
პროკურატურამ რიგით მეცხრე ოპოზიციონერ ლიდერზე დაიწყო სისხლის სამართლებრვი დევნა - უწყებამ ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას 20 ივნისისა და ჩორჩანას საქმეზე ბრალი წაუყენა სამი მუხლით და მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უწყება სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.
სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ გიორგი გახარიამ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო და სასამართლო გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით გახარიას დაუსწრებლად მიიღებს.
მის პარტიაში ამბობენ, რომ ეს "გახარია - საქართველოსთვის" "სიურპრიზი არ ყოფილა", "ოცნება" მისთვის "ყველაზე მნიშვნელოვან ოპონენტს დევნის" და გახარიას წინააღმდეგ "კიდევ ბევრ აბსურდულ ბრალდებებს ვნახავთ".
როგორც გენპროკურორმა გიორგი გვარაკიძემ 12 ნოემბერს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე თქვა, გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ" ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
რას ედავება პროკურატურა გახარიას
როგორც გენპროკურორმა აღნიშნა, 2024 წლის 7 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს დაევალა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. მისი თქმით, არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის, დაზარალებულთა მონაწილოებით, ასევე ჩატარდა ასზე მეტი ექსპერტიზა და ასეულობით მოწმე გამოიკითხა, შედაგად გიორგი გახარიას ბრალეულობა გამოიკვეთა.
უწყების ინფორმაციით, 20 ივნისის მშვიდობიანი დემონსტრაცია საღამოს საათებში "ძალადობრივ აქტივობებში გადაიზარდა" და მაშინდელმა შს მინისტრმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს "ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას".
ბრალდების მეორე ეპიზიოდზე გიორგი გვარაკიძე ამბობს, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს მაშინდელმა შს მინისტრმა გახარიამ, რომელიც ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და პრემიერთან, სუს-თან შეუთანხმებლად და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს დადგმის გადაწყვეტილება მიიღო.
"აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
"საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები",- ამბობს გვარაკიძე.
რატომ დაიწყს გახარიაზე სამართლებრივი დევნა
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სამართალი ყველას მიმართ ერთნაირად უნდა აღსრულდეს.
"ალბათ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, ახლა სასამართლოს პრეროგატივაა განაჩენის გამოტანა - დამნაშავეა თუ არა გახარია და შესაბამისად იმოქმედოს. სამართალი ყველას მიმართ ერთნაირად უნდა აღსრულდეს, ეს გინდა გახარია იყოს, გინდა გვენეტაძე და გინდა ჩიბურდანიძე.
"გახარია რა თქმა უნდა აქ არ ჩამოვა და არ მოხვდება (სამართალდამცველების ხელში), ჯერჯერობით ვერ მოხვდება და მომავალში რა იქნება არ ვიცი. სასამართლოს გადაწყვეტილებას ისეთს ველი, რომ ჩემი აზრით, ალბათ მას საპატიმრო განაჩენს გამოუტანს, თუ პროკურატურის მოთხოვნა ასეთია.
"ოპოზიციის ლაყბობა, რომ თითქოს გახარიამ თავი დაიძვრინა პარლამენტში შესვლით, დღევანდელი დღით დამტკიცდა, რომ აბსოლუტური სიცრუეა",- განაცხადა გვენეტაძემ.
გვენეტაძისვე შეფასებით, ახლა თუ გახარიას პარტიმ პარლამენტისთვის კვლავ ბოიკოტის გამოცხადება გადაწყვიტა, "გამოაცხადონ და იყვნენ".
"ამიერიდან გინდ შაიტანე და გინდ გამოიტანე ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანიო - ასე არიან ესენიც",- დასძინა გვენეტაძემ.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გახარიასთვის მოქნეულ ჯოხს "ოცნება" თავში ირტყამს - ის მათი წამყვანი ფიგურა იყო, თუმცა, თუნდაც შს მინისტრობის დროს პრემიერისა და ივანიშვილის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.
"ორივე ბრალი "ოცნებას" ეკუთვნის, როცა გახარია მათი წამყვანი ფიგურა იყო, ამიტომ "ოცნება" გახარიასთვის მოქნეულ ჯოხს თავში ირტყამს. მომავალში 20 ივნისისა და ჩორჩანას საქმეზე შეიძლება "ოცნება" გაასამართლო, რადგან იქ გადაწყვეტილებას მარტო გახარია არ იღებდა, ამის დამტკიცება იოლი იქნება.
შეუძლებელია შს მინისტრს, პრემიერთან შეთანხმების გარეშე ჩორჩანაში საგუშაგო დაედგა. მით უმეტეს, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია, რომ ჩორჩანაში საგუშაო ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე დამდგარიყო. ეს უკვე რუსეთისთვის მიუღებელი იქნებოდა და ასეთ ფაქიზ თემებზე გადაწყვეტილება ვერ მიიღებოდა რომ არა ივანიშვილთან შეთანხმება.
"გახარია ბოიკოტს არ შეუერთდა, თავის ამომრჩევლის გული მაინც მოიგო და საზოგადოებაში შექმნა განცდა, რომ მისი პარტია ისევე, როგორც "ლელო" თავის ამომრჩეველს არ ტოვებს და მაინც დემოკრატიაზე მუშაობს. მემგონი ამით არიან გამწარებულები, დაუბრმავდათ თვალები და იძულებულები არიან პიროვნულ დონეზე გადავიდნენ, მაშინ როცა აქ ინსტიტუტების დონეზე ჩანს ბრალეულობა.
"20 ივნისი საშინელი მოვლენა იყო, იყო ძალის გადამეტება და გახარიას წვლილიცაა, მაგრამ არაერთი ადამიანის წვლილია აქ. გვიან რომ ხდება რეაგირება, ეს პოლიტიკური ანგარიშწორებაა. რეაგირება მაშინვე არ მომხდარა, არც 20 ივნისზე და არც ჩორჩანაზე - ამის შემდეგ გახარია დაწინაურდა, პრემიერი გახდა და ამიტომ ამაზე პასუხი "ოცნებამ" უნდა აგოს, როგორც პოლიტიკურმა ძალამ.
გახარია თავიდანვე რომ თუნდაც სამსახურიდან გაეშვათ, მაშინ სხვა საკითხია, მაგრამ დაწინაურების მერე გახარიას პრაქტიკულად დადებითად ჩაეთვალა ის, რაც მოხდა 20 ივნისს და მეტი საშუალება მიეცა იმ პოლიტიკის გატარებისა, რასაც "ოცნება" ახორციელებდა.
"აქ "ოცნების" შურისძიებაა გახარიას წინააღმდეგ, ვერაფერი ვერ უპოვეს და იძულებულები არიან თავის წიაღში ჩადენილი გადაცდომები დაებრალებინათ, ეს "ოცნების" თვალშისაცემი სისუსტეა და წესით, მათ ეს ბუმერანგივით უნდა დაუბრუნდეთ",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ამბობს, რომ სამართლებრივი დევნა უკვე მეცხრე ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე, ნიშნავს, რომ "ოცნება" არჩევნებისთვის ემზადება.
"ეს ნიშნავს, რომ არჩევნებისთვის ემზადებიან. ამ წუთში არ მაქვს არავითარი განცდა, რომ იქნება ვადამდელი, თუმცა, გამორიცხული არაფერია. სულ ცოტა 2028 წლისთვის ემზადებიან. მათ რომ ვადამდელი სდომებოდათ, ადგილობრივთან ერთად ჩაატარებდნენ, ბარემ ნიადაგი კარგად იყო მომზადებული, ბოიკოტი კარგად მუშაობდა და ამომრჩევლებს დააბნევდნენ. ახლა რომ ვადამდელი ჩაატარონ, ამომრჩევლის მობილიზება მოხდება, ამდენი კორუფციული სქემის ფონზე, ხალხი გამწარებული იქნება და "ოცნება" ვერ აიღებს, რაც მას უნდა.
"2028 წლისთვის ნიადაგს ასუფთავებენ. სამწუხაროდ, ბოიკოტმა ოპოზიციის საწინააღმდეგოდ და "ოცნების" სასარგებლოდ იმუშავა. ბოიკოტმა "ლელო" და გახარია ვერ გაანადგურა, ახლა უკან აბრუნებენ ციხეში ხაზარაძე-ჯაფარიძეს და გახარიაც არ სჭირდებათ გარეთ",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



