თამთა ჩაჩანიძე
(19.11.2025)

განათლების სამინისტროში მასწავლებლების კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეა პედაგოგებთან შეხვედრები დაიწყო, რის შესახებაც თავად სამინისტრომ გაავრცელა განაცხადებაა, სადაც ნათქვამია, რომ ჯერჯერობით 200-მდე პედაგოგს შეხვდნენ. მასწავლებელთა სტატუსები ისევ ძალაშია, თუმცა, განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა ახალი მექანიზმი შემუშავდება ამ მიმართულებით.

განათლების სამინისტროში ითქვა, რომ ახალი მოდელი ეფუძნება შემდეგ მთავარ პრინციპებს: დეცენტრალიზაციას; პრაქტიკაზე დაფუძნებულ მიდგომას; საჭიროებაზე დაფუძნებულ წინსვლას; კარიერული წინსვლის მიმართულებებს და ეფექტიანობის შეფასებას.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს, 2015 წელს შემუშავდა, რომლის თანახმად, პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე - უფროსი პედაგოგები, მესამე კატეგორიას წამყვანი მასწავლებლები წარმოადგენენ, მეოთხე კატეგორიას კი მიეკუთვნებიან მენტორი მასწავლებლები. ამავე სქემაზეა მიბმული პედაგოგთა ხელფასებიც.

როგორც განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, ნოემბრის ბოლოს-დეკემბრის დასაწყისში სასკოლო რეფორმის პრეზენტაციაა დაანონსებული, სადაც ცენტრალური საკითხი სწორედ ამ სქემას უჭირავს, რომელიც ორი წელია, ფაქტიურად, უფუნქციოა და რომელიც, მისი აზრით, სრულიად უნდა გაუქმდეს.

„ნოემბრის ბოლოს, ან დეკემბრის პირველ რიცხვებში დაანონსებულია სასკოლო რეფორმის პრეზენტაცია. ცენტრალური ადგილი მასწავლებელთა სქემას უჭირავს. მთავრობის დამტკიცებული სქემა ხელისუფლების მხრიდან ორი წელია შეჩერებულია - არ ატარებენ უმაღლესი კატეგორიების - წამყვანი და მენტორი მასწავლებლების გამოცდებს, ანუ ეს სტატუსები არ ენიჭებათ სქემის ხელოვნურად გაჩერების გამო. წელიწადში მინიმუმ ოთხჯერ გადააქვთ ამ სქემის ამუშავების თარიღები.

„მინისტრის მოადგილემ, სკოლების კურატორმა თამარ მახარაშვილმა 200-ზე მეტ მასწავლებელთან, დირექტორებთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელებთან წინა კვირას თათბირი ჩაატარა და იქ განუხილავთ ეს საკითხი, მაგრამ, როგორც ირკვევა, მთლიანობაში ეს სქემა ჯერ ცნობილი არაა.

„მივმართავ პრემიერ-მინისტრს, ეს სქემა უნდა გაუქმდეს, რომელიც არაადამიანური, მწამებლური, კორუფციული სქემებითაა დატვირთული და დოკუმენტი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროსაა ხელმოწერილი. ამას პრემიერი საერთოდ არ უნდა არეგულირებდეს, ზოგადი განათლების კანონში უნდა იდოს, მაგრამ პარლამენტის მაშინდელმა განათლების კომიტეტის თამჯდომარემ, აკადემიკოსმა ივანე კიღურაძემ არ ჩადო და პრემიერ-მინისტრს მოაწერინეს ხელი.

„მასწავლებლები ოთხ სტატუსად არ უნდა იყოფოდნენ, სტატუსები უნდა გააუქმონ. უფულო მასწავლებლის ჯიბიდან უკვე 2 მილიარდი თანხაა ამოღებული ფასიანი ტრენინგებით, კრედიტების გროვებით, საჭირო პროექტების, საქმიანი დოკუმენტების გაკეთებით. თითოეული ქაღალდის დაწერაზე და ამათი სქემის თანდართულ დოკუმენტებზე მასწავლებლებს ტრენერების დაქირავება და მათზე ფულის გადახდა სჭირდებოდათ. ეს დღესაც ხდება ღიად, მაგრამ არა ასეთი დიდი დოზით.

„ასეთი კორუფციული ხვრელებით დატვირთული სქემა არცერთ ქვეყანას არ აქვს. თან არ მუშაობს. მაგალითი სახეზე გვაქვს და ორი წელია ხელოვნურადაა გაჩერებული, არც ამის უფლება აქვთ. ათიათასობით მასწავლებლის უფლება ირღვევა.

„სრული კონცეფცია მაქვს დაწერილი, მივაწვდი სამინისტროს, სადაც მოცემული მაქვს როგორ უნდა შეფასდეს მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმები. მის ხელფასზე იქნება დანამატები კოეფიციენტების საშუალებით. რისთვისაა საჭირო მასწავლებლის სტატუსებად დაყოფა? მასწავლებლის შრომისა და ხელფასების დიფერენცირება ყველა ქვეყანაში ხდება სამი მთავარი კრიტერიუმით: 1. მასწავლებლის განათლების აკადემიური ხარისხი; 2. პედაგოგიური სტაჟი; 3. მასწავლებლის საქმიანობა - მასწავლებლის პროფესიული განვითარება და მასწავლებლის მოსწავლეებთან წარმატებით მუშაობა.

„ქართული ოცნების" არაერთმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ სქემამ მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთს დააცილა", - გნაცხადა ექსპერტმა.

ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ, მისი კონცეფციის თანახმად, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უნდა გაუქმდეს.

„ჩემი კონცეფციის მეორე გლობალური საკითხია, რომ პრემიერ-მინისტრმა სსიპ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ლიკვიდაცია უნდა მოახდონოს. რამდენიმე ცენტრი უკვე ლიკვიდირდა და მისი ფუნქციები გადაეცა ზოგი სამინისტროს, ზოგი სხვა უწყებებს. ამ ცენტრმა ვერ უზრუნველყო მიზნებისა და მოვალეობების შესრულება; ასევე ვერ შეძლო მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და შემდგომი განვითარება; ვერ შეძლო სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა მასწავლებლის პოროფესიული მომზადების, განვითარებისა და მასწავლებლობის უფლების მინიჭების ერთიანი მოქნილი სისტემის ჩამოყალიბებისა და მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლების საქმეში.

„პრემიერს და სამინისტროს მივმართავ, წარმოვადგენ მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადების, მასწავლებლობის უფლების მოპოვების, პროფესიაში შესვლის, პროფესიული განვითარების მასწავლებლის შეფასების კონცეფციას, რომელშიც მასწავლებლის სახლი საჭირო არაა. ცენტრის მიზნები, საქმიანობის სფერო და მოვალეობების საკითხები სამინისტროს გადაეცემა, ხოლო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ზოგიერთი ფუნქცია - ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლებს, ზოგიერთი კი - მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარების აკრედიტებული პროგრამების მქონე უნივესიტეტებს გადაეცემა. ახლა უნივერსიტეტებში რეფორმებია დაგეგმილი და თავის თავზე უნდა აიღოს მასწავლებლის მომზადებაც და პროფესიული განვითარებაც.

„ცენტრის გაუქმების შემთხვევაში, სამინისტროს გადაეცემა - მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი, პედაგოგის პროფესიის რეგულირების წესისა და კონცეფციის მომზადების საკითხები. ხოლო სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას გადაეცემა - მასწავლებელთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვა, მასწავლებლის ვაკანსიების რეგისტრაციის საკითხები, მასწავლებელთა ატესტაციის შედეგები, მასწავლებლის პორტფოლიოს მონაცემები ელექტრონული ვერსიისათვის. პედაგოგიური პროდუქტის შექმნის საკითხები კი გადაეცემა და დაევალება შესაბამის უნივერსიტეტებს. ან იაკობ გოგებაშვილის სახელობის განათლების ეროვნული ინსტიტუტი აღადგინონ, რომელიც ილიაუნს „ნაცებმა" გადასცეს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან ერთად ამ ფუნცქიას შეითავსებს.

„სქემის გაუქმებას მოჰყვება მასწავლებლების მაძიებლობის ძვირადღირებული პროგრამის და მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის გამოცდების გაუქმება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ნაშრომების გამსწორებელი ექსპერტების თანამდებობების გაუქმება. ამავე ცენტრის ექსპერტებისა და ტრენერების მოვალეობას უნივერსიტეტების პროფესორები შეასრულებენ.

„კონცეფციით უქმდება: მასწავლებლის სახლის ექსპერტები, ტრენერები (რომლებსაც უზარმაზარი ხელფასები აქვთ), უქმდება მასწავლებლის სტატუსები, პორტფოლიოების წარმოების წესი, მაგრამ ხელფასები არ აკლდებათ - დარჩება ძალაშიის, რაც აქვთ. პორტფოლიოს სკოლის დირექცია გააკეთებს მასწავლებლებთან ერთად, ოღონდ სამინისტროს სინფორმაციო ცენტრში განათავსებენ. მასწავლებლის სახლის პროგრამების ბიუჯეტის თანხები უნივერსიტეტებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს გადაეცემა, ფინანსების ხარჯვა ბევრად ეფექტურად წარიმართება და კარგი შედეგები დაიდება. რაც მთავარია, განხორციელდება ფორმულა - სკოლის კავშირი უნივერსიტეტებსა და მეცნიერებასთან.

„ქვეყანაში საგნობრივი ინსპექტორის ინსტიტუტი უნდა აღდგეს, რომ საგნის პროფესიონალი მასწავლებელს გაკვეთილებზე დაესწროს და შეამოწმოს. ერთ გამოცდას რომ ჩააბარებს, მერე იქნება რას აკეთებს ეს მასწვლებელი?" - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე