
ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს. ამას მმართველ პარტიაში სიცრუეს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ „გავრცელებული ინფორმაცია არც სხდომაზე გაჟღერებულა და არც ეუთო-ს ოფიციალურ გვერდებზე არ მოიძებნება". ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ რეზოლუციაში, თუ საერთოდ არსებობს, „ოცნება" მკვეთრად იქნება გაკრიტიკებული.
„დიდი ალბათობით, რეზოლუციაში საუბარი იქნება „ქართული ოცნების" უმაღლესი წარმომადგენლების სანქცირებაზე. რა თქმა უნდა, მკვეთრად გააკრიტიკებენ ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს", - განაცხადა ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
როგორც ბოკუჩავა ამბობს, „რეზოლუციაში საუბარია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ავტორიტარულ ნაბიჯებზე, რომელიც აღწერს იმ პოლიტიკურ რეპრესიებს, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში".
„სულ რამდენიმე წუთის წინ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპის სახალხო პარტიამ და თანამოაზრე პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფია, მიიღო საგანგებო რეზოლუცია საქართველოზე. რეზოლუციაში საუბარია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ავტორიტარულ ნაბიჯებზე, რომელიც აღწერს იმ პოლიტიკურ რეპრესიებს, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში. ასევე მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოყენებისკენ, მათ შორის იმგვარი კონკრეტული ინსტრუმენტების, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს, მის რეპრესიულ მანქანას ფინანსურად შეზღუდავს და დააწესებს კონკრეტულ შეზღუდვებს იმისთვის, რომ საქართველოში დიქტატურის კონსოლიდაციისთვის კორუფციული ფულის გამოყენება არ ხდებოდეს",- თქვა თინა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავას განცხადებას „ქართული ოცნების" დეპუტატი მაია ბითაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაცია ეუთო-ს ოფიციალურ გვერდებზე არ იძებნება.
„გიგი წერეთელი და თინა ბოკუჩავა 2 დღეა ეუთო-ს კონფერენციის პარალელურად, დერეფნებში დადიან, საკუთარი პარტიის წევრებთან ერთად რაღაც მოითათბირეს და მთელ საქართველოს საკუთარ აზრებს ეუთო-ს გადაწყვეტილებად ასაღებენ! თან ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეუთო-ს ფორმატში ევროპის სახალხო პარტიას არანაირი ფორმალური მანდატი არ აქვს.
ეს ადამიანები, კვლავ განაგრძობენ საქართველოს ღალატს! კვლავ განაგრძობენ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას და უფრო მეტიც! ეუთო-ს სახელს იყენებენ საკუთარი აზრებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის! მაინტერესებს, ეუთო-ს სახელის ასე გამოყენება ლეგალურია?! ამაზე უფიქრიათ?
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არც სხდომაზე გაჟღერებულა და არც ეუთო-ს ოფიციალურ გვერდებზე არ მოიძებნება!", - აცხადებს ბითაძე.
ედიშერ გვენეტაძის თქმით, ეს არის ქართული საზოგადოების მოსინჯვა, თუ რა რეაქცია ექნებათ.
„დიდი ალბათობით, რეზოლუციაში საუბარი იქნება „ქართული ოცნების" უმაღლესი წარმომადგენლების სანქცირებაზე. რა თქმა უნდა, მკვეთრად გააკრიტიკებენ ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. ელგბტ პროპაგანდა და მსგავსი თემებზიც იქნება ნახსენები. თუმცა მათ რეზოლუციებს საქართველოსთვის ჩალის ფასი აქვს - ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის.
თინა ბოკუჩავა მაგათი აგენტია, ისინი ამას აწვდიან ინფორმაციას და ეს აქ რაც შეიძლება დამამძიმებლად ახმოვანებს. ეს არის მოთელვა იმისა, თუ რა რეაქცია ექნება ქართულ საზოგადოებას ამ ანტიქართულ რეზოლუციაზე. ე.წ. მოთელვა გაკეთებინეს ამ აგენტ ბოკუჩავას", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ რეზოლუციაში საუბარი იქნება „ქართული ოცნების" მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ქმედებებზე.
„ალბათ, იქ საუბარი იქნება ყველა იმ კანონზე, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ზღუდავს შეკრებებსა და მანიფსტაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვას უწყობს ხელს და ა.შ. ყველა ამ თემაზე იქნება ლაპარაკი.
ასევე შესაძლებელია რეზოლუციაში საუბარი იყოს სანქციების მოწოდებაზე, თუმცა მოგეხსენებათ, მას არ შეუძლია დაწესება. ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



