
პატიმრობაში მყოფი პაატა ბურჭულაძე არშემდგარ „რევოლუციასთან" დაკავშირებულ კითხვებს 8 დეკემბრის მერე უპასუხებს, როცა ციხიდან წერილის გამოგზავნის უფლება ექნება. ამის პარალელურად კი ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება ექსპერზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და 4 ოქტომბრის შეფასებისას თავის შეკავებას სთხოვს.
ბურჭლაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც ის 4 ოქტომბერს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს, სამარცხვინო შინაარსს ატარებს.
„არა მარტო ბატონი პაატასთვის, არამედ ყველასთვის, ვინც უყურებდა ქალბატონი სალომეს გამოსვლას, რომელიც ცოტა ბუნდოვნად აფასებს 4 ოქტომბრის მოვლენებს - ისე, რომ საკუთარ აზრს ბოლომდე არ აფიქსირებს, გაუგებარი დარჩა პრინციპში ძირითადი სათქმელი, შინაარსი, რომლის გამოთქმისგანაც ქალბატონი სალომე თავს იკავებდა. განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც საუბარი ეხებოდა რუსულ სპეცოპერაციას, სადაც ასევე, ქალბატონმა სალომემ, მე ვფიქრობ, შეგნებულად დატოვა გარკვეული კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო რუსული კონკრეტულად ამ ღამის მოვლენებში და რას გულისხმობდა ის ამ რუსულ სპეცოპერაციაში.
„ჩვენ ვგმობთ ყველანაირ მცდელობას, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდეს ციხეში მჯდომი ადამიანების მიმართ, რომლებსაც საკუთარი ჯვარი აქვთ სატარებელი ძალიან მძიმე სასჯელის სახით - ემუქრებათ მრავალწლიანი პატიმრობა. ამ დროს, თავისუფალმა ადამიანებმა, რომლის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნაც კი არ არის დაწყებული, რომლებსაც არავითარი რეალური ფასი არ აქვთ გადახდილი ოპოზიციაში ყოფნისა და „ქართულ ოცნებასთან" ბრძოლისთვის, ბუნებრივია, ჩემი აზრით, უფრო ეთიკური იქნება, რომ თავი შეიკავოს ასეთი განცხადების გაკეთებისგან.
„ამავე აზრზე არის ბატონი პაატა. მიაჩნია, რომ განცხადება ატარებს სამარცხვინო შინაარს. იგი ყველას მოუწოდებს დამატებითი სიფრთხილის გამოჩენისკენ", - ამბობს შოთა თუთბერიძე.
სალომე ზურაბიშვილმა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას პრაქტიკულად მაშინვე უწოდა რუსული სპეცოპერაცია და დაგმო და ეს მოქმედება შეაფასა, როგორც პირადად მისთვის დაგებული ერთგვარი ხაფანგი.
„რუსული სპეცოპერაცია ჩავარდა და ყველამ გაიგო, რომ ეს იყო ნამდვილი რუსული სპეცოპერაცია, ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, რომელიც უფუძნებოდა ბევრ სხვადასხვა კომპონენტს, დიდი ხნის წინ მომზადებული, რომელიც ეფუძნება იმ რაღაც უიმედობას, რომელიც შეიძლება დაგროვდა. დაღლილობაც არის ამ პროტესტში, ყველაფერი, რაც ძალიან ბუნებრივი არის და ამაზე ითამაშეს და ამაზე მოაწყეს ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იყო პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა და მეც მეხებოდა ეს ხაფანგი, რამეთუ ეს პირდაპირ ურტყამს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, რომელიც არის ის, რაც რეალურად გვრჩება და რაც არის ხალხის თვალში ნამდვილი ლეგიტიმაცია.
„მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ამდენი მომზადების მიუხედავად, ეს სპეცოპერაცია ჩავარდა და დარჩა დიდი პროტესტი. მშვიდობიანმა პროტესტმა თავისი სახე შეინარჩუნა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რამეთუ რეჟიმის მთავარი სამიზნე სწორედ ეს არის", - თქვა ზურაბიშვილმა.
რას იტყვის ბურჭულაძე
პაატა ბურჭულაძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ბურჭულაძე 8 დეკემბრის შემდეგ 4 ოქტომბერზე ყველა კითხვას პასუხს გასცემს. მანამდე კი ეს ფიზიკურადაა შეუძლებელი, რადგან ბურჭლაძეს ციხიდან წერილის გაგზავნაც აკრძალული აქვს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ბურჭულაძისგან რაიმე სიახლეს არ ელოდება და ამბობს, რომ სავარაუდოდ, იქნება ბრალდებები თანამოაზრეების მიმართ.
„ჩემი აზრით, ბურჭულაძე რამე ისეთს არ იტყვის. სავარაუდოდ, იქნება სენსაციური სიცრუის შემცველი ბრალდებები. გამორიცხული არ არის, რომ თავის თანაგუნდელებს რაღაც-რაღაცები დააბრალოს, რადგან თავი იმართლოს და რასაკვირველია ხელისუფლებისკენ გაიშვერს ხელს, რომ ვითომ ვიღაცები წამქეზებლები იყვნენ. ასეთი პერსონაჟებისგან გამორიცხული არაფერია. სანამ მას დააკავებდნენ და მიმოწერის უფლება ჰქონდა, მანამდეც შეეძლო ეს ყველაფერი აეხსნა. ეს ისეთივე სიახლე იქნება, როგორც, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი პერიოდულად გეგმებს წარადგენს პოლიტიკურ ერთობაზე და ა.შ.", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
ნიკა ჩიტაძის ვარაუდით, ბურჭულაძე ახსნის, როგორ დაიგეგმა 4 ოქტომბერი:
„ალბათ იტყვის როგორ მზადდებოდა 4 ოქტომბერი, როგორ მიდიოდა მოლაპარაკებეები, რა სტრატეგია იყო და ა.შ. ზურაბიშვილის განცხადება, რომ რუსული სპეცოპერაცია იყო, რა თქმა უნდა ასე არ იყო. უბრალოდ ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი, ანუ მას მიეცა საშუალება პოლიტიკური ლიდერების დაკავებისა. მე პირადად ვაცხადებდი, რომ არ შეიძლებოდა კონკრეტულად ამ თარიღზე ხელისუფლების შეცვლის დაპირებები. ვამბობდი, რომ ამის გამო ბევრ ადამიანს გული აუცრუვდებოდა, რადგან ეს რთულ ამოცანას წარმოადგენდა და მოსახლეობასთან მუშაობა საჭირო იყო."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



