თამთა ჩაჩანიძე
(17.11.2025)

კომპანია „იგლ ჰილსის" მიერ საქართველოში დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ხელისუფლებას, ერთის მხრივ, პროდასავლური ოპოზიცია უპირისპირდება და ამ პროტესტს ახლა უკვე კონსერვატიული პოლიტიკური ძალებიც უერთდებიან. უკვე დაანონსდა მათი აქციები ე.წ. არაბიზაციის წინააღმდეგ. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ არაბული დეველოპერი უახლოეს თვეებში დაიწყებს პროექტების განხორციელებას, თუმცა გაფორმებულ ხელშეკრულებას არ ასაჯაროებს და ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მთავარი მიზეზი.

პროდასავლური ოპოზიცია ეჭვობს, რომ საქმე გვაქვს გარკვეულ ფინანსურ მაქინაციებთან ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. კონსერვატორები კი მიიჩნევენ, რომ ამ პროექტების გამხორციელება მკვეთრად უარყოფითად აისახება ქვეყანში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ორი მხრიდან მომავალ ბრალდებებს ასე პასუობს: „ბრიუსელისგან მხარდაჭერილ პოლიტიკოსებს და „ალტ-ინფოს" აქვთ ერთი ქსენოფობიური ხაზი. რაც შეეხება საჯაროობას, ჰკითხეთ ხაზარაძეს, ანაკლიის პროექტის ხელშეკრულება თუ არის გასაჯაროებული".

„პატრიოტთა ალიანსმა" 30 ნოემბერს 4 საათზე რუსთაველის ძეგლთან არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ ე.წ. უპარტიო აქცია დაანონსა.

„ვიკრიბებით ქართული მიწების გასხვისების წინააღმდეგ; ვიკრიბებით მიგრანტების მასიური შემოდინების პროცესის წინააღმდეგ... დიდი ბრძოლაა საჭირო და უნდა ვიბრძოლოთ. დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, სადაც ამ საკითხებზე საზოგადოების პოზიცია წარმოჩნდება", - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა „ობიექტივის" ეთერში.

გარდა ამისა, „კონსერვატორები საქართველოსთვის" („ალტ-ინფო") 7 დეკემბერს ასევე საათზე პარლამენტის წინ კიდევ ერთ აქციას აანონსებს.

„ეს ბიზნეს პროექტო ავტომატურად გამოიწვევს ისლამური სახელწიფოებიდან მოქალაქეების აქ კომპაქტურ ჩასახლებას, რადგან მაგ ბინებს ქართველები მყიდველუნარიანები არ ვართ და ვერ ვიყიდით, ევროპელებს არ მოუნდებათ საქართველოში ცხოვრება და ვინღა დარჩა?", - აცხადებენ „კონსერვატორებში".

„იგლ ჰილსი" საქართველოში

„იგლ ჰილსი" დეველოპერული კომპანიაა, რომელიც „ემაარ" ჯგუფის დამფუძლენებლმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა დაარსა. ალაბარი ასევე ცათამბჯენ „ბურჯ-ხალიფას" მფლობელია. „იგლ ჰილსი" 17 ქვეყანაში ახორციელებს პროექტებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, კომპანია რამდენიმე თვეში დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს კრწანისსა და გონიოში, სადაც 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. კობახიძის თქმით, „პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 16 000 საცხოვრებელი სახლის ან ბინის მშენებლობას; სასტუმროების მშენებლობას 1 400-ზე მეტი სასტუმრო ნომრითა და აპარტამენტით; საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული და სხვა კომერციული სივრცეების მშენებლობას".

პროექტი მშენებლობის ეტაპზე 24 ათასზე მეტ, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ - 8 ათასზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. პროექტის უშუალო განხორციელებას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები.

ინვესტიციით გათვალისწინებულია ორი პროექტი ორი ლოკაციაზე - რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ 590 ჰექტარი მიწის ფართობზე ფონიჭალასთან, რომელიც კრწანისის ტყე-პარკსაც მოიცავს და 260 ჰექტარს გონიოს სანაპიროზე.

ახალი კრიზისის დასაწყისი?

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სწორად მოქმედებს და ე.წ. არაბიზაციის საწინააღმდეგო კამპანიაში კონსერვატიული ძალების ჩართვა ახალ პოლიტიკურ კრიზისს ვერ შექმნის.

„ჩვენი მთავრობა ძალიან სწორად მოქმედებს, მაგრამ ხალხის თვალში არის პრობლემა, რომელიც მხოლოდ შეიძლება ძლიერდებოდეს. იმის გამო კი არა, რომ უცხოელები შემოდიან, არამედ იმის გამო, რომ ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვბერდებით და ბავშვები არ გვყავს. ამ თემის გამოყენება სულ იქნება, ვიღაც პოპულისტი საზღვრების ჩაკეტვაზე საუბრობს და არა შობადობის გაზრდაზე. ანტიეროვნულ და ანტიქართულ ძალებს, რომლებიც ამის უკან დგანან, მოსახლეობის მობილიზაციისთვის ძალა არ ეყოფათ, პერფორმანსებს გამართავენ, მაგრამ ეს პოლიტიკურ კრიზისს არ ნიშნავს", - განაცხადა მამრაძემ.

ამბობს, რომ ორი ფრთის პროტესტისა და ზეწოლის შემთხვევაში ხელისუფლებამ უკვე მოსახლეობასთან უნდა გამართოს შეხვედრები:

„ამ შემთხვევაში ხელისუფლებისგან საჭიროა ახსნა-განმარტება, უშუალოდ ხალხთან მუშაობა, რეგიონებში შეხვედრები, იმ ინფორმაციის მიტანა, რომ ესენი, ვინც ასე მოქმედებენ - კონსერვატიული ფრთა იქნება, თუ სხვები - მათი მიზნები სულ სხვაა, ანტიქართული და ამათ ხალხისთვის სიკეთე კი არ უნდათ. ვხედავ ხალხის მასას ტრანსპორტში თუ სხვაგან და „რავის არ სცალია, ყველა თავისი საქმითაა დაკავებული და ამ თემებზე არავინ არ საუბრობს.

„არაბიზაცია არანაირად არ გვემუქრება და არაბულ ქვეყნებს ამის არც ინტერესი აქვთ. ეს ჩვეულებრივი პროცესია, რაც მსოფლიოში მიდის. ტრამპი დადის და არაბებს ინვესტიციას სთხოვს".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსს" ეუბნება, რომ ქვეყანაში კრიზისი ისედაცაა და კონსერვატიული ძალებისგან დამატებითი ზეწოლა სიტუაციას დიდად არ შეცვლის.

„ხელისუფლების მიმართ უნდობლობაა, არც პროდასავული და არც ე.წ. კონსერვატიული ძალები ხელისუფლებას არ ენდობიან, თორემ ინვესტიციების საწინააღმდეგო არ მგონია ვინმეს რამე ჰქონდეს. როდესაც „უეცრად" გამომჟღავდა, რომ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში კორუფცია ჩვეულებრივი რიგითი მოვლენაა და ამის ფონზე განცხადება, რომ კომერციული საიდუმლოებაა და მთლიან შინაარსს ამიტომ არ ვაქვეყნებთო, დამაჯერებელი არაა.

„სხვათა შორის, ხელისუფლებას ხელს აძლევს ე.წ. კონსერვატორების შემოყვანა პროტესტის ველზე. თუ ისინი რუსთაველზე მოვლენ და დიდი აქცები იქნება, ფაქტიურად იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩაანაცვლებენ იმ აქციას, რაც დღეს რუსთაველზე მიდის და რომელსაც ხელისუფლებამ უბრალოდ ვერაფერი მოუხერხა. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ცხადი იქნება, რომ ე.წ. კონსერვატორული ძალების აქცია ხელისუფლების მიერაა ნაკარნახები და მასთან ერთად მოქმედებენ", - განაცხადა ძაბირაძემ.

გაუძლებს თუ არა „ოცნება"

პეტრე მამრაძის აზრით, ამ ეტაპზე ხელისუფლებას აქვს რესურსი, რომ ამ ახალ გამოწვევას გაუძლოს.

„ჯერჯერობით გაუძლებს, ჯერ რესურსი არის. ანტიეროვნული ძალები ყველაფერს ეცდებიან. კონსერვატორებიც, რა თქმა უნდა, ეცდებიან ამაზე ქულები დაიწერონ. თუ სიტუაციაში გარკვევა სურთ, გაერკვიათ და თუ პატიოსანი ადამიანი ხარ გაჩერდები", - განაცხადა მამრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ ყოველდღიური გამოსვლები „ოცნებისთვის" წნეხი არაა და თუ ამას კონსერვატორები დაემატებიან, შესაძლოა ეს ხელისუფლებისთვის მომგებიანიც იყოს.

„როდესაც ვსაუბრობდით, რომ ხელისუფლებას ექნება წნეხი არსამთავრობოებისა და ოპოზიციისგან, ძირითადად ვგულისხმობდით ამ სექტორის დასავლურ მხარდაჭერას. ხელისუფლება ანგარიშს ამათ კი არ უწევდა, არამედ დასავლეთს, გარკვეულ მანიპულაციებზე და დათმობებზე მიდიოდა. ახლა ვითარება კარდინალურად შეცვლილია - ხელისუფლება დასავლეთს პირდაპირ უპირისირდება და რა წნეხია ის, რომ ყოველდღე რუსთაველზე ასი, ორასი და გინდაც ხუთასი ადამიანი შეიკრიბოს?! აბსოლუტურად არაფერი.

„უხერხულობას, რა თქმა უნდა უქმნის, თორემ ამას რეალური პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური გავლენა არ აქვს. ამას კონსერვატორები დაემატებიან თუ არა, აქაც ხელისუფლებისთვის არანაირი პრობლემები არაა, პირიქით, თუ რუსთაველზე არსებულ პროტესტს კონსერვატორები ჩაანაცვლებენ, ეს ხელისუფლებისთვის უფრო მომგებიანი იქნება. ჯერჯერობით ასეა და ხვალ რა იქნება არ ვიცი", - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე