
ოპოზიციაში, მათ შორის გახარიას პარტიაშიც მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნება" ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. მმართველი პარტიის ოპონენტების თქმით, ამაზე მიანიშნებს ის ბოლოდროინდელი პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება ატარებს და ამისთვის ოპოზიცია მზად უნდა იყოს. ანალიტიკოსი გია აბაშიძე გვეუბნება, რომ „ოცნება" პროცესს ჩვეულებრივ მიუყვება და არაფერი მიუთითებს ვადამდელისთვის მზადებაზე. ამასთან, დასძენს, რომ ოპოზიცია ვადამდელი არჩევნებისთვის მზად ისედაც არაა.
პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, „2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია - ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი".
„გახარია საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ მთელი რიგი გარემოებები და მათ შორის ის, რომ საზღვრებს გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ფაქრობრივად აღარ ექნებათ, მიუთითებს იმაზე, რომ „ოცნება" ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება.
„ყველაფერი მიანიშნებს, რომ „ოცნება" ახალი არჩევნებისთვის ემზადება და სჯობს, ოპოზიცია იმაზე გადაეწყოს, რომ ასეთ რთულ პირობებში მოუწევს დაპირისპირება", - უთხრა შარაშიძეს „პალიტრანიუსს".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსს" ეუბნება, რომ „ქართული ოცნება" კონსტიტუციით გათვალისწინებულ არჩევნებს ჩვეულებრივ მიუყვება და დღეს არ არის ისე საქმე, რომ ვადამდელი არჩევნები ჩანიშნოს.
„რატომ უნდა დანიშნოს „ოცნებამ" არჩევნები?! ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ძალიან შეზღუდული ფაქტორების გამო ხდება - ესაა მთავრობისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა - ან მასშტაბური სამოქალაქო არეულობა, აქედან არცერთს არ აქვს ადგილი.
„ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ოპოზიციის პრიმიტიულ ფანტაზიებშია, ასე აკეთებდა თავის დროზე სააკაშვილი, როგორც მოეპრიანებოდა, ვადამდელის თუ სხვა ღინისძიებებს ისე ნიშნავდა. ახლა ასე არაა. ამიტომ ეს განცხადებები წმინდა წყლის სპეკულაციურია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ყურადღება მიიპყრონ.
„ოპოზიცია ტოტალურად გაკოტრებულია, ამიტომ საინფორმაციო სივრცე რაღაცით ხომ უნდა შეავსონ? ხან სამარცხვინოდ ე.წ. არაბიზაციას გამოედევნებიან, ვითომ ტოლერანტები არიან და ამ დროს ქსენოფობიურ განცხადებებს ავრცელებენ, არანაირ არაბიზაციას არ აქვს ადგილი. ხან რუსეთიზაციასა და ჩინეთიზაციაზე ლაპარაკობენ. ეს მათი უსუსურობის გამოვლენაა, განსაკუთრებით იმ რადიკალური პარტიებისგან, რომლებიც უკვე ე.წ. ყვითელ ზონაში შევიდნენ და წითელ ზონამდე, ანუ აკრძალვამდე რამდენიმე თვეღა დარჩათ, რადგან ანტისახელმწიფოებრივად და ანტიკონსტიტუციურად მოქმედებენ."
მისი თქმით, თავად ოპოზიცა არაა მზად ვადამდელი არჩევნებისთვის,
„ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია 2012 წლიდან არასოდეს არაა მზად არჩევნებისთვის. ისინი მოქმედებენ არა როგორც პოლიტიკური პარტიები, არამედ როგორც რევანშისტები და რევოლუციონერები. ისინი მუდმივად ფიქრობენ არეულობაზე, ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებაზე და სად არის რომელიმე კონკრეტული პარტიის რეალური პროგრამა ამა თუ იმ დარგის რეფორმირებაზე? შარშან, ან იმის წინა არჩევნებზე რომელიმემ თუ წარმოადგინა განვითარების პროექტები? არაფერი არ იყო. ახლა მათი ე.წ. პროგრამები ძირითადად აგებულია სადღეგრძელოებზე, მუქარებზე და დამხობის მოწოდებებზე და ამიტომაც არიან გაკოტრებულები", - განაცხადა აბაშიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



