
„ოცნება" ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციას აუქმებს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს ადმინისტრაცია გავლენას არაფერზე ახდენდა და პირიქით, რუსული აგრესიის ხელშემწყობი გარემოებაც კი იყო.
ადმინისტრაციის ლიკვიდაცია 2026 წლის 1-ლი იანვრიდან მოხდება. საპარლამენტო უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს გააუქმოს ორი კანონი - „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ" და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ".
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, „არავითარი „სამხრეთ ოსეთი" ქართულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს". როგორც მან 17 ნოემბრის ბრიფინგზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მთავრობასთან შეთანხმებით მიიღეს. პაპუაშვილის შეფასებით, 2006 წლის ნოემბერში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ორგანიზებით ცხინვალის რეგიონში არაკონსტიტუციური არჩევნები ჩატარდა, რისი შედეგად ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა" ჩამოყალიბდა და „ამ ნაბიჯით იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების აშკარა და მძიმე ღალატი იყო".
„2007 წლის ივნისში, კვლავ კონსტიტუციის დარღვევით შეიქმნა „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია", რომელიც იმავე არაკონსტიტუციური ალტერნატიული მთავრობის ბაზაზე დაფუძნდა. ამ გადაწყვეტილებით ხელოვნურად აღდგა 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები, რაც შემდგომში იქცა ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ისტორიული რეგიონის - სამაჩაბლოს ოკუპაციისთვის", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ტერმინის პრობლემა და ცხინვალის რეაქცია
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გვეუბნება, რომ მხოლოდ ადმინისტრაციის გაუქმებას არანაირი შედეგი არ მოჰყვება, თუმცა, ამავე დროს „ოცნებას" ტერმინ „სამხრეთ ოსეთის" აღმოფხვრა სურს, რაც გაცილებით სარისკოა და სახიფათო თამაშია.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისგან განსხვავებით, ეს უწყება ჰაერზეა შექმნილი, ანუ კონსტიტუციის დარღვევით. „სამხრეთ ოსეთის" ტერიტრიაზე არჩევნები უკანონოდ ჩატარდა და ამას საქართველოს ხელისუფლებამ ახალგორში ჩატარებული არჩევნები მიაბა. სააკაშვილის დროს ამ გადაწყვეტილებას არც არაფერი კარგი და არც არაფერი ცუდი არ მოუტანია, ბლეფი იყო და ამის გაუქმებას არც არანაირი შედეგი ექნება, მაგრამ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ უნდა აღმოიფხვრას ცნება „სამხრეთ ოსეთი" და ეს უფრო მნიშვნელოვანია.
„ტერმინს „სამხრეთ ოსეთი" თუ გააუქმებენ, ოსები არ დაგელაპარაკებიან და ეს იქნება უდიდესი დარტყმა სამშვიდობო პროცესზე. საინტერესოა, პარლამენტში განხილვისას რა არგუმენტები იქნება ტერმინის გაუქმებაზე.
„მეორე, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოები ყველგან ტერმინ „სამხრეთ ოსეთს" იყენებენ. 6-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში, რომელსაც სააკაშვილმა, სარკოზიმ და მედვედევმა მოაწერეს ხელი, მხოლოდ „სამხრეთ ოსეთი" წერია. ჟვანიამ გარდაცვალების წინ კოკოითთან ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც რამდენჯერმეა ნახსენები „სამხრეთ ოსეთი". რას უშვრები ამ დოკუმენტებს? ამ დოკუმენტებს თუ ანადგურებ, ანადგურებ სივრცეს, სადაც შეიძლება ოსურ მხარესთან კონფლიქტი მოაგვარო. ძალიან სახიფათო თამაშია, დაახლოებით ისეთი, რომ თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტე.
„რაც მთავარია, ტყუილია, რომ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი" სააკაშვილმა მოიგონა. ეს შევარდნაძის დროს შემუშავდა, როცა სოჭში მან და ელცინმა 1992 წელს სამშიდობო ხელშეკრულებას მოწერეს ხელი.
„თუ ასე იარეს, ეს იქამდე მივა, რომ რუსეთი ამ ტერიტორიებს მაქსიმალურად აითვისებს და უფრო მეტად მისი გავლენების ქვეშ აღმოჩნდება, ვიდრე დღესაა.
„ახლა საინტერესო იქნება რას უზამენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. ეს 1991 წელს კანონიერადაა შექმნილი, არჩევნებში მთელი აფხაზეთი მონაწილეობდა. ამ სტრუქტურას იურიდიული ლეგიტიმაცია დიდი ხანია დაკარგული აქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ უკანონოა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისგან განსხვავებით", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დროებითი ადმინისტრაციის გაუქმების ინფორმაცია ცხინვალში სიხარულით მიიღეს:
„უკვე წავიკითხე, უხარიათ. უხარიათ, რომ უწყება გააუქმეს, მაგრამ ჯერ არავის არ მიუქცევია ყურადღება სახელის გაუქმებაზე. ეს ჯერ ინიციატივაა და უნდა ვნახოთ საბოლოოდ პარლამენტში როგორი განხილვა იქნება".
„ბოდიშის" და ჩორჩანას საქმის გაგრძელება?
ხელისუფლების გადაწყვეტილებას პარტია „გახარია საქართველოსთვის" გამოეხმაურა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შარაშიძე მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ე.წ. ჩორჩანას საქმესთან იყოს კავშირში, რომელზეც ექსპრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული.
„შემთხვევით ეს იმ ცნობილი „ბოდიშის" ან ჩორჩანას საქმის გაგრძელება ხომ არ არის? ჩორჩანას საქმის, რაზეც წულუკიანის ანტიკონსტიტუციურმა კომისიამ, ფაქტობრივად, სამართლებრივი საფუძველი გაუჩინა ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე გარკვეული პრეტენზიები გამოეთქვათ. ვნახოთ, დიდი იმედი გვაქვს, ეს ასე არ იქნება. იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება, ეჭვების, რისკებისა და კითხვის ნიშნების ქვეშ კი არ დააყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ პირიქით, თუმცა „ოცნების" პირობებში ყველაფერი მოსალოდნელია.
„აზრი აქვს ყველაფერს, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას ემსახურება, მაგრამ როცა „ოცნების" პირობებში ვხედავთ ოკუპანტებისთვის მოხდილ ბოდიშს, ჩორჩანაში ქართული მიწების დაცვის გამო ყოფილი პრემიერის 13-წლიანი მუხლის აღძვრას ზუსტად იგივე ბრალდებით, რა ბრალდებაც ცხინვალის დე ფაქტო, მარიონეტული რეჟიმის ე.წ პროკურატურას აქვს - ამ პირობებში, არ გვაქვს იმისი იმედი, რომ „ოცნება" რაიმეს სახელმწიფოებრივად უდგება", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ასევე საუბრობს ჩორჩანაზე და პარლამენტში ხმაურიან განხილვას ელოდება.
„წესით ხმაურიანი განხილვა უნდა იყოს, რაკი გახარიას დეპუტატების სახით ოპოზიცია შესულია და გახარიას ჩორჩანას ამბებს აბრალებენ, რომელიც ოსურ თემასაა მიბმული. წესით, გახარიას ხალხმა იქ ხმა უნდა ამოიღოს, თქვან ეს რამდენად სახიფათოა.
„ეს პრაქტიკულად ჩორჩანას გაგრძელებაცაა და თუ გახარიას ხალხი ამ მიმართულებით ფიქრობს, მაშინ მათთვის სრულიად მიუღებელი უნდა იყოს, რომ სამხრეთ ოსეთის საკითხი ასე იყოს მიჩქმალული", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



