
აშშ და რუსეთი ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებენ უკრაინაში ომის დასრულების ახალ გეგმასთან დაკავშირებით, რომლის შინაარსიც ჯერჯერობით არ ხმაურდება. ეს ინფორმაცია, რომელიც გამოცემა „აქსიოსმა" თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა, უკვე დაადასტურა რუსულმა მხარემ.
გამოცემის ცნობით, გეგმა 28 პუნქტს მოიცავს, რომელიც ოთხ ძირითად კატეგორიად იყოფა: მშვიდობა უკრაინაში, უსაფრთხოების გარანტიები, უსაფრთხოება ევროპაში და აშშ-ის მომავალი ურთიერთობები რუსეთთან და უკრაინასთან.
რუსმა მაღალჩინოსანმა „აქსიოსს" განუცხადა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი გეგმის მიმართ. თუმცა ჯერ კიდევ არ არის აშკარა, როგორი იქნება უკრაინისა და მისი ევროპელი მხარდამჭერების დამოკიდებულება ამ გეგმის მიმართ.
ასევე გაურკვეველია, თუ რას ითვალისწინებს ეს გეგმა ისეთ სადავო საკითხებზე, როგორიცაა ტერიტორიული კონტროლი აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც რუსული ძალები წინ მიიწევენ.
„აქსიოსის" ცნობით, ფარულ მოლაპარაკებას აშშ-ის მხრიდან ხელმძღვანელობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ხოლო რუსული მხრიდან - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სპეცწარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.
დმიტრიევმა ორშაბათს „აქსიოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ 24-26 ოქტომბერს, როდესაც ის მაიამიში იმყოფებოდა, სამი დღე სწორედ უიტკოფთან და ტრამპის გუნდის სხვა წევრებთან ერთად გაატარა.
დმიტრიევი ოპტიმისტურადაა განწყობილი რომ შეთანხმება მიიღწევა: „წარსული ძალისხმევისგან განსხვავებით, ჩვენ ვგრძნობთ, რომ რუსეთის პოზიციას ნამდვილად ისმენენ".
„ჩვენ ვიცით, რომ ამერიკელები რაღაცაზე მუშაობენ", - თქვა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.
„პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ დროა შეწყდეს მკვლელობები და დაიდოს შეთანხმება ომის დასასრულებლად. პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ არსებობს შანსი, დასრულდეს ეს უაზრო ომი", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა „აქსიოსთან" საუბრისას.
საინტერესო დეტალია, რომ, დმიტრიევის თქმით, ახალ შეთანხმებაზე მუშაობისას ძირითადი იდეა აგვისტოში ალასკაზე ტრამპი-პუტინის შეხვედრისას უკვე შეთანხმებული პრინციპების გამოყენება იყო.
მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა ტრამპისა და პუტინის მომავალ შეხვედრამდე ამ მიმართულებით წერილობითი დოკუმენტის მომზადება.
„სინამდვილეში ეს გაცილებით ფართო ჩარჩოა, რომელიც გულისხმობს როგორ მივაღწიოთ საბოლოოდ ხანგრძლივ უსაფრთხოებას ევროპაში, და არა მხოლოდ უკრაინაში", - თქვა დმიტრიევმა.
რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხარე ამჟამად უკრაინელებსა და ევროპელებს მისი ამჟამინდელი მიდგომის სარგებელს უხსნის.
„ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთს ნამდვილად აქვს დამატებითი წარმატებები ბრძოლის ველზე", - ამბობს დმიტრიევი.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის ორიოდე კვირის წინ ბუდაპეშტში იყო შემხედრა დაგეგმილი, თუმცა პოზიციების შეუთანხმებლობის გამო გადაიდო.
გარდა ამისა, უიტკოფი ოთხშაბათს თურქეთში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა შეხვედროდა, თუმცა, უკრაინელი და აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, მისი ვიზიტიც გადაიდო.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა „აქსიოსს" დაუდასტურა, რომ უიტკოფმა გეგმა ზელენსკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, რუსტემ უმეროვთან, ამ კვირის დასაწყისში მაიამიში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
გამოცემასთან, აშშ-ის ოფიციალურმა პირმაც დაადასტურა, რომ თეთრმა სახლმა უკვე დაიწყო ევროპელი ოფიციალური პირების ინფორმირება ახალი გეგმის შესახებ. მისი ცნობით, თეთრი სახლში ფიქრობენ, რომ არსებობს რეალური შანსი, რომ უკრაინელება და ევროპელებმა ამაში მიიღონ მონაწილეობა და დაამატა, რომ გეგმა სხვადასხვა მხარის მოსაზრებების საფუძველთან ადაპტირებული იქნება.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ გეგმისთვის ახლა კარგი დროა.. მაგრამ ორივე მხარე პრაქტიკული და რეალისტური უნდა იყოს", - თქვა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



