
სამშენებლო სფეროში სერტიფიცირებული სპეციალისტების სიმცირეა. პრობლემა განსაკუთრებით ინჟინერ-მშენებლებს ეხება, რის დეფიციტიც ბაზარზე საკმაოდ იგრძნობა. არქიტექტორების შემთხვევაში მდგომარეობა განსხვავებულია, ვინაიდან აღნიშნულ სპეციალობაზე უმაღლეს სასწავლებლებში მოთხოვნა მაღალია და შესაბამისი კადრიც საკმარისია. კვალიფიციური ინჟინერ-მშენებლების რაოდენობა კი საკმაოდ მცირეა, რაც ზოგადად მშენებლობების ინტენსივობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
კვალიფიციური კადრების საკითხი ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ასეთ ფონზე გაუგებარია, რატომ გადავადდა არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება, რამაც სექტორს შეიძლება დიდი პრობლემა შეუქმნას.
ვადის კორექტირებასთან დაკავშირებით ცვლილება „არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ“ დადგენილებაში უკვე შევიდა. აქამდე სერტიფიცირების ამოქმედების ვადად 2025 წლის 1-ელი დეკემბერი იყო განსაზღვრული. ბოლო ცვლილებებით კი, ცვლილებები 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე გადავადდა.
იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებები მომავალი წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა, მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტები დამოწმებული უნდა იყოს სერტიფიცირებული არქიტექტორის/ინჟინერ-მშენებლის მიერ და ამ პროექტებზე ექსპერტიზა სერტიფიცირებულმა ექსპერტმა უნდა განახორციელოს.
ამასთანავე, ზემოთ აღნიშნული მოთხოვნა არ გავრცელდება მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იმ არქიტექტურული/კონსტრუქციული პროექტის ცვლილებაზე (კორექტირებაზე), რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულია 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე.
სამშენებლო დარგის სპეციალისტი, ინჟინერ-მშენებელი გიორგი შვანგირაძე ფიქრობს, რომ სერტიფიცირების გადავადებამ, გარდა იმისა, რომ მშენებლობის პროცესზე ნეგატიურად აისახება, უსაფრთხოების კუთხითაც შეიძლება დიდი პრობლემა შექმნას.
,,ძალიან ბევრი არაკვალიფიციური კადრია ბაზარზე, რომლის ცოდნასა და გამოცდილებაზე უამრავი ადამიანის უსაფრთხოებაა დამოკიდებული. შეიძლება, არქიტექტორს ეს იმდენად არ ეხება, მაგრამ მშენებელთან და ინჟინერთან დაკავშირებით სერტიფიცირების საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
წარმოუდგენელია პასუხისმგებლობა აჰკიდო დილეტანტს, რომელიც საერთოდ არ არის მშენებელი და შესაბამისი ცოდნა არ აქვს. კადრები ისედაც არ არის საკმარისი და როცა საქმეს არაკვალიფიციური ადამიანი ასრულებს, რისკი ერთიორად იზრდება. ათასობით მობინადრის უსაფრთხოებაზეა საუბარი. არც ერთ სფეროს არ ვაკნინებ, მაგრამ სხვა პროფესიის წარმომადგენლები არ უნდა იღებდნენ პასუხისმგებლობას მშენებლობაზე, არადა როცა კადრი არ ჰყავთ, ბუნებრივია, მათი ჩანაცვლება უწევთ.
ამიტომ სერტიფიცირება საშური საქმეა, გადავადება არაფრით შეიძლებოდა. ეს ნიშნავს, რომ არაკვალიფიციურ კადრს მომავალშიც მოუწევს მუშაობა სამშენებლო სექტორში. ნებისმიერ მომენტში შეიძლება ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნას, სადაც კვალიფიციური ცოდნა იქნება საჭირო, მაგრამ გამოცდილება არ ექნებათ საკმარისი, რამაც შეიძლება სამშენებლო პროცესი შეაფერხოს, ხოლო არასწორმა გადაწყვეტილებამ საერთოდ გამოუსწორებელი ზიანი გამოიწვიოს", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" გიორგი შვანგირაძემ.
მისი თქმით, სერტიფიცირებული კადრი მხოლოდ სამშენებლო სფეროს გამოწვევა არ არის და მთლიანად ქართული შრომის ბაზარზე ერთ-ერთი დიდი პრობლემაა.
,,პროფესიული კადრების გადამზადება ამ კუთხით შედეგს ნაკლებად იძლევა. საუბარია სპეციალისტებზე, რომლებიც უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა მოამზადონ. ვსაუბრობთ სამშენებლო სექტორზე, მაგრამ ყველა მიმართულებით არის პრობლემა. განსაკუთრებით ინჟიერ-მშენებლებსა და არქიტექტორებზეა გასამახვილებელი ყურადღება, რადგან მათ უზარმაზი შენობა-ნაგებობის უსაფრთხოება აბარიათ. არათუ საჭირო და აუცილებელი, არამედ სერფიტიფიცირება ამ მიმართულებით დაგვიანებულიცაა. სამწუხაროდ, ამ საკითხის გადასაჭრელად ვერც ამჯერად გამოჩნდა შესაბამისი მზადყოფნა", - განაცხადა გიორგი შვანგირაძემ ჩვენთან საუბრისას.
დეველოპერულ ბიზნესში კადრებთან დაკავშირებულ პრობლემაზე, დიდი ხანია, საუბრობენ. როგორც კომპანია ,,არსის" გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, უფრო ინჟინერ-მშენებლების კუთხით შეიმჩნევა პრობლემა, დაპროექტების ნაწილში კომპანიებს კადრების მოძიება არ უჭირთ.
,,სერტიფიცირება აუცილებელია, მაგრამ როცა სამშენებლო სფეროს კადრებზე ვსაუბრობთ, არქიტექტორებს პრობლემა ნაკლებად ეხება. ამ სპეციალობის ადამიანების მოძიება ნამდვილად არ არის პრობლემა, მაგრამ ინჟინერ-მშენებლების მხრივ ნამდვილად გვიჭირს. კვალიფიციური კადრი ნამდვილად ძალიან ცოტაა, ამიტომ არ მიმაჩნია სწორად, რომ რეგულაცია გადავადდა. ეს შეიძლება ხარისხზე პირდაპირ არ აისახება, თუმცა დროში იწელება სამუშაო და გარკვეული უარყოფითი გავლენა აქვს.
ბევრი გზა არსებობს იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას. მათ შორის, პოპულარიზაცია მოახდინონ და ადგილობრივი კადრების დაინტერესება მოხდეს, რაშიც უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად პროფესიული სასწავლებლების ჩართვაც მნიშვნელოვანია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ბესო ორთოიძემ.
შეგახსენებთ, სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებული არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება უნდა ამოქმედებულიყო 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, აღნიშნული ვადა მოგვიანებით 2024 წლის 1-ელ მარტამდე, შემდეგ კი 2025 წლის 1-ელ დეკემბრიდან გადავადდა. ბოლო ცვლილებებით, კანონის ამოქმედება 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან არის დაგეგმილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



