ნატალია ჯვარიძე
(12.11.2025)

დეკემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც. ამ ანგარიშს გაუზიარებენ წევრ სახელმწიფოებს და წევრი სახელმწიფოები განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, შეეხება თუ არა ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის ცვლილება საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, ელჩმა უპასუხა: „ამ კითხვას საკმაოდ ხშირად მისვამენ და ვცდილობ, არ ვუპასუხო, რადგან უბრალოდ არ მინდა სპეკულირება. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ახალი მექანიზმი მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ.

რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ დეკემბერში, მომავალ თვეში, ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც. ამ ანგარიშს გაუზიარებენ წევრ სახელმწიფოებს და წევრი სახელმწიფოები განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას. რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებენ წევრი სახელმწიფოები - ეს ნამდვილად ისეთი რამაა, რაზეც სპეკულირება არ მინდა", - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა განმარტებები წინა ანგარიშთან დაკავშირებით და პასუხიც მიიღო, რომელიც, დამაკმაყოფილებელი არ არის.

„როგორც ყველამ ვიცით, ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა განმარტებები ვიზებთან დაკავშირებული ბოლო ანგარიშიდან რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ. ევროკომისიამ მიიღო პასუხი. როგორც მესმის, ეს პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი. საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული ამ პასუხის საფუძველზე, დეკემბერში გამოქვეყნდება ვიზების შეჩერების მექანიზმის ახალი ანგარიში. მას წევრ სახელმწიფოებს გაუზიარებენ და გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები მიიღებენ", - აღნიშნა ელჩმა.

„რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი: „ყველასთვის ცნობილია, რომ დიდი ქვეყნები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარს უჭერს. ამის მიზეზები არსებობს, მათ შორის ტექნიკური. საქართველოდან ბევრი მოქალაქეა, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად რჩება. ასევე გაიზარდა ქართველების რიცხვი, რომლებიც იქ თავშესაფარს ითხოვენ.

ამის გარდა, როგორც ვიცით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა საკმაოდ პრობლემატურია. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ამ ყველაფერმა ვიზის ანგარიშში ძალიან უარყოფითი მომენტები შეიტანოს. ასევე, არის კიდევ ინვენსტორთა სქემა, რომელიც საქართველოში არსებობს. ამ სქემებით ევროკავშირი უმკაყოფილოა. სხვა ქვეყნებში და საქართველოსთან მიმართებაშიც აქვთ შენიშვნა, რომ მაგალითად ადამიანი ძალიან მარტივად იღებს მოქალაქეობას პატარა ინვესტიციების განხორციელებით.

ეს ევროკავშირს არ აწყობს, ვინაიდან ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა არ აქვს, ქართულ პასპორტს იღებს და მერე უვიზოდ გადის ევროპაში. ამის გარდა ევროკავშირი უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს გახსნილი იმ ქვეყნებთან, რომელთანაც ევროკავშირი უვიზო რეჟიმს არ ხსნის. ასეთი რამდენიმე ქვეყანაა, რომელსაც ევროკავშირი სანდოთ არ თვლის.

თუმცაღა ევროკავშირის ვიზის შეჩერების საქმე მაინც წევრი ქვეყნების საქმეა. თუ იქნება პოლიტიკური ნება, რა თქმა უნდა, შეგვიჩერებენ. რთული საკითხია, რადგან არის მოსაზრება, რომ ხელისუფლების გამო ხალხი არ უნდა დაისაჯოს",- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე