
ლარის სტაბილურობა წლის ბოლომდე გარანტირებულია. სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ კურსი 2,68-2,72 -ის ფარგლებში იტრიალებს. სტაბილურობის შესაძლებლობას ქმნის უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში, რის პარალელურად ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას აგრძელებს. არ არის გამორიცხული, წლის ბოლოს 6-მილიარდიანი ნიშნულისკენ წავიდეს რეზერვების საერთო მოცულობა. აშკარაა, რომ ლარს გამყარების პერსპექტივა კიდევ აქვს, მით უმეტრეს, რომ დოლარი დასუსტებას განაგრძობს.
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 175.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამჟამად ქვეყნის საერთაშირისო სავალუტო რეზერვები 5.6 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
მთელი 2025 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზეა ორიენტირებული. მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას აგრძელებს. მარტში - 101.7 მლნ-ის, აპრილში - 266.4 მლნ-ის, მაისში - 245.4 მლნ-ის, ივნისში - 266.0 მლნ-ის, ივლისში - 416.9 მლნ-ის, აგვისტოში - 199.6 მლნ-ის, ხოლო სექტემბერში 100.0 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-სექტემბერში წმინდა შესყიდვებმა 1 596.0 მლნ შეადგინა. ოქტომბრის სტატისტიკა კი 25 ნოემბერს გამოქვეყნდება.
ლარის სტაბილურობისთვის ახლა ერთ-ერთი მთავარი პირობაა პოლიტიკური სიტუაცია არ დაიძაბოს, ასევე რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარებაც გაცვლით კურსზე გარკვეულწილად იმოქმედებს.
ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ვარაუდობს, რომ ეროვნული ვალუტა სტაბილურობას მინიმუმ 15 იანვრამდე შეინარჩუნებს.
,,გაცვლითი კურსის გაუარესებას არ ველოდებით, გამყარებაზე თამამად ვერ ვისაუბრებ, თუმცა სტაბილურობა მიღწეულია. რეზერვები საკმაოდ შევსებულია, 5,5 მილიარდს არის გადაცდენილი, ამიტომ დეკემბერში კურსი იქნება 2,68-2,72 -ის ფარგლებში. ამის წინაპირობას ქმნის ის, რომ ფული შემოდის ქვეყანაში და ლარზე დიდი მოთხოვნაა. ეს ტენდენცია შენარჩუნდება, მინიმუმ, 15 იანვრამდე.
საშუალოვადიან პერიოდში ლარისთვის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება პოლიტიკური სტაბილურობა, თუკი არეულობის ნიშნები არ გამოიკვეთება, ქართულ ვალუტას არაფერი ემუქრება. მნიშვნელოვანი გარემოება არის დიდი სავალუტო რეზერვები, სებ-ი კურსთან დაკავშირებით ვითარებას აკონტროლებს და ეს მნიშვნელოვანია. საქართველოს სავალუტო ბაზარზე დადებითად მოქმედებს ისიც, რომ გლობალური მასშტაბით დოლარი შესუსტებას განაგრძობს", - აღნიშნა ნიკა შენგელიამ და დასძინა, რომ დოლარი თუ გაძვირდება და მისი ინდექსი მოიმატებს, შესაძლოა, მცირე სხვაობა აქაც აისახოს, მაგრამ ლარს ჯერჯერობით გაუფასურების მიმართულებით არაფერი ემუქრება.
მისივე ვარაუდით, ბევრი რამ გრძელვადიან პერიოდში დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ სიტუაციაზე, მაგალითად, ამოქმედდება თუ არა სანქციები, ინვესტიციების შემოდინება და სხვა.
,,ცხადია, გასათვალისწინებელია ისიც, როგორი პოლიტიკური ვითარება იქნება საქართველოში, ასევე რუსეთ-უკრაინის ფრონტზე შექმნილი მდგომარეობაც. კურსზე, ძირითადად, მაინც უცხოეთიდან შემოსული ტრანზაქციები მოქმედებს. 20 მილიარდ ლარამდე შემოდის ყოველწლიურად, ეს ის ფულია, რომელიც არ წარმოქმნილა საქართველოში; ხოლო რაც შემოდის აღურიცხავი ფული, მათ შორის ბიტკოინის სახით, ეს ცალკე საკითხია. ყველა პირობაა, რომ ლარის სტაბილკურობა შენარჩუნდეს, საგრძნობ გამყარებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის, თუმცა სტაბილურობა აშკარად მიღწეულია", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ნიკა შენგელიამ.
ანალოგიური მოსაზრებისაა ფინანსისტი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც ფიქრობს, რომ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ტურიზმი აქტიურია ქვეყანაში და შემოდინებების მოცულობა მზარდ დინამიკას ინარჩუნებს.
,,ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან სარეკორდო რაოდენობის უცხოური ვალუტა შეისყიდა და 5,5-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა, რაც ისტორიული მაჩვენებელია. სებ-ი ამას ბრმად არ აკეთებს, ამის საჭიროება რეალურად იყო. ვფიქრობ, ლარს მოკლევადიან პერიოდში არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ტურიზმი აქტიურობას წლის ბოლომდეც შეინარჩუნებს და საერთოდაც არანაირი რისკი არ იკვეთება.
ხანდახან ხდება ხოლმე მოკლევადიანი გაუფასურებაა, მაგრამ ამას ტენდენციური ხასიათი არ აქვს. ვფიქრობ, 2,70-ის ფარგლებში იქნება კურსი, რაც მისთვის წონასწორობის ნიშნულად მიიჩნევა. ნოემბერ-დეკემბერში ლარზე მოთხოვნა ტრადიციულად მატულობს და ესეც გამყარებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების ძალიან პოზიტიური მოლოდინია. ეს კიდევ ერთი ფაქტორია, თუ როგორ ახდენს ეკონომიკური ზრდა ზეგავლენას საერთაშორისო სავალუტო რეზერვებზე. როგორც ვიცით, ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 175 მილიონი დოლარით გაიზარდა და 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ესეც ეკონომიკური სტაბილიზაციის და ეროვნული ბანკის სწორი მონეტარული პოლიტიკის მანიშნებელია", - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".
ამდენად, ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის ორიენტირებულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე-ოქტომბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.4%-ს (920.6 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 420.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 5 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
რაც შეეხება ლარის კურსს, 10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7065 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.10 თეთრით გამყარდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



