რეზონანსი
(11.11.2025)

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ირაკლი ხმალაძე იუსტიუციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ის ამ თანამდებობაზე მაისიდან მუშაობდა, მანამდე კი წლების განმავლობაში თბილისის ვიცე-მერი იყო. გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა, ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ეს მიანიშნებს კორუფციის შესაძლო ბრალდებით მისი სამართლკებრივი დევნის შესაძლო დაწყებაზე და არ გამორიცხავს, რომ საქმე თბილისის მერამდე და მმართველი პარტიის გენმდივნამდე, კახა კალაძემდეც მივიდეს.

ბრძანება ირაკლი კობახიძემ 10 ნოემბერს გამოსცა.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 10 ნოემბრიდან“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ხმალაძის გათავისუფლება კორუფციას უკავშირდებოდეს და თუ ამ საქმეს გაგრძელება ექნება, ეს „უფრო მერიაში მოღვაწეობის პერიოდს დაუკავშირდება“.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ ხმალაძე კალაძის „მთავარი საცეცი“ იყო.

„ირაკლი ხმალაძე არის ის ერთ-ერთი მთავარი საცეცი, რომლის საშუალებითაც კახა კალაძე თბილისელებს მთელი ამ წლების განმავლობაში ჰპარავდა ფულს. სწორედ ამიტომ ის პირდაპირ კი არ გაუშვეს თანამდებობიდან, ვიცე-მერობიდან გადაიყვანეს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ და ახლა უკვე წყნარად და მშვიდად მოხდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. თუმცა, თანამდებობიდან გათავისუფლების მიუხედავად, დარჩა უამრავი კითხვა, რომელიც პასუხგასაცემია და ამ კითხვებზე პასუხები მან უნდა გასცეს გამოძიებას“, - ამბობს საბა ბუაძე. 

რაზე მიანიშნებს ხმალაძის გადაყენება

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, ხმალაძის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ვერ ასაბუთებდა მის ხელთ არსებული სოლიდური ქონების წარმომავლობის კანონიერებას. 

„მის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის ვერ ასაბუთებდა მის ხელთ არსებულ საკმაოდ სოლიდურ აქტივებს და უძრავი ქონების წარმომავლობის კანონიერებას. ანუ, ჩინოვნიკს ოფიციალური შემოსავალი აქვს მხოლოდ მისი ხელფასი და სხვა არაფერი. შესაბამისად, როგორც ჩანს, ის ყურადღების ცენტრში მოექცა არა მარტო ამის გამო, არამედ შესაძლოა სხვა საქმის გამოც, რადგან სერიოზული მიზეზები რომ არ ყოფილიყო, მას ასე სწრაფად თანამდებობიდან არ გაათავისუფლებდნენ.

„ჩემი აზრით, ის, როგორც კალაძის კადრი, მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს და რაღაც ერთგვარი თავშესაფარი მისცეს, თუ შეიძლება ასე ითქვას და ჩემი ვარაუდით, ალბათ რაღაც გარკვეული ინფორმაცია დაგროვდა მის შესახებ, რამაც პრემიერ-მინისტრს საფუძველი მისცა, რომ მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოეცა“, - განაცხადა ანჯაფარიძემ. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ხმალაძის გათავისუფლება სწორედ კორუფციის არსებობაზე მიანიშნებს.

„თუ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკას გავითვალისწინებთ, დიდი ალბათობით, ეს სწორედ იმას მიანიშნებს, რომ კორუფციული თემები იხილება ხმალაძესთან მიმართებაში. 

„არ მგონია, რომ ამ ეტაპზე ძალიან შორს წავიდნენ. ეს უფრო მოსინჯვაა, თუ რა რეაქცია მოჰყვება ამას საზოგადოებაში. არ მგონია, რომ ახლა საქმე აღძრან, უბრალოდ გაათავისუფლეს და შეხედავენ. თუ ამას მათთვის სასარგებლო ცვლილება მოჰყვა საზოგადოებაში, მაშინ პროცესი გაგრძელდება, თუ არა და თავს შეკავებენ. 

„შესაძლოა ეს საქმე ერთი წლის შემდეგ გახსნან, თუ დასჭირდებათ. მაშინ უკვე სხვა პრობლემებიც აღმოჩნდება - რომ კალაძეს არა მარტო ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია სწორად, არამედ ქონებაც მთლად წესიერი გზით არ აქვს შეძენილი. მთლიანად „ოცნების“ ხელშია, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ამ პროცესს როგორ გააგრძელებს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

დაიწყება თუ არა გამოძება და მივა თუ არა საქმე კალაძემდე

ზაალ ანჯაფარიძე გვეუბება, რომ რადგან ირაკლი ხმალაძე კახა კალაძის მოადგილე იყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ხმალაძე კორუფციაში იყო ჩართული, ჩართული იყო კალაძეც. თუმცა ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ თუ ამ საქმეს გაგრძელება ექნება, უფრო მერიაში ხმალაძის მოღვაწეობის პერიოდს დაუკავშირდება.

„ამის შესახებ ვერ ვიტყვი. გასაგებია, ყველა იმაზე საუბარს დაიწყებს, რომ რადგანაც ის კალაძის მოადგილე იყო, ესე იგი, რა თქმა უნდა, ერთად იყვნენ რაღაც საქმეებში გასვრილი, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება. ის, რომ მისი მოადგილე იყო, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ კალაძეც გასვრილი იყო ამ საქმეებში.

„თუკი ამ ყველაფერს გაგრძელება ექნება, ჩემი აზრით, ეს დაუკავშირდება უფრო მერიაში მისი მუშაობის პერიოდს. უდანაშაულობის პრეზუმციას არ დავარღვევ, მაგრამ ჩემი გონივრული ეჭვია, რომ ეს საკადრო გადაწყვეტილება შემთხვევითი არ ყოფილა“, - განაცხადა ანჯაფარიძემ. 

ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ „ოცნება“ ამ ეტაპისთვის შეეცდება საქმე კალაძემდე არ მიიყვანოს. 

„ჯერჯერობით არ ვფიქრობ, რომ აუცილებელია ეს პროცესი კალაძემდე მივიდეს. არ მგონია დღეს ხელისუფლებას ეს უნდოდეს. შეიძლება კობახიძეს ძალიან უნდა, მაგრამ არ მგონია, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილმა კალაძეს შეწიროს. პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე იმასაც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე მაინცდამაინც ამის მომხრე არც კობახიძე იქნება. 

„არ გამოვრიცხავ, რომ გაზაფხულზე, ან ერთი წლის შემდეგ - იმის მიხედვით, თუ „ქართულ ოცნებას” მოსახლეობაში რა პოზიციებო ექნება - ეს საკითხი დადგეს, ანუ კალაძესთან კორუფციულ გარიგებებზე ლაპარაკი. სიტუაციას და საზოგადოებრივ აზრს სწორედ ამისთვის ამზადებენ. გაგრძელდება ეს თუ არა, ეს „ოცნების“ პოლიტიკურ მიაზნშეწონილობაზეა დამოკიდებული. 

„მგონია, რომ „ოცნებამ“ კორუფციული თემების წამოწევის თემა მთლად სწორად ვერ გათვალა, რადგან მოსახლეობაში ამას უფრო მეტად ნეგატიური დამიკიდებულების გაძლიერება მოჰყვა „ოცნების“ მიმართ, ვიდრე პოზიტიურის. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ირაკლი კობახიძე ციდან მოვლენილი ანგელოზი არაა. ღარიბაშვილი თუ კორუფციაში იყო, ეს კობახიძეს უნდა სცოდნოდა, რადგან ჯერ პარლამენტის და მერე პარტიის თავმჯდომარე იყო და ის ამ სიტუაციიდან მთლად მშრალი ვერ გამოდის. 

„თუ „ოცნება“ და კობახიძე ამ პოლიტიკას გააგრძელებს, არ გამოვრიცხავ, რომ მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალოს უფრო პოზიტურად, ვიდრე ნეგატიურად. ასეთ შემთხვევაში, კალაძეს საფრთხე უჩნდება და მაშინ თუ “ოცნება” ისე შეცვლის სიტუაციას, რომ (თბილისის) მერის არჩევნების მოგება გარანტირებული ექნება, მაშინ კალაძე საფრთხის წინაშე დგას”,- განაცხადა ძაბირაძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე