ნატალია ჯვარიძე
(12.11.2025)

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ევროპა რუსეთთან შესაძლო ომისთვის ემზადება, „რადგან ეს პერსპექტივა სულ უფრო აშკარა ხდება". უკრაინული მედიის ცნობით, ვუჩიჩმა ამის შესახებ სერბულ ტელეარხ Pink-თან განაცხადა.

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ ფაბიენ მანდონის სიტყვების კომენტირებისას, რომელმაც განაცხადა, რომ საფრანგეთის არმია „სამ-ოთხ წელიწადში რყევისთვის მზად უნდა იყოს", ვუჩიჩმა განაცხადა, რომ „ევროპასა და რუსეთს შორის ომი სულ უფრო სავარაუდო ხდება".

„ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის. ყველა ამისთვის ემზადება. ეს განაცხადა გენერალმა, რომელიც უკიდურესად პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია", - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ სერბეთი „კლდესა და ჩიხს შორის აღმოჩნდა" და რომ აუცილებელია თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.

„ჩვენ გონივრულად უნდა შევიარაღდეთ და გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი რესურსების ინვესტირება ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად", - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, ომის წინაპირობად პირველ რიგში შეიძლება ჩაითვალოს ომის გაგრძელების რიტორიკა.

„ეს უწინარესად გამოიხატება ომის გაგრძელებისა და მისი ესკალაციის მცდელობით. მოგეხსენებათ, რუსული გაყინული აქტივებიდან 140 მილიარდის სესხად გაცემა უკრაინისთვის სურთ. თუმცა, ამის წინააღმდეგია ბელგია. ამას ასევე ეწინააღმდეგება სლოვაკეთი და უნგრეთი, ვინაიდან მათ ომის გაგრძელება არ სურთ.

სერბეთის პრეზიდენტის განცხადება გამოიწვია საფრთანგეთის თავდაცვის მინისტრის ნათქვამმა, რომ ევროპა 2-3 წელში უნდა მოემზადოს რუსეთთან კონფლიქტისთვის. ეს რიტორიკა მას შემდეგ ისმის, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მოსაზრებები იყო, რომ რუსეთი ბალტიისპირეთს და ევროპის სხვა ქვეყნებს დაარტყამდა, თუმცა, საბედნიეროდ, ეს მოლოდინები არ გამართლდა, მაგრამ ვხედავთ, ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.

ახალი ამბავი ნამდვილად არ არის, რომ ევროპას ომის გაგრძელება სურს, ამერიკას კი არა. თუმცაღა, როგორც ხდება საერთაშორისო ურთიერთობაში, რიტორიკებით ტემპერატურას მაღლა წევენ, რათა ხალხში ბუნებრივად გაჩნდეს აზრი, რომ ომი საჭირო არაა და აუცილებელია მშვიდობიანი მოლაპარაკება.

მშვიდობიანი მოლაპარაკება უკრაინასთან დაკავშირებით კი, კვლავ ჩიხშია. ყველაფერ ამ ორომტრიალში ევროპელებისთვის ომის რიტორიკა კიდევ უფრო დამთრგუნველია. როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი, რთული სათქმელია, მაგრამ, მშვიდობისმყოფელ ტრამპზე ბევრი რამ არის დამოკიდებული",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე