ნატალია ჯვარიძე
(19.11.2025)

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის გადაწყვეტილებით გადაიდო. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით" მოხდა. ოპოზოციაში კი შეხვედრის ჩაშლას ქართულ დელეგაციაში ისეთი ჩინოვნიკების ყოფნასას უკავშირებს, რომლებსაც დასავლეთი ადამიანის უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებს და მათთვის რამდენიმე დასავლურ სახელმწიფოს პერსონალური სანქციები აქვს დაწესებული.

უფრო კონკრეტულად კი, ოპოზიციის ვერსიით, ყველაფრის მიზეზი გახდა დელეგაციაში დასავლეთის მიერ სანქცირებული შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის ყოფნა. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ დარახველიძეს სავიზო შეზღუდვები მხოლოდ ბალტიის ქვეყნებისა და ბრიტანეთის მიერ აქვს დაწესებული.

თავად დარახველიძემაც ჟურნალისტებთან საუბრისას მიანიშნა, რომ ეს ვერსია არარელევანტურია, რადგაც შეხვედრა საქართველოს და ევროკავშირს შორის იყო დაგეგმილი და „არცერთი საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის მიერ სანქცირებული არ არის".

სამინისტროს განცხადება და ოპოზიციის ვერსია

შეხვედრის გადადების შესახებ ბრიუსელში ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაკეთებულა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, შეხვედრამდე 2 დღით ადრე მისი გადადების გადაწყვეტილება სწორე ბრიუსელში იქნა მიღებული. თუმცა გადადების მიზეზი განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის.

„ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებისამებრ 2025 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო. იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე ევროკავშირის მხარემ ყველა დონეზე შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი, ქართული მხარე აღნიშნულ შეხვედრას განიხილავდა, როგორც ევროკავშირთან ჩართულობის შესაძლებლობას, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელზეც ჩვენს საზოგადოებას ხშირად ესმის ბრიუსელის კრიტიკა.

„ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო გაწია იმისათვის, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ევროკავშირის მხარისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყოფილიყო შესაძლებელი და სწორედ ამ საჭიროებების გათვალისწინებით შედგა საქართველოს დელეგაციაც შესაბამისი უწყებების მონაწილეობით.

„სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მონდომების მიუხედავად, ევროკავშირის მხარემ გადადო ზემოხსენებული შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით. აღნიშნული საკითხის მორიგი სპეკულაციებისთვის გამოყენება, საფუძვლიან ეჭვს აჩენს და ქმნის აღქმას, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი და ბრიუსელი არ არის მზად მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც გამოყენებულ იქნა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისთვის.

„ქართული მხარე კონსტრუქციული მიდგომის ერთგულია და მიიჩნევს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობებში დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ბრიუსელის მხრიდან შეწყვეტილი დიალოგის სრულად განახლების შემდეგ განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებით ევროკავშირთან დიალოგის ფორმატებში ჩართვას", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრის მიერ ამასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

ოპოზიციის ვერსიით, ევროკავშირისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ქართული დელეგაციის შემადგენლობა, რადგან მისი ზოგიერთი წევრი, ბრიუსელის შეფასებით, უშალოდ მონაწილეობს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაში. ამ კონტექსტში დასახელებულია ორი ჩინოვნიკი - ანტიკორუფციული ბიუროს ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი და შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.

გარდა ამისა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროპელების მთავარი უკმაყოფილება სწორედ დარახველიძეს უკავშირდება, რადგანაც მასზე რამდენიმე ევროპულ ქვეყანას პერსონალური სანქციები აქვს დაწესებული ადამიანის უფლებების დარღვევის მოტივით.

თავად დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, იყო თუ არა ქართული დელეგაციის შემადგენლობაში.

„დაგეგმილი იყო კონკრეტული დიალოგი ადამიანის უფლებების დაცვის საკითებთან დაკავშირებით, აქ სანცირებაზე საუბარი, რა თქმა უნდა, უადგილოა. მოგვაწოდეს კონკრტული საკითხები, რაზეც უნდა ყოფილიყო დიალოგი, შესაბამისად განისაზღვრა უწყებები, რომელთა წარმომადგენლების მხრიდანაც კითხვებზე, რომელიც მათი მხრიდან იყო დასმული, გაეცემოდა ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრნობილი პასუხები. სამწუხაროდ, როგორც ჩემთვის ცნობილია, მათ აღარ ისურვეს პასუხების მოსმენა და გადაიდო ეს შეხვედრა.

„როდესაც იქნება მზაობა კონკრეტული დიალოგისთვის, საქართველოს მთავრობა და თითოეული წარმომადგენელი, რომელიც დაესწრება ამ დიალოგს, გასცემს ამომწურავ პასუხს ყველა კითხვას. ასეთი (სანქციების) მიზეზი ოფიციალურად არავის მოუწოდებია. რაც შეეხება სანქცირებას, ევროკავშირის მხირდან საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის სანქცირებული", - თქვა დარახველიძემ.

შეფასებები

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის ვერსიები რეალური იყოს.

„თუ შეხვედრაში სანქცირებული მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელი იქნებოდა ევროკავშირისთვის და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. სანქცირებულ მაღალჩინოსანთან ადმიანის უფლებებზე ილაპარაკო - ეს არც ლოგიკაში ჯდება და არც ნორმალურ აზროვნებაში. სანქცირებულები იმიტომ არიან, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან შემჩნეული. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, სრულიად ლეგიტიმური ვერსიაა. შეხვედრის ჩაშლილის მიზეზი შესაძლოა სანქცირებული პირების დელეგაციაში ყოფნა ყოფილიყო",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ამბობს:

„ვერ დავიწყებ ოპოზიციის ვერსიების განხილვას, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას დავეყრდნობი, რომ უსამართლო მოტივებით თქვეს ამ შეხვედრაზე უარი. ალბათ ოფიციალურ განცხადებას უნდა დაველოდოთ, თუ რის გამო ითქვა უარი, რადგან გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობა და მერე კომენტარის გაკეთება არ მგონია უპრიანი იყოს".

ვის ცდილობს კონტაქტების შემცირებას

ეს ბოლო ინციდენტი ის შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლების წინასწარ დაგეგმილი კონტაქტი არ შედგა ევროკავშირის გადაწყვეტილების შედეგად.

მაგალითად, „ქართული ოცნების" პარლამენტის დელეგაციამ უარი თქვა ერევანში 28-30 ოქტომბერს დაგეგმილ „ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეის მე-12 რიგით სესიაში მონაწილეობაზე და ამის მიზეზად ზოგიერთი ევროპარლამენტარის „მტრული რიტორიკა და ქმედებები", ასევე ასამბლეაზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიწვევა დაასახელა.

ამ და სხვა შემთხვევების გამო საქართველოს ხელისუფლებას პერიოდულად ადანაშაულებენ ევროკავშირთან კონტაქტების მიზანმიმართულ გაწყვეტაში. ოპოზიცია 21 ნოემბრის გაუქმებულ შეხვედრასაც ამ კონტექსტში განიხილავს. მათი თქმით, ხელისუფლებამ მიზანმიმართლად ჩართო დელეგაციაში სანქცირებული ჩინოვნიკი და გათვლა სწორედ იმაზე ჰქონდა, რომ ევროკავშირი ამის გამო შეხვედრას გააუქმებდა, რაც შემდეგ „ოცნებას" ბრიუსელისთვის ბრალდების წაყენების საბაბს მისცემდა.

რამდენად დამაჯერებელია ეს ვერსია, რთული სათქმელია. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით დაწყებულ სპეკულაციებზე მიუთითებს, რომელიც, მათი შეფასებით, „საფუძვლიან ეჭვს აჩენს და ქმნის აღქმას, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი".

შეხვედრის გადადებას სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა:

„გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ.

„მიზეზი მარტივია - როდესაც საკუთარი პოზიციები ცრუ ნარატივებზე და დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ზუსტად იცი, რომ პირველივე არგუმენტირებულ საუბარში ეს ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვის შეხებით ჩამოგეშლება.

„სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა" არ არსებობს", - წერს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე