
ზამთრის გადატანა წელსაც გაჭირდება. ამის მიზეზი ადილობრივი მოსავლის სიმცირეა. დეფიციტი არ იქნება და მარაგი იმპორტით შეივსება, თუმცა საქართველოში მოყვანილი პროდუქტები დახლებზე მინიმუმამდე შემცირდება, რაც გარკვეულწილად გავლენას ფასებზეც იქონიებს. სავარაუდოდ გაძვირდება იმპორტული ხილ-ბოსტნეულიც, ვინაიდან თურქეთშიც მოსავლიანობის დიდი კლებაა უამინდობის გამო. იმპორტი სხვა აზიური ქვეყნებიდან ჩანაცვლდება, მაგრამ უკვე სხვა ფასად. სპეციალისტების აზრით, ქვეყანას ერთ-ერთი მძიმე ზამთრის გადატანა მოუწევს.
ოქტომბერში ინფლაცია დაჩქარდა. "საქსტატის" მონაცემებით, გასულ თვეში საქართველოში ფასების დონე წლიურად 5.2%-ით გაიზარდა, რაც 2023 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის გაძვირებამ იქონია, სადაც ფასების ინდექსმა თითქმის 12%-ით მოიმატა.
დეტალური სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად, 109%-ით ქლიავი გაძვირდა. 60%-ით გაიზარდა ფასი მსხალსა და ლიმონზე.
სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენლები ხილ-ბოსტნეულის გაძვირებას მოსავლის სიმცირეს უკავშირებენ. „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმით, საქართველოში ამ დროისთვის ხილსა და ბოსტნეულზე გაზრდილი ფასის მიზეზი სეზონურობასთან ერთად კლიმატური პირობებია. ფასი მატულობს როგორც ადგილობრივ, ასევე იმპორტულ საქონელზე.
ბეჟიტაშვილის ინფორმაციით, უამინდობის გამო მოსავლის დიდი ნაწილი განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოშიც გაფუჭდა.
,,კლიმატური პირობების გამო ხილ-ბოსტნეულის წარმოება შეგვიმცირდა. საგაზაფხულო ყინვებმა მოსავლის დიდი ნაწილი დააზიანა შიდა ქართლსა და კახეთში. არც დასავლეთ საქართველოში იყო კარგი მდგომარეობა. მეზობელ თურქეთშიც ხილ-ბოსტნეულის დეფიციტია. იცით, რომ თურქეთია მთავარი ბაზარი, ჩვენთვის ყველაზე იაფიც და ყველაზე ახლოც. შესაბამისად, აგროპროდუქტის დიდი წილი ამ ქვეყნიდან შემოდის.
თურქული პროდუქტის სიმცირემ ადგილობრივ ბაზარზეც პრობლემები წარმოშვა. ცხადია, გვიჭირს ექსპორტის მიმართულებითაც. ნედლეულის სიმცირის გამო, რეალიზაცია უცხოურ ბაზრებზეც შემცირებულია. იმისთვის, რომ სექტორი წლიდან წლამდე არ განიცდიდეს პრობლემას, ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის სახელმწიფოს ხელშეწყობაა საჭირო", - განუცხადა ბეჟიტაშვილმა ,,რეზონანსს" და დასძინა, რომ საქართველოში იმ რაოდენობის ხილ-ბოსტნეული არ იწარმოება, მოთხოვნის თუნდაც ნახევარი დავაკმაყოფილოთ, არადა ქვეყანაში გაცილებით მეტის პოტენციალია.
წლევანდელი წელი არასახარბიელოა ფასების მხრივაც, რომელიც ყველა მიმართულებით მზარდია და მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.
,,ადგილობრივი წარმოება წლების განმავლობაში მცირდება. წელს თურქეთს თავისი გაჭირვებია, ამიტომ ჩვენთან აზიის სახელმწიფოებიდან, მათ შორის, ირანიდან გაიზრდება იმპორტი.
სამწუხაროდ, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სერიოზული გამოწვევაა ყველგან. გლობალურად სულ ნეგატიური პროცესებია. როგორც პოლიტიკური კუთხით არის დაძაბულობა, ასევე ეკონომიკური ასრასტაბილურობაც იგრძნობა მსოფლიოში. ამიტომ აუცილებლად უნდა არსებობდეს როგორც მარაგი, ასევე იმის რესურსი, რომ პირველადი მოთხოვნილების საკვებზე დეფიციტი არ გაჩნდეს ქვეყანაში. მართალია, მარაგის თვალსაზრისით ჯერჯერობით არ იქნება პრობლემა, მაგრამ სიძვირე და ხელმისაწვდომობის სირთულე ქართველი მომხმარებლისთვის დიდი გამოწვევაა", - განაცხადა ბეჟიტაშვილმა.
საქართველო სასურსათო პროდუქტების დიდ ნაწილზე საკუთარ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ძირითად საქონელზე თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი კვლავ დაბალია. 2024 წლის მდგომარეობით, ხორბალზე ეს მაჩვენებელი 22%-ს შეადგენდა, ხოლო ბოსტნეულის შემთხვევაში, 49%-ის ფარგლებშია.
წარმოებაში არსებულ მდგომარეობა ,,რეზონანსთან" შეაფასა ,,როქის" აგროკონსულტანტმა ნინო ჭიორელმა.
,,ხილისა და ბოსტნეულის შემთხვევაში ფასის მკვეთრი მატება გვაქვს. ბაზარზე ახლაც ცოტა პროდუქტია, რაც იწვევს სიძვირეს, რომელიც თავის მხრივ კავშირშია გაძვირებულ პესტიციდებთან, სასუქებთან, მრავალწლიანი პროდუქტების საგვიანო წაყინვასთან, მოსავლის დაზიანებასთან და ა.შ. ერთწლიან კულტურებში კი არასათანადო ყურადღებასთან და ცოდნის დეფიციტთან გვაქვს საქმე.
ზოგადად, ფერმერებს ძვირი უჯდებათ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი პესტიციდებისა და სასუქების გამოყენება. ღირებულება ამ კუთხითაც ყოველწლიურად მატულობს და საბოლოო ჯამში, ესეც თავისებურ გავლენას ახდენს. ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ცდილობს გვერდით დაუდგეს ფერმერებს, რომ ნაკლები დანახარჯით მაღალი და ხარისხიანი მოსავალი მიიღონ.
ბაზარზე ფასი სტაბილურდება მაშინ, როცა ადგილობრივი ხილი და ბოსტნეული შემოდის. ეს გაძვირების ღავის დაღწევის საუკეთესო გზაა როგორც ერთწლიან, ასევე მრავალწლიან კულტურებში.
ფასის ზრდა რომ თავიდან ავირიდოთ, კარგი იქნება, მოსავლის დაზღვევა, განაშენიანების არეალის ზრდა. აქვე უნდა ითქვას მუშახელის დეფიციტზეც. ამ მხრივ ბოლო წლებში მუდმივად პრობლემებია. სეზონურად დიდ სირთულეებს ვაწყდებით.
რაც შეეხება ექსპორტს, ამ მიმართულებით ზრდა შეინიშნება, ერთწლიან კულტურებში, მაგალითად, წიწაკის შემთხვევაში - 59%-მდე, პომიდვრის - 8%, ბადრიჯნის - 80%-მდე მატებაა. უკეთესი ვითარებაა ხილის ექსპორტში. ალუბლის მიწოდება უცხოურ ბაზრებზე 89%-ით გაიზარდა, გარგრის - 33%-ით, ქლიავის - 32%-ით", - აღნიშნა ,,რეზონანსთან" საუბრისას ნინო ჭიორელმა და აქვე დასძინა, რომ რეალურად, დიდ გამოწვევად მაინც რჩება ფერმერთა ცოდნის საკითხი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



