
საქართველოს ხელისუფლებას ამერიკასთან კვლავ სუფთა ფურცლიდან უნდა ურთიერთობის დაწყება „კონკრეტული გზამკლევით". ვაშინგტონი ამ განცხადებებს ისევ დუმილით პასუხობს და ჯერჯერობით კვლავ უცნობია, კონკრეტულად რას გადაწყვეტს ტრაპის ადმინისტრაცია, სანამ „ოცნება" „სტრატეგიული მოთმინების" რეჟიმშია.
მანამდე აშშ-ს ადმინისტრაციიდან გარკვეული სიგნალებია ვიზიტების თვალსაზრისით. ერთი მხრივ 17-18 ნოემბერს ერევანსა და ბაქოს ეწვია სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ელისონ ჰუკერი, რომელიც ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობის გაძლიერებასა და „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტზე" საუბრობს. მას თბილისში ვიზიტი დაგეგმილი არ აქვს.
ამავე დროს, საქართველოში აშშ-ს საელჩოსგან ცნობილი ხდება, რომ თბლისს ეწვია სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ჯონათან ასკონასი. საელჩოს ინფორმაციით: „ვიზიტის მიზანია განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის" (TRIPP). ეს სატრანსპორტო მარშრუტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით 8 აგვისტოს გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგია.
„დღეს დილით დოქტორი ასკონასი ესტუმრა საბაჟო გამშვებ პუნქტს - „სადახლო საავტომობილო", რომლის მშენებლობა და აღჭურვა დიდწილად აშშ-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს", - ნათქვამია საელჩოს რელიზში.
ანალიტიკოს პეტრე მამრაძეს უახლოეს პერიოდში ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი არა აქვს.
„ცდა ბედის მონახევრეაო, მაგრამ რაც მე ვიცი აშშ-ს ადმინისტრაციასა და სახელმწიფო დეპარტამენტში ვითარება, ჯერჯერობით იქ ინტერესი საქართველოს მიმართ მცირეა, რადგან მთელი აქცენტი იმ ქვეყნებზეა, რომლებიც რიგში დგანან, რათა ტრამპს მრავალმილიარდიანი ინვესტიციები შესთავაზონ. მაგალითად, ახლახან იაპონიამ 500 მილიარდი შესთავაზა. ამაზეა ყურადღება და მე ვიცი შემთხვევები, იმ ქვეყნის მეთაურებს, რომელმაც 4 მილიარდზე მეტი ვერ შესთავაზეს, ტრამპი საერთოდ არ შეხვდა.
„ამ მერკანტილურ-პრაგმატულ მიდგომაში, რომ ჩვენ არავინ არ გვჭირდება, მაგრამ თუ ვინმეს ფულის შემოტანა უნდა, კი ბატონო, კარი ღიააო, საქართველოს არ შეუძლია ამერიკისთვის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ინვესტიციის შეტანა. აი, კატარს, არაბულ ქვეყნებს, ნავთობის ქვეყნებს შეუძლიათ ტრილიონების შეთავაზება. ახლა ვენესუელას შეუძლია გარიგდეს, აი, საქართველოს მიმართ ვერ ვხედავ, რომ ტრამპის იოტისოდენა ინტერესი გაჩნდეს", - უთხრა მამრაძემ „რეზონანსს".
ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში საქართვლოს ხელისუფლებასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივა არ არის.
„მე არ ველი ამას. შეიძლება პირადულად, პერსონალურად ვიღაცამ რაღაცა თქვას, თორემ ისე, ასეთი გზა საქართველოსთვის გამორიცხულია",- განაცხადა მამრაძემ.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნების" განცხადებებზე პასუხის არგაცემა ვაშინგტონიდან იგნორს ნიშნავს.
„ბაქოშია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე. ძალიან მაღალი დონეა. ეს არ არის თანაშემწის მრჩეველი, ერთხელ კალაძემ რომ დასცინა (სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს), რა თანამდებობა აქვსო. აი, თვით თანაშემწე იყო ერევანში, მერე ბაქოში და საქართველო მის ვიზიტში საერთოდ ნახსენები არაა. რეაქცია არ არის კი არა, რეაქცია მკაფიო და ცალსახაა, რომ ვიდრე „ქართული ოცნება" ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას ახორციელებს, მასთან ურთიერთობების არანაირი შანსი არ არსებობს. ეს ძალიან მკაცრი პოზიციაა და („ოცნებაში") ძალიან კარგად ესმით რაშიცაა საქმე. სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო ცალსახად და მკაფიოდ რუსულ გზას დაადგა და ამერიკაში რაც არ უნდა ცვლილებები იყოს და მემარჯვენეებმა ოჯახური ღირებულებები უფრო მეტად წინ წამოსწიონ, ისინი პრორუსულები არასდროს არ გახდებიან.
„საჭიროა, რომ ჩაუღმავდნენ თავიანთ პოლიტიკას დასავლეთისა და დემოკრატიის მიმართ. დასავლურ გეოპოლიტიკას ჩაუღმავდნენ და მიხვდნენ, რომ აშშ-სა და ევროპაში დემოკრატია ძლიერი იქნება თუ სუსტი, უფრო მემარჯვენე თუ უფრო პირობითად მემარცხენე, რაც არ უნდა ხდებოდეს, იქ გეოპოლიტიკა პრინციპულად გადამწყვეტია. ამერიკულ გეოპოლიტიკაში კი რუსეთის ინტერესების გაფართოება მკაფიოდ მიუღებელია.
„აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ელისონ ჰუკერი, როგორც წესი, ბაქოსა და ერევანში ვიზიტის ფარგლებში თბილისშიც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ თბილისისკენ არც კი გამოიხედა, ეს არის მკაფიო რეაქცია. ბაქოსა და ერევანში რაც ხდება, ამით ძალიან კარგად ჩანს, როგორც სარკეში, თუ რა ხდება საქართველოში. რაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, ამერიკის ასეთი მაღალი დონის ჩასვლა კავკასიაში არ ყოფილა.
„ჰუკერი რომ ჩავიდა ბაქოსა და ერევანში, მან ხომ მინიმუმ რუკა ნახა, რომ საქართველოცაა კავკასიის რეგიონში, ის კი არა, რომ შეეშალა და დაავიწყდა, ეს იგნორი არის დემონსტრაციული. მე მგონი კობახიძემაც ამის გამო გააკეთა განცხადება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



