, თავის მხრივ, ასეთი კავშირების “მყისიერი” ჩაჭრა ქვეყნის სასურსათო მომარაგების მიმართულებით თვალსაზრისით შეფერხებებს გამოიწვევს", - უთხრა ,,რეზონანსს" პაატა ცაგარეიშვილმა და იმ ალტერნატივაზეც ისაუბრა, რაც ამჯერად ქართველი მძღოლებისთვის არსებობს.

,,შექმნილი მდგომარეობის გამო ბევრი მძღოლი  ჩამოშორდა საქმიანობას.  ათეულობით ადამიანი დააჯარიმეს და გამოაძევეს. როგორც გადამზიდავები ამბობენ, ზოგმა შავ ბაზარზე გადაინაცვლა, კანონის გვერდის ავლით ცდილობს  საქმიანობის უფლების მოპოვებას. თუმცა დეპორტირებულებს არაფერი ეშველება თუ სახელმწიფო არ დაუდგა გვერდით. შეუძლიათ ასევე, რომ დაიქირავონ ადვოკატი, რაც დიდ ხარჯს მოითხოვს. ამიტომ ცდილობენ ალტერნატიულ ბაზრებზე გადაერთონ, თურქეთში, აზერბაიჯანში, პოლონეთში ქართველ მძღოლებზე არის მოთხოვნაა", - დასძინა ცაგარეიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

საქართველოს შეუძლია რუსეთის მხარეს საერთაშორისო გადაზიდვებში დაკავებული ქართველი მძღოლებისთვის განსხვავებული სავიზო პირობების შემუშავება მოსთხოვოს, რაც, პირველ რიგში, საემიგრაციო ვადების გახანგრძლივებას უკავშირდება. ანალოგიური გათვალისწინებული აქვს ზოგიერთ ცენტრალური აზიის სახელმწიფოს. კერძოდ, ადგილობრივი  საერთაშორისო გადამზიდავთა ასოციაციის ჩართულობით, მინისტრთა კაბინეტის დონეზე მათ მიიღეს გადაწყვეტილება დაიწყონ მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან დამატებითი სამთავრობათაშორისო შეთანხმების გასაფორმებლად.

ასეთ შეთანხმებაში გათვალისწინებული უნდა იყოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მძღოლებისთვის, ზოგადი საემიგრაციო რეჟიმიდან გამონაკლისი, რაც ხელს შეუშლის დეპორტაციას და შეინარჩუნებს სატრანსპორტო და ლოჯისტიკური დერეფნების სტაბილურობას.

ირკვევა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოს კი არა, დსთ-ს სივრცეში, რუსეთის სხვა მოსაზღვრე ქვეყნებსაც შეექმნათ - ყირგიზეთს, ყაზახეთს და სომხეთს. სომეხი მძღოლები სწორედ საქართველოს გავლით დადიან რუსეთში.

„ყირგიზეთმა და ყაზახეთმა, ასე თუ ისე, პრობლემა უკვე დაარეგულირეს, თავიანთი ხელისუფლების ჩართვით. მათ რუსეთთან აქვთ ევრაზიული კავშირის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების ფარგლებში, შეძლეს პრობლემის გადაჭრა. მართალია, სომხეთიც ევრაზიის კავშირის წევრია, მაგრამ რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი - ეს საკითხი ჯერ არ მოგვარებულა“, - აღნიშნა "რეზონანსთან" ცაგარეიშვილმა. 

რაც შეეხება გადამზიდავების პოზიციას, ისინი სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას და მხარდაჭერას ითხოვენ. როგორც რუსეთის მიმართულებით მომუშავე მძღოლი გიორგი ქალდანი ამბობს, რუსებს საქართველოში მუშაობის ყველა შესაძლებლობა აქვთ და ანალოგიურად უნდა იყოს ქართველებისთვისაც, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან.

,,უთანასწორო პირობებში ვართ. გამოდის, რომ რუსებს შეუძლიათ შეუფერხებლად იმუშაონ საქართველოში და ჩვენ რუსეთში დარჩენის ვადა გაგვინახევრეს. ათეულობით მძღოლი გამოაძევეს და ხუთი წლით ჩამოაშორეს რუსეთის ბაზარს, ზოგი თავს იზღვევს და ვითარებას აკვირდება. ფაქტობრივად ვერ მუშაობს ხალხი, დიდ გასაჭირში არიან. მანქანას ვერ გავაჩერებ, სესხით მაქვს შეძენილი, ისედაც ზარალში ვარ, ვცდილობ სხვა ქვეყნებზე გადავერთო, საუკეთესო შემთხვევაში, პოლონეთში წავალ, თუმცა გეოგრაფიული ფაქტორიდან გამომდინარე, ჩემთვის რუსეთი უფრო ხელსაყრელია. 

აკრძალვის მერე ერთხელ შევძელი გადასვლა, საკუთარი სადისტრიბუციო კომპანია მაქვს და ქართული პროდუქტები გაგვაქვს რუსეთში, ძირითადადმ ხელ-ბოსტნეული. ველოდები, რომ მთავრობა რუსულ მხარესთან შეთანხმებას მიაღწევს და შეღავათს გაგვიწევენ. 

ახლა იძულებული ვარ მცირე ხნით მაინც შევანელო საქმიანობა, მომავალი წლიდან ალბათ უფრო გამოიკვეთება სიტუაცია და მუშაობას გავაგრძელებ, უკიდურეს სიტუაციაში, სხვა ბაზრებს მოვძებნით, ალბათ გამოსავალი გამოჩნდება. ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს, რომ  ნორმალური მუშაობის საშუალება გვქონდეს, როგორც აქამდე იყო", - განუცხადა გიორგი ქალდანმა ,,რეზონანსს".

რუსეთის ტერიტორიის სიდიდის და საზღვარზე არსებული დაყოვნებების გათვალისწინებით ერთ კონკრეტულ გადაზიდვაზე მძღოლი შეიძლება ხარჯავდეს 25-30 დღეს . ამის გათვალისწინებით, 90-დღიანი ვადა შეიძლება იყოს სამი, მაქსიმუმ ოთხი გადაზიდვის პერიოდი, რაც არაფერია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

არსებული მონაცემით, 100-მდე მძღოლი უკვე დეპორტირებულია რუსეთიდან. ძალიან ბევრი კი მოლოდინის რეჟიმშია, სანამ ეს გაურკვევლობა დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე