
ევროკავშირის გაფართოების პირველ ფორუმზე, რომელიც 18 ნოემბერს გაიმართება საქართველო მიწვეული არაა, "ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ბრიუსელს აქვს და დიალოგის ნაცვლად კონფრონტაციას ირჩევს.
ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ევრობლოკსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის კომპრომისებისთვის სივრცე დარჩენილი არაა, რადგან არცერთი მხარე არაფრის დამთმობი არ ჩანს.
ნაწილი კი ფიქრობს, რომ ურთიერთობის გამოსწორების სივრცე და რესურსი ყოველთვის არის და ნაბიჯები უნდა გადადგას თავად ბრიუსელმა.
რას აცხადებენ ევროკომისიაში
ევროკომისიის პრესსპიკერმა გაფართოების, საერთაშორისო პარტნიორობისა და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში, გიომ მერსიემ, "ევროსკოპის" კითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ საქართველო 18 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის.
"გაფართოების ანგარიშმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო სულ უფრო შორდება ევროკავშირის გზას. ანგარიშის მიხედვით, დაფიქსირდა უკუსვლა ევროკავშირის გაწევრიანების რეფორმების მიმართულებით - რაც ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევაა კანდიდატი ქვეყნისთვის. მდგომარეობა ბოლო რამდენიმე თვეში გაუარესდა და ჩვენ ვაკვირდებით დემოკრატიულ უკუსვლას.
"რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანების პროცესს, როგორც კარგად იცით, 2024 წელს ევროპის საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
"რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან, როგორც ცნობილია, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მიზნად ისახავს არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნას.
"და, რაც შეეხება გაფართოების ფორუმს, შემიძლია დავადასტურო, რომ არსებული ფონის გათვალისწინებით, საქართველო არ ყოფილა მოწვეული გაფართოების ფორუმზე", - განაცხადა მერსიემ.
რას პასუხობენ "ოცნებაში"
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველო არაა მიწვეული გაფართოების სამიტზე იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ბრიუსელს აქვს.
"ის ფაქტი, რომ საქართველო არ არის მიწვეული EU-ს გაფართოების სამიტზე, არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ბრიუსელს აქვს. მათ შორის გაგახსენებთ, რომ საქართველო მიწვეული არ იყო შავი ზღვის დაკავშირებადობის სამიტზე, რომლის მთავარი თემაც იყო ევროპის დაკავშირება კავკასიის გავლით ცენტრალურ აზიასთან.
"როდესაც საქართველოს ასეთ ღონისძიებაზე არ მიიწვევ გაუგებარია, რა გზებით აპირებენ ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებას კავკასიის გავლით თუ არა საქართველოს გავლით. ამიტომ ნათელია, რომ ეს არის პოლიტიკა, რომელიც ბრიუსელს აქვს, რომ არ ჰქონდეს დიალოგი საქართველოს მთავრობასთან.
"მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან წამგებიანი, გაუაზრებელი და არალოგიკური პოლიტიკა ბრიუსელის მხრიდან, თუმცა ასევე ვიმედოვნებ, რომ ეს პოლიტიკა, მალე შეიცვლება, იმიტომ რომ თუ მათ მართლაც აქვთ გულწრფელი ინტერესი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იხილონ ევროპულ ოჯახში მაშინ ისინი უნდა ელაპარაკონ იმ ხელისუფლებას, რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა," - განაცხადა სამხარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროპული ღირებულება არის დიალოგი და არა კონფრონტაცია.
„ორი საკითხია: ამჯერად უკვე პრესსპიკერმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურა, რომ ეს პროცესი შეაჩერა თავად ბრიუსელმა 2024 წლის ივნისში. ასე რომ კიდევ ერთხელ, საკუთარი პირით აღიარეს, თუ რა დეზინფორმაციული, ცრუ ნარატივი ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. ეს კიდევ ერთი დასტური და საკუთარი თავის მხილებაა.
"მეორე - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბრიუსელი ირჩევს კონფრონტაციას დიალოგის ნაცვლად, რაც ასევე გახლავთ ბრიუსელის მხრიდან კიდევ ერთი ნიშანი ევროპული ღირებულებებისგან გადახვევისა.
ევროპული ღირებულება, ის როგორც ჩვენ, ქართველებს გვესმის და რისი თანაშემოქმედებიც ჩვენ ვართ, არის დიალოგი და არა კონფრონტაცია, არის საუბარი და არა დირექტივები, არის სხვისი ინტერესების გააზრება და არა მითითებების მიცემა. ბრიუსელი, დღეს, სამწუხაროდ, ამ ღირებულებებს აცდენილია, რისი შედეგიც არის სწორედ ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები და რიტორიკა, რომელიც გვესმის ჩვენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დარჩა თუ არა სივრცე კომპრომისებისთვის
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ურთიერთობის გამოსწორების გზაზე კომპრომისების სივრცე ყოველთვის არის, ნაბიჯები კი ბრიუსელმა უნდა გადადგას.
"ურთიერთობის გამოსწორების სივრცე და რესურსი ყოველთვის არის. ეს საერთაშორისო პოლიტიკაში არაერთხელ დადასტურდა. უფრო ვიტყოდი რა ნაბიჯები უნდა გადადგას ბრიუსელმა, რადგან თბილისს არაფერი გამოსასწორებელი არ აქვს, რადგან ბოლო რამდენიმე წელია სიცრუის, დეზინფორმაციის და შანტაჟის ქარცეცხლშია, რომელიც ევროკრატიიდან მომდინარეობს. დაუმსახურებელ ბრალდებებზე პასუხი არ უნდა გასცეს და თავად ბრალდებების წამყენებელმა უნდა დაამტკიცოს ეს.
"თუმცაღა, ვერანაირად ვერ ამტკიცებენ, რადგან ოფიციალური თბილისის მხარეს მყარი ფაქტები და არგუმენტებია, ხოლო ბრიუსელიდან მხოლოდ აღქმებზე დესტრუქციული ოპოზიციის აქტორებზე დაფუძნებული მესიჯბოქსებს აჟღერებენ. შეუძლებელია სამართლიანობასა და დემოკრატიაზე ილაპარაკოს იმ მხარემ, რომელიც განუწყვეტლივ ორმაგ სტანდარტებს მისდევს და არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ თვით ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაშიც.
"ბრიუსელმა რეალობას უნდა შეხედოს და პირველ რიგში დაანებოს თავი საქართველოსთვის მოძულებული ნაცრადიკალების უაზრო მხარდაჭერას. შეეშვას ფინანსური ინექციების გადმოდინებას, რათა რადიკალებმა მორიგი ანტიქართული ქმედებები არ მოაწყონ და შეხედოს ფაქტებსა და რეალობას. ფაქტები და რეალობები კი ევროკომისიის მიერ დაკვეთილ არაერთ კვლევაში დევს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების კარგ მაჩვენებლებს ეხება.
"როდესაც ამას ობიექტურად შეხედავენ, ძალიან მოკლე პერიოდში შეიძლება ურთიერთობის გამოსწორება, მაგრამ თბილისს შემრიგებლობითი ნაბიჯები ნამდვილად არ აქვს გადასადგმელი, ეს სიჯიუტე კი არა, ფაქტის კონსტატაციაა. უსინიდისოდ აბრალებენ იმას, რაც ქვეყანას არ გაუკეთებია.
"მაგალითად, ბალტიის ორ ქვეყანაში - ლატვიასა და ლიეტუვაში ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალულია, რატომ იმათ არ სთხოვს ევროკავშირი, რომ გააუქმონ? იმიტომ, რომ ამ ქვეყნების პოლიტიკოსები ბრისუელის ვასალები არიან,საქართველოსგან განსხვავებით ისინი არიან ბრიუსელის რეკომენდაციების მონა-მორჩილები.
"ზუსტად ამაშია ორმაგსატნადრტიანობა, ზოგისთვის დაშვებულია, საქართველოსთვის თურმე დემოკრატიული უკუსვლაა, იგივე ეხება უცხოური გავლენების შესახებ გამჭვირვალობას და ა.შ. თბილისს უაზროდ აკრიტიკებენ იმაში, რაც ევროპის ზოგოიერთ ქვეყანაში მიღებულია რომელ სამართალზე და რომელ თბილისის მიერ ურთიერთობის გამოსწორებაზეა ლაპარაკი?"- განაცხადა აბაშიძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიალოგისთვის ხელსესახები არაფერია და არცერთი მხარე არაფრის დამთმობი არ ჩანს.
"არ მგონია ახლა რომელიმე მხარე დათმობაზე წავიდეს. დიალოგისთვის ხელშესახები არაფერი არაა, ეს ხდება, როდესაც ურთოერთკომრპომისის ინტერესი ორივე მხრიდანაა. მაგალითად, დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგს პერსპექტივა აქვს, რადგან ორივე მხარეა დაინტერესებული.
"აქ, ამ შემთხვევაში, ქართული მხარე რომ წავიდეს კომრპომისზე და თქვას, რომ კარგით, კანონებს გავაუქმებ, გამოვასწორებ, ჩავატარებ დემოკრატიულ არჩევნებს და კი ბატონო, დემოკრატიას განვამტკიცებ, ეს "ოცნებას" არ აწყობს. იმის გამო, რომ თუ მან დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა, დამარცხდება. დავინახეთ, რომ მუნიციპალურ არჩევნებზე მოსახლეობის 41% გამოცხადდა, იქიდანაც ყველამ "ოცნებას" არ მისცა ხმა და ესეც ცესკო-მ რაც დაწერა, ამიტომაც არ აწყობთ.
"თუ ევროკავშირი დათმობაზე მიდის და უშვებს იმას, რომ თქვენ თუ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია გნებავთ, კარგით, მაშინ თანამშრომლობა გავაგრძელოთ და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, მაშინ გამოდის, რომ ევროკავშირის თვალს ხუჭავს საქართველოში პოლიტპატიმრებისა და სინდისის პატიმრების არსებობაზე, ანტიდემოკრატიულ კანონებზე. ესაა რეალობა, რომ შეხების წერტილი არ არსებობს.
"ხანდახან თუ შეთანხმება შეუძლებელია, ამ შემთხვევაში მოლაპარაკების ერთმა მხარემ შესაბამისი ბერკეტები უნდა აამოქმედოს, რომ მეორე მხარე აიძულოს. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კი დათმობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება წვაიდეს, თუ ევროკავშირის მხრიდან კონკრეტული სანქციები იქნება ამოქმედებული.
ამ შემთხვევაში, ბურთი ევროკავშირის მხარეს იქნება და ეტყვის, რომ შეგვიძლია სანქციები მოგიხსნათ, თუ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება და დემოკრატიის გზას დაუბრუნდება",- განაცხადა ჩიტაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



