ნატალია ჯვარიძე
(10.11.2025)

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კრემლი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ნატო-ს წითელ ხაზებს სცდის. ზელენსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სრულიად შესაძლებელია, რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებამდე მეორე ფრონტი გახსნას სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ.

„მე ასე მჯერა. მას ამის გაკეთება შეუძლია. ჩვენ უნდა დავივიწყოთ საერთო ევროპული სკეპტიციზმი, რომ პუტინს ჯერ უკრაინის ოკუპაცია სურს და შემდეგ შეიძლება სხვაგან წავიდეს. მას ორივეს ერთდროულად გაკეთება შეუძლია", - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ის მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უკრაინა რუსული დრონებისგან დაიცვას. ამასთან, მისი თქმით, ჯერჯერობით, გაერთიანებული სამეფო და სხვა მოკავშირეები გამორიცხავენ გამანადგურებლების გაგზავნას ქვეყნის ცენტრალური და დასავლეთი ნაწილის ცის პატრულირებისთვის - რასაც კიევი დიდი ხანია ითხოვს.

უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, სურს ამერიკელი მწარმოებლებისგან Patriot-ის 27 საჰაერო თავდაცვის სისტემის შეკვეთა. მანამდე, მისი თქმით, ევროპულ სახელმწიფოებს შეუძლიათ უკრაინას ის Patriot-ები „ასესხონ", რომელიც მათ აქვთ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ქვეყნების მიმართ რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, განსაკუთრებით პოლონეთის წინააღმდეგ.

„სამწუხაროდ, ზელენსკის ვარაუდი სრულიად რეალურია და არახალია. საფრთხის ქვეშ არიან: ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, ესტონეთი და ბელგია. ამ ქვეყნების მიმართ ჰიბრიდული ომი ფაქტობრივად, უკვე მიმდინარეობს. მოკლედ, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ქვეყნებზეა ლაპარაკი და რა თქმა უნდა, მოლდოვას ჩათვლით.

რუსეთი ახორციელებს ჰიბრიდულ ომს სამხედრო ელემენტების გამოყენებით. განსაკუთრებით ეს ეხება პოლონეთს, სადაც საკუთარი თვალით ვიხილე",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე